დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.04.2006
საქმის ნომერი
2კ-501აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 501-აპ 26 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ზ. მეიშვილი

განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ის, დაზარალებულების _ შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის» დირექტორ ზ. ა-ისა და ბაღდათის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსის _ თ. ი-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც განსასჯელი ლ. კ. გამართლდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ლ. კ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

საბრალდებო დასკვნით ლ. კ-ს ბრალად ედებოდა ისეთი დანაშაულის ჩადენა, როგორიცაა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლისა და გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2002 წლის დეკემბრიდან2004 წლის 29 მარტამდე ლ. კ. იყო შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის”დირექტორი, რომლის ასპროცენტიანი წილი ეკუთვნის სახელმწიფოს. 2003 წლის მაისში,ზუსტი თარიღი დაუდგენელია, «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის» დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას მან დაარღვია 2000 წლის 27 მარტის ¹31-3\198 საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული დებულება «სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ» და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ბაღდათის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის განყოფილებასთან შეუთანხმებლად დაშალა შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის” შენობისათვის გამოუყენებელი ნაწილი, კერძოდ, საავადმყოფოს ბალანსზე რიცხული საქვაბე, სამრეცხაო, ავტოფარეხი და სასადილოს კორპუსი, რის შედეგადაც დარჩენილი ვარგისისამშენებლო მასალა2004 წლის ივნის-ივლისის თვეებში გაყიდა კერძო პირებზე, შემოსული თანხა კი დებულების დარღვევით შეატანინა შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის” ბუღალტერიაში, თანხის ნაწილი გაფლანგა, ხოლო ნაწილი კი მიითვისა. 2003 წლის მაის-სექტემბერში ლ. კ-მ, ბაღდათის რაიონული სამედიცინო ცენტრის დანგრეული სამეურნეო შენობებიდან ამოღებული ვარგისი სამშენებლო მასალის აღრიცხვისა და ამავე საწარმოს ბალანსზე აყვანის მიზნით, დაამზადა და გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რაც გამოიხატა იმ დროისათვის უკვე დანგრეული სამეურნეო ნაწილის თითქოსდა დანგრევის, ამოღებული სამშენებლო მასალის აღრიცხვისა და საწარმოო ბალანსზე აყვანის თაობაზე შედგენილი ოფიციალური დეკუმენტების გაყალბებასა და გამოყენებაში. 2004 წლის 2 მარტს, შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის” ტერიტორიაზე 472 ლარად ღირებული 3149 კილოგრამი შავი ლითონის ჯართის «უაზის» მარკის სატვირთო ავტომობილზე დატვირთვისას, ლ. კ. დააკავეს ბაღდათის პოლიციის მუშაკებმა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენით ლ. კ. გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.აღნიშნული განაჩენი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. კ-მა, დაზარალებულებმა _ ზ. ა-მ და თ. ი-მაგაასაჩივრეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი. კ. სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ლ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ ბაღდათის რაიონული სასამართლო საქმის განხილვისას იყო ტენდენციური,საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოკვლეული და შეფასებულ იქნა ცალმხრივად, არაობიეტქურად, ამასთან, სასამართლომ პროცესში მონაწილე პროკურორს შეუზღუდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 445-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მინიჭებული უფლებები.

დაზარალებული ზ. ა. სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რ. კ-ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის განყოფილებას ლ. კ-ისათვის არ მიუცია არც წერილობითი და არც სიტყვიერი ნებართვა საავადმყოფოს ბალანსზე რიცხული საქვაბის, სამრეცხაოს, ავტოფარეხისა და სასადილოს კორპუსის ჩამოწერაზე. მიუხედავად ამისა, ლ. კ-მ თვითნებურად დაშალა აღნიშნული შენობა-ნაგებობანი, ხოლო დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ვარგისი სამშენებლო მასალა კი მიჰყიდა კერძო პირებს.

დაზარალებული თ. ი. თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ლ. კ-მ შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის» დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას დაარღვია 2000 წლის 27 მარტის ¹31-3\198 საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული დებულების «სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ» მოთხოვნები, რომლისმიხედვით, სახელმწიფოს წილობრივი, მით უმეტეს, 100 _ პროცენტიანი წილით, არსებულ საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით. ლ. კ-ს კი ასეთი თანხმობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის განყოფილებისაგან არ მიუღია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიიღო აშკარად დაინტერესებული და მიკერძოებული გადაწყვეტილება.

ლ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ. შესაგებლით ითხოვდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. კ-მა გამართლებულ ლ. კ-ს მოუხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებისა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და მოითხოვა, რომ ლ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, როგორც სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მან წარუდგინა სასამართლოს ლ. კ-ის მიმართ ახალი ბრალდების ფორმულირება. დაზარალებულებმა _ ზ. ა-მ და თ. ი-მა მხარი დაუჭირეს პროკურორ ი. კ-ის პოზიციას და მოითხოვეს ლ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლის საფუძველზე.

გამართლებულმა ლ. კ-მ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა თავისი დაცვის დასაბუთებული პოზიცია მისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან მიმართებით, რა დროსაც, შესაბამის არგუმენტებზე დაყრდნობით, უარყო მის მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, აღნიშნა, რომ ეს ბრალდებაც ისეთივე უსაფუძვლოა, როგორც მის მიმართ წინათ წარდგენილი ბრალდება. თავის საბოლოო სიტყვაში ლ. კ-მ სააპელაციო სასამართლოს სთხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, არ გაიზიარა რა ბრალდების მხარის წარმომადგენელთა მოთხოვნა ლ. კ-ის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, 2005 წლის 9 აგვისტოს განაჩენით არ დააკმაყოფილა მათ მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრები, ხოლო ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი ლ. კ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. კ-მა, დაზარალებულებმა _ ზ. ა-მ და თ. ი-მა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლებითაც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას ხელახლა განხილვისა და ლ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კასატორების მიერ წარმოდგენილი პოზიციის მიხედვით, ლ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, როგორც სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმ საფუძვლით, რომ ლ. კ-ს საავადმყოფოს ბალანსზე არსებული სამრეცხაოს, ავტოფარეხებისა და დაუმთავრებელი სასადილო კორპუსის დემონტაჟის თაობაზე ამ შენობა-ნაგებობების ჩამოწერის, დაშლისა და რეალიზაციის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიული ორგანოს თანხმობა არ მიუღია, არც მუდმივმოქმედი კომისია შექმნილა და არც დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტის ჩამოწერისათვის საჭირო სათანადო ექსპერტიზის დასკვნა არსებულა.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ჩ-მა და დაზარალებულმა თ. ი-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს. მათი განმარტების მიხედვით, ლ. კ-მ შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის» დირექტორად მუშაობისას, სათანადო ნებართვის გარეშე და დადგენილი წესის დარღვევით, დაანგრია და მოახდინა დემონტაჟი აღნიშნული ორგანიზაციის დამხმარე სამეურნეო ნაგებობებისა, ხოლო დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალა და ჯართი უკანონოდ გაასხვისა კერძო პირებზე, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სამედიცინო ცენტრს. პროკურორმა რ. ჩ-მა და დაზარალებულმა თ. ი-მა ითხოვეს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

გამართლებულმა ლ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ც-მ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს, ვინაიდან ისინი მიაჩნიათ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. ლ. კ-ის განმარტებით, მას არ უმოქმედია მისდამი ქვემდებარე ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ და თავისი მოქმედებით ზიანი არ მიუყენებია ამ ორგანიზაციისათვის. თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მან წარმოადგინა სათანადო არგუმენტები. საბოლოოდ ლ. კ-მ ითხოვა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 9 აგვისტოს მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელად, რასაც მხარი დაუჭირა მისმა დამცველმა ფ. ც-მ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები ლ. კ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ვერ დასტურდება როგორც წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. კ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ თვით ბრალდების მხარემ დაუდასტურებლად ცნო წინასწარი გამოძიების სტადიაზე ლ. კ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც სააპელაციო ინსტანციაში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოხსნა ეს ბრალდება და, შეცვალა რა იგი უფრო მსუბუქი ბრალდებით, მოითხოვა ლ. კ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ვინაიდან მიიჩნია, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო ორგანიზაციაში (შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრი») ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა სასამართლოს წარუდგინა ახალი ბრალდების ფორმულირებაც. ამ ბრალდების ირგვლივ სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული გამოძიებით ვერ დადგინდა ლ. კ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელ განაჩენში სწორად მიუთითა: მართალია, ლ. კ-მ ქონების მართვის რაიონული სამმართველოსგან სათანადო ნებართვის მიუღებლად მოახდინა ამორტიზებულ ნაგებობათა ლიკვიდაცია და ამის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალისა და ჯართის გასაღება, მაგრამ აქედან შემოსული თანხა მთლიანად შეიტანა შპს «ბაღდათის სამედიცინო ცენტრის» ბუღალტერიაში და მის ანგარიშზე ჩარიცხა. არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ლ. კ-მ რაიმე თანხა ან მატერიალური ფასეულობა მიითვისა, ანდა, რომ მისი ქმედებით პირადად მან ან სხვამ რაიმე უპირატესობა მოიპოვა, რის გამოც მისი მხრივ გამორჩენის მიზნით მოქმედებაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ლიკვიდრებული დამხმარე ნაგებობებიიყო მთლიანად ამორტიზებული და სათანადო კომისიის, აგრეთვე აუდიტის დასკვნით _ გამოუსადეგარი და ნგრევის მდგომარეობაში მყოფი, არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მათი ლიკვიდაციით ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ ბრალმდებელი მხარე ვერ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ლ. კ-ის გამორჩენის მიზანი, ან ვინ და რა უპირატესობა მოიპოვა მისი მოქმედებით, ხოლო რეალურად ზიანის არსებობა არ დასტურდება.

ამრიგად, არსებობს დასაბუთებული და კანონიერი საფუძველი დასკვნისათვის, რომ ლ. კ-ს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 9 აგვისტოს მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ _ ი. კ-ის, დაზარალებულების _ ზ. ა-ისა და თ. ი-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 9 აგვისტოს ლ. კ-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.