საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.12.2010
საქმის ნომერი
2კ-28-I-10
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.12.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-281-10 6 დეკემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის დადგენილებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმე განსასჯელ ა. გ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის I ნაწილით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას.

ა. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო დარჩა უცვლელად.

აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და კერძო საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.