დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 07.02.2019
საქმის ნომერი
ბს-1358(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-1358(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 8 იანვარს ი. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ ი. ნ-ას ოჯახისათვის 80,000 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრისთვის არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის ივნისამდე იღებდა სოციალურ დახმარებას, თვეში 60 ლარს, 2016 წლის აგვისტოში შევსებულ იქნა ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 84,040. ასევე, შეივსო ოჯახის დეკლარაცია 07.11.2017 წელს და სარეიტინგო ქულამ შეადგინა 80,000. ქულათა აღნიშნული რაოდენობა არ ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ოჯახის დეკლარაცია შევსებულია არასწორად, კერძოდ, დეკლარაციის A7 ბლოკში მითითებულია სარდაფი, რომელიც სახლს არ აქვს, ასევე დეკლარაციის A8 პუნქტში შინამეურნეობის მიერ დაკავებული საერთო ფართი - 133 კვ.მ არასწორადაა მითითებული და უნდა იყოს 80 კვ.მ. მოსარჩელე ასევე არ დაეთანხმა ოჯახის დეკლარაციის F2 გრაფაში არსებულ აღნიშვნას, სადაც დაფიქსირებულია სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მალავს შემოსავლებს“. მოსარჩელის განმარტებით, სოციალურმა სამსახურმა ქულების მინიჭების დროს არ გამოიკვლია მტკიცებულებები, არ შეაფასა გარემოებები და ფაქტების შესწავლის გარეშე შეუწყვიტა დახმარება. მოსარჩელის მითითებით, ის არის 87 წლის მარტოხელა პენსიონერი, დაავადებულია გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით - ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზით, არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური კარდიომიოფატია, აორტის სარქველის სტენოზი, შაქრიანი დიაბეტი. ასეთ მდგომარეობაში მყოფს არ შეუძლია ფიზიკური შრომა, მისი ერთადერთი შემოსავალი არის პენსია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ი. ნ-ას ოჯახისათვის 80,000 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენა დაევალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის გადამოწმების გზით.

სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ი. ნ-ას ოჯახის დეკლარაციის შედგენა, რაც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას, განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ი. ნ-ას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ი. ნ-ა სადავოდ ხდის, კერძოდ, მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ფართი შეადგენს არა 133 კვ.მეტრს, არამედ 70-80 კვ.მეტრს, მას საცხოვრებელ ფართად აქვს მხოლოდ ორი ოთახი და არ გააჩნია სარდაფი. ამასთან, აღნიშნა, რომ მას გარდა პენიისა სხვა შემოსავალი არ გააჩნია, შესაბამისად, მისი მხრიდან რაიმე შემოსავლის დამალვას ადგილი არა აქვს.

საქმეში არსებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეიტინგო ქულის გამოანგარიშებისას არ დგინდებოდა მონაცემები კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა თუ არა გამოყენებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებაზე და აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ოჯახის დეკლარაცია შევსებულია წესის მიზნებიდან გამომდინარე და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, 2017 წლის 8 ოქტომბერს შევსებულ ი. ნ-ას ოჯახის დეკლარაციის „A7“ და „A8“ გრაფებში მითითებული მონაცემები შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

კასატორების მითითებით, ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“ (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით), რაც დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით 2017 წლის 7 ნოემბერს, რამაც შეადგინა 80000.

კასატორები მიუთითებენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებაზე, რომლის თანახმად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ. კასატორების მითითებით, განმეორებით შეფასების მოთხოვნით, სააგენტოს შესაბამისი მომსახურების ცენტრისათვის ოჯახს შეეძლო მიემართა 2018 წლის 7 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს - სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა მოეხდინა ოჯახის საცხოვრებელი პირობების დათვალიერება და კანონის მოთხოვნათა დაცვით დეკლარაციის A7 გრაფაში მონაცემის შეტანა სარდაფის არსებობის შესახებ. „A8“ პუნქტის („ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“) შევსების მართებულობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით, ქ. ქუთაისში, ...ს ქ. #2-ში დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #01 - 108,9 კვ.მ; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 133 კვ.მ საკუთრების უფლებით ირიცხება ი. ნ-ას სახელზე. ამასთან, თავად ი. ნ-ას განმარტებით, მას მხოლოდ ორი ოთახი აქვს საცხოვრებლად, დაახლოებით 70-80 კვ.მ ფართი, შესაბამისად, შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ოდენობაა 70-80 კვ.მ, სხვა ფართი არის ავარიული და მისი გამოყენება შეუძლებელია, რაც ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა აგენტმა ი. ჩ-მა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 მარტის #21-11/30157 წერილით დადგენილია, რომ ი. ნ-ას მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ოჯახის დეკლარაციის F2 გრაფაში შეტანილი მონაცემის „მალავს შემოსავალს (2.1)“ სისწორეს. შესაბამისად, არგუმენტს მოკლებულია F2 გრაფაში მონაცემების სიზუსტით შეტანის თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში არსებული მედიკამენტების სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით მოსაზრება, ვინაიდან აღნიშნული ემყარება მოპასუხის ვარაუდს და რეალურად არ ასახავს მოსარჩელის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას. მაშინ, როდესაც თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სახეზეა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი