საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.06.2011
საქმის ნომერი
2კ-206აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

206აპ-11 ქ. თბილისი

2 ივნისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განაჩენზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით; სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6500 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ დ. ქ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 მარტიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 21 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და დ. ქ-ეს სამოქალაქო მოსარჩელე ნ. რ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ. ბ-ესა და განსასჯელ კ. ქ-ას შორის, რომლის თანახმად, კ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 7000 ლარი. კ. ქ-ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 21 იანვრიდან 23 მარტის ჩათვლით, 2010 წლის 2 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით. გაუქმდა კ. ქ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ სახლს, მდებარე რუსთავში, მე--- მ\რ-ნის მე--- კორპუსი, ბინა ¹---, მოეხსნა ყადაღა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.