დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
7I-11 23 მარტი, 2011 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ისა და მისი დამცველი ადვოკატების _ ვ. თ-ისა და მ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. ც-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. იმავე განაჩენით გ. ც-ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2011 წლის 26 იანვარს მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ვ. თ-მ და მ. ბ-მ საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. საჩივარში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად ადვოკატებმა მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ მათსა და მსჯავრდებულის ოჯახის წევრს _ ი. ს-ს შორის ახალი შეთანხმება მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დაცვის თაობაზე გაფორმდა 2010 წლის 24 დეკემბერს, საღამოს საათებში, ხოლო საკასაციო გასაჩივრების ვადა გადიოდა 26 დეკემბერს, რომელიც იყო არასამუშაო. აღნიშნულის გამო ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის ხელმოწერის დადასტურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ-ი ც-ს ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ ვ. თ-სა და მ. ბ-ს უარი ეთქვათ საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულ გ. ც-მა და მისმა დამცველმა ადვოკატებმა _ ვ. თ-მ და მ. ბ-მ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით ისინი ითხოვენ საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში, რის შესახებაც ცნობილი იყო მსჯავრდებულ გ. ც-ისა და მისი ადვოკატებისათვის. ამდენად, კასატორების მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ საკასაციო გასაჩივრების ვადა გაშვებულია იმ მიზეზით, რომ ახალი შეთანხმება დაიდო გასაჩივრების ვადის გასვლის მიწურულს, რის გამოც ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის ხელმოწერის დადასტურება, ვერ ჩაითვლება საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ც-სა და მის დამცველ ადვოკატებს _ ვ. თ-სა და მ. ბ-ს უარი ეთქვათ მათ მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გიორგი ც-სა და მისი დამცველი ადვოკატების _ ვ. თ-სა და მ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ ვ. თ-სა და მ. ბ-ს უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.