განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 17.02.2011
საქმის ნომერი
2კ-22აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2011

გადაწყვეტილების ტექსტი

22აპ-11 ქ. თბილისი

17 თებერვალი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ყ. ძ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ყ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3221-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ყ. ძ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

... ფედერაციის მოქალაქეს, ... მცხოვრებ ყ. ძ-ს სურდა რა კომერციული მიზნით ... ფედერაციიდან ... რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოსვლა საკუთარი სატვირთო ა/მანქანით, 2010 წლის 31 აგვისტოს ... გაემგზავრა ... რესპუბლიკაში, სადაც დაბა ..., ა/მანქანა დატვირთა სამშენებლო ქვიშით და იმავე დღეს გამოემართა .... ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი წესის დარღვევით, იგი ... გვირაბის გავლით შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩავიდა ..., საიდანაც 2010 წლის 1 სექტემბერს ცდილობდა ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მოხვედრას, რა დროსაც დაახლოებით 12 საათზე, ... რაიონის სოფელ ..., როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ყ. ძ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ყ. ძ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ყ. ძ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ეჭვმიტანილის დაკავების ოქმით, მოწმეების – ა. ა-ს, ჯ. ო-ს ჩვენებებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების _ ამოღების კანონიერად ცნობის დადგენილებით, განსასჯელ ყ. ძ-ს პასპორტის ასლითა და თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მსჯავრდებულ ყ. ძ-ს მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, რაც ასევე გულისხმობს, რომ ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს პირის პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე შემამუბუქებელი გარემოებები.

საქართველოს სსსკ-ის 475-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე.

საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულ ყ. ძ-ს ადვოკატმა დაცვით სიტყვაში მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიუთითა იმაზე, რომ ყ. ძ-ს კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი _ სამი შვილი, მეუღლე და პენსიონერი დედა. სასამართლო განხილვისას აღნიშნული გარემოების შეუფასებლობამ კი გავლენა მოახდინა სამართლიანი განაჩენის დადგენაზე, რაც, სსსკ-ის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევაა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან საკასაციო ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები საკასაციო ინსტანციით საქმის განხილვისას, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ყ. ძ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.