შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 03.07.2006
საქმის ნომერი
2კ-173აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 173-აპ 3 ივლისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე)

ზ. მეიშვილი,ი. ტყეშელაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატის - მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ნ. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის და II ნაწილებით, 353-ე მუხლის I ნაწილითა და 187-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ნ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით, 353-ე მუხლის I ნაწილით, 187-ე მუხლის I ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 12 ოქტომბრიდან.

განაჩენით ნ. კ-ეს მსჯავრი დაედო: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობისათვის მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ. კ-ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცლსასროლი იარაღი - 7,62 მმ კალიბრიანი “ტტ-ს” სისტემის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, ამავე კალიბრიანი ოთხი ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც მართსლაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2004 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 7 საათზე, ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ. ქუთაისში, --- დასახლებაში მცხოვრები ნ. კ-ძე შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და მისი კუთვნილი შავი ფერის “მერსედეს ბენცის” მოდელის სახელმწიფო ნომრით – -- ავტომობილით მოძრაობდა ქალაქის ტერიტორიაზე. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით იმერეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობამ შექმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ იმერეთის შინაგან საქმეთა --- სამმართველოს თანამშრმოლები: რ. კ-კი, დ. ფ-ძე, ვ. მ-ძე, ა.ზ-კო და გ. ფ-ძე, ასევე ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები: ბ. შ-ია, ზ. ხ-ძე და რ. ჩ-ძე. იმავე დღეს ოპერატიულმა ჯგუფმა დააწესა ოპერატიული თვალთვალი მსჯავრდებულ ნ. კ-ის გადაადგილებაზე და ვინაიდან მისი მხრიდან მოსალოდნელი იყო წინააღმდეგობის გაწევა, გადაწყვიტეს, იგი გაეჩერებინათ ისეთ ადგილზე, სადაც ავტომანქანები და მოქალაქეები მოძრაობდნენ ნაკლები ინტენსივობით. ამ მიზნით, სამ სხვადასხვა ავტომობილში მოთავსებული ოპერატიული ჯგუფი უკან გაჰყვა ნ. კ-ეს. დაახლოებით 8 საათზე, როცა მან --- გამზირიდან შეუხვია --- ქუჩაზე, რ. კ-მა მისი მართვის ქვეშ არსებული “ვაზ 2105” მოდელის ავტომობილით გზა გადაუღობა ნ. კ-ეს და მოსთხოვა ავტომობილიდან გადმოსვლა. ნ. კ-ემ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის მხილების შიშით, განიზრახა ძალადობითა და ძალადობის მუქარის გამოყენებით არ დამორჩილებოდა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით დაძრა თავისი ავტომობილი, რომელიც განზრახ დააჯახა მის წინ მდგომი ოპერატიული ჯგუფის წევრის - რ. კ-ის ავტომობილს. დაჯახების შედეგად რ. კ-ის ავტომობილის წინა, მარჯვენა სავარძელზე მჯდომმა პოლიციის მუშაკმა დ. ფ-ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ავტომობილს კი დაუზიანდა უკანან, მარცხენა ფრთა, უკანა პანელის მარცხენა კუთხე, უკანა ბამპერის მარცხენა კუთხე, უკანა მარცხენა სტოპფარის დაფა და წინა, მარჯვენა კარის საქარე მინა. დაჯახების შემდეგ მ. კ-ემ ვეღარ შეძლო ავტომობილით მოძრაობის გაგრძელება. ვ. მ-ემ ავტომობილიდან ნ. კ-ის იძულებით გადმოყვანის მიზნით გააღო ამ უკანასკნელის ავტომობილის წინა, მარცხენა კარი, რა დროსაც პოლიციის მუშაკებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელების მიზნით ნ. კ-ემ ფეხი დაარტყა ვ. მ-ეს მუცლის არეში და წააქცია, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ ისარგებლა რა აღნიშნულით, სწრაფად გადმოვიდა ავტომობილიდან და შეეცადა მიმალვას, მაგრამ იგი დააკავეს ოპერატიული ჯგუფის წევრებმა და ჩატარებული პირადი ჩხრეკისას შარვლის სათავეში აღმოაჩნდა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი - 7,62 კალიბრიანი “ტტ-ს” სისტემის -- პისტოლეტი, იმავე კალიბრიანი 4 ცალი ვაზნით. ნ. კ-ის ქმედებით დაზარალებულ რ. კ-კს, ავტომობილის დაზიანებით, აღდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით, მიადგა 150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენი ნ. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. იგი აღნიშნავდა, რომ მას იარაღი და საბრძოლო ვაზნები არ ჰქონია, იარაღის ამოღებაც და პოლიციელ რ. კ-ის ავტომანქანისათვის დაჯახებაც წინასწარ იყო დაგეგმილი და ინსცენირებული პოლიციელების მიერ. აქედან გამომდინარე, იგი ითხოვდა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზეანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ავდოკატი მ. ნ-ძე აღნშინავს, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით და, აქედან გამომდინარე, ითხოვს განაჩენის გაუქმებას, სისხლის სამართლის საქმის შეწჯყვეტას და მსჯავრდებულის გათავისუფლებას.

მსჯავრდებული ნ. კ-ძე აღნიშნავს, რომ სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ამდენად, იგი მიაჩნია უკანონოდ და ეთანხმება თავისი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ემ აღნიშნა, რომ განაჩენი ემყარება ეჭვებსა და ვარაუდებს, რმოელიც მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მან აღნიშნა, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით, არ მომხდარა იარაღის ამოღება, სამედიცინო ცნობა დაზარალებულ ვ. მ-ზე გაცემულია მომხდარიდან 6 დღის შემდეგ, დამსწრეები არიან ერთი და იგივე პირები, ურთიერთგამომრიცხავია მოწმეთა ჩვენებები. ადვოკატმა მ. ნ-ემ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. აქედან გამომდინარე, ნ. კ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალიწსინებული დანაშაულის ჩადენაში. ამდენად, მსჯავრდებულ ნ. კ-ეს ბრალდების ეს მუხლი უნდა ამოერიცხოს.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ჩ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, განაჩენი ნ. კ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შედმეგი გარემოებების გამო:

პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: გ. ფ-ის, ბ. შ-ას, ზ. ხ-ას და სხვათა, დაზარალებულების: ვ. მ-ის, რ. კ-ის, დ. ფ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღებისა და ჩხრეკის ოქმებით, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ტრასოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით, ნ. კ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედებაგანაჩენის გაუქმებას.

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ნ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

ამასთან, პალატა თვლის, რომ ნ. კ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწსინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა ქმედების დანაშაულებრიობა და სსკ-ის განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო ნ. კობახიძემ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, თავისი ქმედებით დაზარალებულს მიაყენა ზუსტად 150 ლარის მატერიალური ზიანი.

აღნიშუნლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია ნ. კ-ეს შეფარდებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით.

განაჩენი, ნ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში, გაუქმდეს და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ნ. კ-ეს დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს 6 თვით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წილთა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.