სისხლის სამართლის 17.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

4I-09 17 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ქ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 23,362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება იმის გამო, რომ კონკრეტულ საქმეზე დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 6804-ე მუხლის მერვე ნაწილით განსაზღვრული პატიმობის ვადა. კერძოდ, საქმის პირველი ინსტანციით სასამართლო განხილვის დროს ქ. კ-ს მიმართ დაირღვა პატიმრობის 12-თვიანი ვადა 1 თვითა და 23 დღით, ისე, რომ პატიმრობის ვადა არ გაგრძელებულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ კანონის შესაბამისად. აღნიშნული დარღვევის გამო მოსამართლე გ. ფ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დ. ე. მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გ. ფ-ს მიმართ შეწყდა საქმის წარმოება მისი გარდაცვალების გამო, ხოლო დ. ე-სთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

ქ. კ-მ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისა და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, ქ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.