დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.06.2006
საქმის ნომერი
2კ-518აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

518-აპ 29 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზ. მეიშვილი,მ. ოშხარელი

განიხილა მსჯავრდებულების _ ნ. ჩ-სა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენით დ. გ-ძე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 თვე და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 8 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა 5 წლამდე.

ამავე განაჩენით ნ. ჩ-ძე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით გ. გ-ძე, მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რისი აღსრულებაც სსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე გადაევადა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

აღნიშნული განაჩენით დ. გ-ეს მსჯავრი დაედო ძარცვისა და ყაჩაღობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. გ-ძე 2003 წლის 13 ნოემბერს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე _ 2004 წლის 18 მაისს, მანვე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, არაერთგზის კვლავ ჩაიდინა ძარცვა, კერძოდ, 2004 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. ბათუმში, --- ქ. ¹--ში მდებარე ლუდის ბართან მყოფ ა. თ-ეს დროებითი სარგებლობისათვის, თითქოსდა მეგობართან დაკავშირების მიზნით გამოართვა უცხოური წარმოების «სამსუნგის” მარკის მობილური ტელეფონი ღირებული, 250 ლარად, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა მას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე გ. გ-სა და დ. ჩ-სთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. ბათუმში, --- ქუჩაზე, დ. გ-ძე, გ. გ-სა და ნ. ჩ-სთან შეთანხმებით, ჯგუფურად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა დაზარალებულ მ. ს-ას, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ, დანის გამოყენებითა და თავში ქვის ჩარტყმით მ. ს-ას მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ამასთან ძალის გამოყენებით დაზარალებულს კისრიდან ჩამოგლიჯა ოქროს ძეწკვი, ღირებული 200 ლარად და წაართვა მობილური ტელეფონი «სიმენსი ცე-45», ღირებული 140 ლარად, ანგარიშზე არსებული 14 ლარიანი ავანსით. აღნიშნული ნივთები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანმხლებ პირებთან ერთად გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულ მ. ს-ას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 354 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ტ. ნ-ემ, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-ემ და მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-ემ.

მსჯავრდებულ გ. გ-ეს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ტ. ნ-ძე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი არის უკანონო და აშკარა ლმობიერი.

მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. პ-ძე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და ნ. ჩ-სათვის პირობითი მსჯავრის შეფარდებას, იმ მოტივით, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი მამა. აპელანტის განმარტებით, ნ. ჩ-ეს ყაჩაღობა არ ჩაუდენია, რაც დადასტურებულია თვით დაზარალებულის ჩვენებით, ამიტომ იგი უნდა გამართლდეს ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ბ-ძე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და დ. გ-ის გამართლებას ყაჩაღობის ეპიზოდში იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა დ. გ-ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, ადვოკატი პ. ბ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დ. გ-სათვის სასჯელის შემსუბუქებასა და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას იმ მოტივით, რომ დ. გ-ემ დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, აღიარებს და ინანიებს ჩანადენს, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი დედ-მამა, ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ორი ინვალიდია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ რ. პ-სა და მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ პ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ტ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დ. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 თვე და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 8 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა _ დ. გ-ემ და ნ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას

მსჯავრდებული ნ. ჩ-ძე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და პირობითი მსჯავრის შეფარდებას იმავე მოტივებით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

მსჯავრდებული დ. გ-ძე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

მსჯავრდებული გ. გ-ძე განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირა ნ. ჩ-ის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ ნ. ჩ-სათვის პირობითი მსჯავრის შეფარდება და მისი გამართლება ყაჩაღობის ეპიზოდში იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნ. ჩ-ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.

მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მა მხარი დაუჭირა თავის დაცვის ქვეშ მყოფის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს იმ მოტივით, რომ ისინი უსაფუძვლოა და ასეთი მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მისი აზრით საქმეში მოიპოვება საკმარისი და კანონიერი მტკიცებულებები მსჯავრდებულთა ბრალის დადასტურებისათვის. მან იშუამდგომლა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულებისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

მსჯავრდებულების მიერ მათთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია წინასწარი გამოძიებისას მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის ბრალის აღიარებით გამოცხადების ოქმით, მისი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით, ასევე დაზარალებულების _ ა. თ-სა და მ. ს-ას მიერ როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებებით მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ისეთი საფუძვლიანი არგუმენტი, რის გამოც სასამართლოს დასკვნები ნ. ჩ-სა და დ. გ-ის ბრალეულობის თაობაზე შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ დამდგარიყო.

სააპელაციო სასამართლომ, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, გულმოდგინებით გაარკვია განსასჯელების როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი, რის საფუძველზეც კანონიერად ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ დ. გ-სა და ნ. ჩ-ის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის უტყუარი და სარწმუნო მათთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ, მხარეთა უშუალო მონაწილებით, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და უდავოდ მიიჩნია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ იმ გარემოებებს, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში არის მითითებული, ისინი მთლიანად გაითვალისწინა განაჩენის გამომტანმა სასამართლომ და მსჯავრდებულებს - ნ. ჩ-სა და დ. გ-ეს განუსაზღვრა კანონიერი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

სააპელაციო პალატამ, გაითვალისწინა რა მსჯავრდებულების პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მათ სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის ზედმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. გ-ეს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განაჩენი კანონიერია, რომლის შეცლის საფუძველიც არ არსებობს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმებისათვის, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ნ. ჩ-სა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულების _ ნ. ჩ-სა და დ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.