შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 06.11.2006
საქმის ნომერი
2კ-347აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 347-აპ 6 ნოემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 13 აპრილის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» და მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტებით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 25 იანვრის განაჩენით ი. ო-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ი. ო-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმდა, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1993წ. 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ი. ო-ლს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005წ. 8 მარტიდან.

განაჩენის მიხედვით, ი. ო-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

ი. ო-ლი 2003წ. 24 თებერვალს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, 2005წ. 7 მარტს, დაახლოებით 5 საათზე, მან უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, --- ¹15-ში მდებარე, თავისი მეზობლის _ კ. ქ-ის ავტოფარეხში, საიდანაც ფარულად გაიტაცა ჯიპის მოდელის ავტომანქანის 4 ნახმარი საბურავი თავისი დისკებით, რომლებიც მეორე დღეს გაყიდა ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹27-ში მდებარე ავტოსაბურავების შემსყიდველ ჯიხურში 120 ლარად. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ი. ო-ლი, რომელმაც მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გაყიდა საბურავები თავისი დისკებით. აღნიშნული ქმედებით მან დაზარალებულ კ. ქ-ეს მიაყენა 405 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ო-მა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ. ვ-ამ.

სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ო-ლი ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო პროკურორი ქეთი ვეკუა _ განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმებას და მისთვის 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 13 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ი. ო-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ როგორც პირველი, ისე‚ სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენები კანონიერი და დასაბუთებულია, მაგრამ არ ეთანხმება მათ სასჯელის ნაწილში, რადგან გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაეხმარა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში, დანაშაული ჩაიდინა ავადმყოფი დედის გამო, რომლისთვისაც წამლის საყიდელი ფული არ ჰქონდა, ოჯახი განიცდის მატერიალურ გაჭირვებას, თვითონ ხანდაზმული ასაკისაა, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, დაავადებულია ჰიპერტონიითა და ქრონიკული ტუბერკულოზით, გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და დედამისს არ ჰყავს მომვლელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას 1 წლითა და 6 თვით ან დარჩენილი სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ დაზარალებულ კ. ქ-ის, მოწმეების _ ვ. ო-ის, დ. ქ-ას, ჯ. ბ-ის, მსჯავრდებულის ჩვენებებითა და ამოღების ოქმით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ი. ო-მა საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო საპროცესო კოდექსი არ დარღვეულა.

ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან _ ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია _ (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებზე, ვინაიდან 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი, შესაბამისად, მიეკუთვნებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, იგი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელ ნაწილში აღნიშნულ მიზნებს და არ უნდა ჩაითვალოს მეტისმეტად მკაცრად და უსამართლოდ, კერძოდ:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ო-ლი 1993წ. 15 სექტემბერს გაასამართლა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ და 2000წ. 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიუსაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის დადგენილებით, ი. ო-ლი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლდა და, ამის მიუხედავად, კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ განიხილა ის მტკიცებულებები, რაც ახასიათებს მსჯავრდებულის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და მათი გათვალისწინებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით მსჯავრდებულს დაენიშნა სასჯელის ზომის მინიმუმი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, ი. ო-ლს სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით და ამ სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია და სასჯელის ნაწილში, როგორც სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლის დღევანდელი რედაქციის შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 13 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ი. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებზე.

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულ ი. ო-სათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.