შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 361-აპ 28 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი,ლ. მურუსიძე
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 2 მაისის განაჩენზე მ. ბ-ის, ს. რ-სა და გ. გ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2006წ. 27 თებერვლის განაჩენით:
1. მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი _ 2005წ. 19 ნოემბრიდან 2005წ. 21 ნოემბრის ჩათვლით;
2. ს. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საბოლოოდ შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;
3. გ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საბოლოოდ შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
განაჩენის მიხედვით, მ. ბ-ეს, ს. რ-სა და გ. გ-ლს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; მ. ბ-ეს მსჯავრი დაედო აგრეთვე იმაში, რომ ჩაიდინა არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. ბ-ძე ცხოვრობს ქ. გორში, --- ¹--\--ში მდებარე ბინაში. მის მეზობლად ცხოვრობს დაზარალებული ზ. ა-ლი, რომელიც ძირითადად სოფელში _ გორის რაიონის სოფ. --- იმყოფებოდა, ხოლო ქ. გორში მდებარე ბინის გასაღები ჩაბარებული ჰქონდა მ. ბ-ის ოჯახის წევრთათვის.
2005წ. 19 ნოემბერს მ. ბ-ძე დაუკავშირდა არასრულწლოვნებს _ ს. რ-სა და გ. გ-ლს, რომლებსაც უთხრა, რომ ჩაბარებული ბინა იყო თავისი ახლობლის და დაიყოლია მის გაქურდვაზე. მათ გადაწყვიტეს, დაახლოებით 3 საათზე აივნიდან შესულიყვნენ გორში, --- ¹--\--ში მდებარე ზ. ა-ის ბინაში. პატარა ფანჯრიდან ჯერ შევიდა მ. ბ-ძე, გააღო აივნის კარი, რის შემდეგაც შევიდნენ ს. რ-ძე და გ. გ-ლი. მ. ბ-ემ დაიწყო სხვადასხვა ნივთის საწოლის გადასაფარებელში გახვევა. კერძოდ, დამნაშავეები შეეცადნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ 20 ლარად ღირებულ ალუმინის 3 ქვაბს, 10 ლარად ღირებულ ალუმინის 2 ტაფას, 7 ლარიან ალუმინის ჩაიდანს, 8 ლარად ღირებულ ალუმინის თახჩას, 6 ლარიან პირსახოცს. აღნიშნული ნივთები გაახვიეს საწოლის გადასაფარებელში, მაგრამ ბინიდან მათი გატანა ვერ შეძლეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, რადგან სამივე ზ. ა-ის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზ. ე-ემ და მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ.
სააპელაციო საჩივრით პროკურორმა ზ. ე-ემ ითხოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შემდეგი ცვლილების შეტანა: მ. ბ-სთვის _ 5 წლით, ხოლო ს. რ-სა და გ. გ-სათვის _ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია; მისთვის ჩაბარებული, ზ. ა-ის ბინიდან გამოსული ხმაურის გამო, სიტუაციის გასარკვევად გასაღებით გააღო კარი და შევიდა ბინაში, რის შემდეგ კარი შემთხვევით ჩაიკეტა, ხოლო აივნიდან შემოსულმა პოლიციელებმა სამივე დაიჭირეს; მას დაზარალებულთან აკავშირებს ნათესაობა და მისი ბინის გაქურდვის სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე გაქურდავდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 2 მაისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული მ. ბ-ძე საკასაციო საჩივარში გულწრფელად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში მოექცა ადვოკატების გავლენის ქვეშ და ნაცვლად მონანიებისა, აირჩია თავის მართლების გზა. მ. ბ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ პირველადაა სამართალში, დედისერთაა, ობოლი, ჰყავს პენსიონერი, ინვალიდი დედა, ითხოვს პატიებას და დებს პირობას, რომ აღარასოდეს ჩაიდენს დანაშაულს.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არმქონეა, ჰყავს პენსიონერი, ინვალიდი დედა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ნ-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. მსჯავრდებულთა ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არაა მეტისმეტად მკაცრი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ე.ი. არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება გულისხმობს არასრულწლოვნის დაყოლიებას სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან მ. ბ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი.
რაც შეეხება მ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ეს სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მსჯავრდებულების _ გ. გ-სა და ს. რ-ის, მოწმეების _ ნ. ტ-სა და ა. კ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ, შეამოწმა რა საქმე სრული მოცულობით, თვლის, რომ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია გ. გ-სა და ს. რ-ის მიმართ. მათ მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულთა მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, სასამართლომ გ. გ-სა და ს. რ-ეს განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მ. ბ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ იმ გარემოებებს, რომ იგი პირველადაა სამართალში და მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდება დადებითად, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. გარდა ამისა, მ. ბ-ემ საჩივარში და საკასაციო პალატის სხდომაზე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მკაცრია და უნდა შეუმსუბუქდეს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 2 მაისის განაჩენი შეიცვალოს მ. ბ-ის სასიკეთოდ: განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი.
მსჯავრდებულ მ. ბ-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ. ბ-ემ დანიშნული სასჯელიდან მოიხადოს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.