გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
211-09 16 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი,დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ნ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. რ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის დადგენილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც იგი ითხოვს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმებასა და ბ. ნ-ძის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივლისის განჩინების ძალაში დატოვებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 სექტემბრის განაჩენით, ბ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის I ნაწილით (ძვ. რედაქცია) _ 1 წლით, ხოლო 96-ე მუხლის II ნაწილის I, V პუნქტებით (ძვ. რედაქცია) _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით, შთანთქმის პრინციპით, ბ. ნ-ძეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2000 წლის 16 თებერვლიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის განაჩენით, ბ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით, 19, 379-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბ. ნ-ძეს განესაზღვრა 9 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2001 წლის 9 აპრილიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 აპრილის განაჩენით, ბ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის I, VII ნაწილებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ბ. ნ-ძეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2000 წლის 16 თებერვლიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის დადგენილებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 9 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთას _ მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ ბ. ნ-ძეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის დადგენილება ბ. ნ-ძის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და კერძო საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, კერძო საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო კერძო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ნ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. რ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის დადგენილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც იგი ითხოვს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმებასა და ბ. ნ-ძის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივლისის განჩინების ძალაში დატოვებას, არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.