საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.05.2011
საქმის ნომერი
2კ-204აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

204აპ-11 19 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:

სახელმწიფო ბრალმდებელ _ პროკურორ ვ. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორ ვ. ა-სა და განსასჯელ ა. თ-ს შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი _ 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი _ 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 6 თვე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მან სასჯელის ნაწილი _ 2 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. ა. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 თებერვლიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.