დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.06.2006
საქმის ნომერი
2კ-18კოლ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 18-კოლ 8 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. თოდრია

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების _ გ. და ჯ. ჯ-ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ი-ის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-სა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ხ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით:

ჯ. ჯ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ა», «თ», «კ» პუნქტებითა და 19,109-ე მუხლის «ა», «კ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

გ. ჯ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ» და «კ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 00.45 საათზე, მამა-შვილი გ. და ჯ. ჯ-ები იმყოფებოდნენ ქ. გორში, ---ის ქუჩაზე მდებარე კინოთეატრ «---სთან». იმავდროულად იქვე იმყოფებოდნენ ზ. და ვ. თ-ები და ს. რ-ძე. ურთიერთშორის მომხდარი შელაპარაკებისას ჯ. ჯ-ემ მამასთან გ. ჯ-სთან ერთად განიზრახა ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით ორი პირის დამამძიმებელ გარმოებებში განზრახ მკვლელობა თანნაქონი დანით. მოქმედებდა რა ორი პირის _ ზ. და ვ. თ-ების მოკვლის ერთიანი განზრახვით, მამასთან ერთად ვ. თ-ლს მიაყენა სამი შემავალი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მოქმედებდა რა ორი ან მეტი პირის მოკვლის ერთიანი განზრახვითა და ხულიგნური ქვენაგრძნობით, იმავე დანით ჯ. ჯ-ემ ზ. თ-ლს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა ლოყის მარცხენა ნახევარში, რის შემდეგაც ჯ. და გ. ჯ-ები მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

ჯ. ჯ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ», «კ» პუნქტებით და მე-19,109-ე მუხლის «ა», «კ» პუნქტებით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე და 120-ე მუხლებზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 120-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ჯ. ჯ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

გ. ჯ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ», «კ» პუნქტებით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით, ჯ. და გ. ჯ-ების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 00.45 საათზე, მთვრალმა გ. და ჯ. ჯ-ებმა გორის ცენტრში, კინოთეატრ «---სთან», აიყვანეს ტაქსი. მანქანის დაძვრისას ჯ. ჯ-ძე ცუდად გახდა, გადავიდა მანქანიდან და გავიდა კინოთეატრ «---ის» უკანა მხარეს, ხოლო გ. ჯ-ძე, რომელიც იჯდა მძღოლის გვერდით, გადმოვიდა მანქანიდან, დაეყრდნო მანქანის კარს და უცდიდა შვილს. ამავე დროს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ტაქსიდან გადმოვიდნენ მთვრალები _ ს. რ-ძე, ვ. და ზ. თ-ები. ერთ-ერთი გ. ჯ-ის მხრიდან მიუახლოვდა ტაქსს და მძღოლს სთხოვა სოფელში წაყვანა, რაზეც მან უარი განუცხადა. აღნიშნულის თაობაზე ტაქსთან მისულ პირსა და გ. ჯ-ეს შორის მოხდა შეკამათება, რაც გადაიზარდა ამ უკანასკნელსა და სამ პირს შორის ხელჩართულ ჩხუბში, რა დროსაც გ. ჯ-ემ თანნაქონი დანით ვ. თ-ლს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის მუცლის ღრუში სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ჭრილობა მსხვილი და წვრილი ნაწლავების დაზიანებით. ამის შემდეგ ჩხუბში ჩაერთო ჯ. ჯ-ძე, რომელმაც თავის მხრივ თანნაქონი დანით ჯერ ზ. თ-ლს ლოყის მარცხენა ნახევარში მიაყენა მსუბუქი ხარისხის ორი ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო შემდეგ ვ. თ-ლს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის _ სიცოცხლისათვის შეუფარდებელი ორი შემავალი ჭრილობა გულმკერდის ღრუში, მარცხენა ნახევარში გულისა და მარცხენა ფილტვის დაზიანებით, რამაც გამოიწვია ვ. თ-ის სიკვდილი.

მსჯავრდებულების _ გ. და ჯ. ჯ-ების ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ი-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა მიმართ საქმის შეწყვეტას, დანაშაულის არარსებობის გამო.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ. ლ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლოში დაბრუნებას სასამართლოს მიერ დამნაშავეთა ქმედების არასწორი კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის მათ ქმედებასა და პიროვნებებთან შეუსაბამობის გამო.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ხ. კ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების _ გ. და ჯ. ჯ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ხ. კ-მა ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და აშკარად ლმობიერი, რასაც დაეთანხმა დაზარალებული ზ. თ-ლი.

პროკურორმა რ. ს-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის არგუმენტებს, რის საფუძველზეც კოლეგიამ სწორად დაასაბუთა ჯ. და გ. ჯ-ების მიერ სსკ-ის 108-ე, 120-ე მუხლებითა და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, სახელდობრ: სასამართლო კოლეგია საქმის მასალების ანალიზის შედეგად დასაბუთებულად უთითებს, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რომლებიც იყვნენ მთვრალები, ტაქსის დათმობასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა ჩხუბი, რა დროსაც მხარეები ერთმანეთის მიმართ იყენებდნენ ფიზიკურ ძალადობას. ჩხუბში ჯ. ჯ-ძე ჩაერთო მოგვიანებით, რაც ადასტურებს იმას, რომ მამა-შვილი მოქმედებდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და არა ერთიანი განზრახვით. პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის დასაბუთებას იმ მიმართებით, რომ მამა-შვილი არ მოქმედებდა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ვინაიდან ჩხუბის ინიციატივა ტაქსის დათმობასთან დაკავშირებით მომდინარეობდა დაზარალებულთა მხრიდან: უცნობი პირები გ. ჯ-ეს თვითონ მიუახლოვდნენ, რასაც მოჰყვა დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთშელაპარაკება, რაც ჩხუბში გადაიზარდა. პალატა ეთანხმება კოლეგიის მოსაზრებას და თვლის, რომ აღნიშნულ ჩხუბში გ. ჯ-ძე მოქმედებდა დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების სურვილით და არა მოკვლის განზრახვით, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ვ. თ-სათვის მუცლის ღრუში მიყენებული დაზიანება არის სახიფათო და არა სასიკვდილო; ხოლო ჯ. ჯ-ემ თანნაქონი დანით ჯერ ზ. თ-ლს მიაყენა ლოყის მარცხენა ნახევარში მსუბუქი ხარისხის ორი ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო შემდეგ ვ. თ-ლს _ დანის ორჯერ დარტყმით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა, მათ შორის _ სიცოცხლისათვის შეუფარდებელი ორი შემავალი ჭრილობა გულმკერის ღრუს მარცხენა ნახევარში გულისა და მარცხენა ფილტვის დაზიანებით, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მიერ აღწერილი დანაშაულის ჩადენის ვითარებას და, აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მიცემულ სამართლებრივ შეფასებას.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, ჯ. და გ. ჯ-ებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მსუბუქი და უსამართლო. ამდენად, დაზარალებულის საკასაციო საჩივარს მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემის შესახებ პალატა არ იზიარებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ჯ. და გ. ჯ-ების მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.