დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
15/საზ-10 ქ. თბილისი
24 ივნისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვისა და სასჯელის შემცირების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
ნ. ს-ე საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ნ. ს-ეს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 ივლისიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ნ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ. ა-ი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. იგი საჩივარში აღნიშნავს, რომ 2010 წლის 23 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლს დაემატა 11-ლი ნაწილი, რომლითაც: «თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს რამდენიმე დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე, ერთი ძირითადი სასჯელის გარდა, დანარჩენი ძირითადი (სასჯელები) ინიშნება ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე ვადით და ისე ხდება მათი შეკრება საბოლოო სასჯელის დანიშვნისას». ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, შეიცვალა ანუ შემსუბუქდა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესი, იგი უნდა გავრცელდეს ნ. ს-ის მიმართაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 59-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 11-ლი ნაწილი:
,,11. თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს რამდენიმე დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე, ერთი ძირითადი სასჯელის გარდა, ხოლო თუ ინიშნება თანაბარი სიმძიმის რამდენიმე სასჯელი, _ ერთ-ერთი მათგანის გარდა, დანარჩენი ძირითადი სასჯელი (სასჯელები) ინიშნება ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე ვადით და ისე ხდება მათი შეკრება საბოლოო სასჯელის დანიშვნისას».
ამავე კანონის მეორე მუხლის თანახმად: ,,ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული».
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებული კანონით დადგენილი წესის მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიმართ გავრცელების თაობაზე, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.