დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-14-I-10 15 ივნისი, 2010 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2010 წლის 10 მარტს მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად დ. გ-მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ განაჩენის ასლი ჩაჰბარდა დაგვიანებით, რის გამოც საკასაციო საჩივრის შედგენისა და დამოწმებისათვის მხოლოდ შვიდი სამუშაო დღე დარჩა. იმავე პერიოდში გარდაეცვალა დის ქმარი, რის გამოც მოუწია ქალაქიდან გასვლა, უკან დაბრუნებულს კი, სავარაუდოდ გადატანილი ნერვიულობის შედეგად, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველს, ადვოკატ დ. გ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში. როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, აღნიშნულ ვადაში არც ბრალდების მხარისა და არც დაცვის მხარის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მა თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მას განაჩენის ასლი ჩაჰბარდა დაგვიანებით, რის გამოც საკასაციო საჩივრის შედგენისა და დამოწმებისათვის დარჩა მხოლოდ შვიდი სამუშაო დღე. იმავე პერიოდში გარდაეცვალა დის ქმარი და მოუწია ქალაქიდან გასვლა, გადატანილი სტრესის შედეგად გახდა შეუძლოდ. გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, რის გამოც გაუშვა საკასაციო გასაჩივრების ვადა.
ადვოკატ დ. გ-ისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლიდან გამომდინარე, ცნობილი იყო, რომ საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. კასატორის მიერ კერძო საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რომელთა მიხედვით მან კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა გაუშვა იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ განაჩენის ასლი მას ჩაჰბარდა დაგვიანებით, ხოლო ამ მომენტისათვის მას მოუწია ქალაქიდან გასვლა ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო, მომხდარმა ფაქტმა კი არსებითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე, ამასთან, განაჩენის ჩაბარების დროისათვის ის უკვე მონაწილეობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან დ. კ-ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობების შესაბამისად, მართალია, ადვოკატ დ. გ-ს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 27 იანვარს დ. კ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის ასლი გადაეცა 17 თებერვალს, მაგრამ მსჯავრდებულმა იგი ჩაიბარა 8 თებერვალს, რაც ადვოკატ დ. გ-ს აძლევდა იმის დროს და შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში გასცნობოდა და გამოეყენებინა იგი საკასაციო საჩივრის შესადგენად. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ თუ დ. გ-ს შეუძლოდ ყოფნა ხელს არ უშლიდა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაში, არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მისთვის დამაბრკოლებელი გარემოება, რათა დროულად შეეტანა საკასაციო საჩივარი დ. კ-ის ბრალდების საქმეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველს, ადვოკატ დ. გ-ს უარი ეთქვა მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ დ. კ-ის დამცველს, ადვოკატ დ. გ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.