დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.03.2011
საქმის ნომერი
11საზ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
31.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

11აგ-11 თბილისი

31 მარტი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი დ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მაისის განაჩენით დ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მაისის განაჩენი, დ. კ-ს მიმართ, დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა დ. კ-მ 2011 წლის 1 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მაისის განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული ბრალდებულის დაკითხვის ოქმი შეცვლილია. მან დაკითხვისას აღნიშნა, რომ საჭიროებდა ადვოკატს, ხოლო პროკურორმა მის მინაწერს თავისი ხელით მიაწერა სიტყვა „არ“. ამასთან, მისთვის არ გადაუციათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის ბრძანება დაპატიმრების თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაემატა დადგენილება მისი ჩხრეკის თაობაზე, მაშინ, როდესაც მას არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებია და არანაირი ნივთიერი მტკიცებულება მისგან არ ამოუღიათ. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მისთვის გაურკვეველია, 2007 წლის 4 მარტს მოსამართლე რ. ნადოიმ რატომ გასცა ნაადრევი დადგენილება მისი დაკავების თაობაზე.

დ. კ-ს აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მაისის განაჩენი, სადაც აღნიშნულია, რომ იგი გულწრფელად აღიარებდა დანაშაულს, არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლო პროცესი დასრულდა ადვოკატის დაუსწრებლად. მოგვიანებით მან თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენზე დაწერა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ იგი სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა. დ. კ-ა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მაისის განაჩენში მითითებულია ვინმე თ. კ-ა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს მის საქმესთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით დ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული დ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მაისის განაჩენის გადასინჯვას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.