დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 443-აპ 18 ოქტომბერი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ლ. მურუსიძე
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 30 მაისის განაჩენზე, რომლითაც კ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006წ. 11 აპრილის განაჩენით კ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2005წ. 30 ივლისის რედაქცია) მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005წ. 12 ივლისს კ. მ-მა ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირისაგან შეიძინა უაქციზო სიგარეტი _ 3000 კოლოფი „ტროიკა» და 1980 კოლოფი „ნოვოსტი». სიგარეტები მოათავსა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „ვაზ-2107»-ში და გაემგზავრა თბილისის მიმართულებით.
მცხეთის რაიონის სოფ. ---, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, კ. მ-ლი შეამოწმა საპატრულო პოლიციამ, რა დროსაც კანონის მოთხოვნათა დაცვით ამოიღეს ზემოხსენებული სიგარეტი, სულ _ 4980 კოლოფი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 6972 ლარი.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კ. მ-ლს მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005წ. 17 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით და აყვანილ იქნა პატიმრობაში სასამართლოს დარბაზიდან. გირაოს სახით შეტანილი თანხა _ 8 ათასი ლარი დაუბრუნდა მსჯავრდებულ კ. მ-ლს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის --- ი. წ-მა და მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მა.
პროკურორმა ი. წ-მა მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის შეცვლა და ძირითად სასჯელთან ერთად კ. მ-სათვის დამატებითი სასჯელის სახით 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრება.
ადვოკატმა მ. შ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა კ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 30 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, ამასთან, მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა, ამოირიცხა მითითება მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტის 2005წ. 30 ივლისის რედაქციაზე და მის ნაცვლად მიეთითა 2005წ. 30 ივნისის რედაქცია.
კასატორი _ მსჯავრდებულ კ. მ-ის ადვოკატი შ. ფ-ვა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არც რაიონულმა და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად არ გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ კ. მ-მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ხასიათდება დადებითად, არის ავადმყოფი და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მშობლები, ჰყავდა ფეხმძიმე მეუღლე, რომელმაც იმშობიარა საკეისრო კვეთით და ახალშობილი გარდაიცვალა, პირველადაა სამართალში, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატ შ. ფ-ას მიაჩნია, რომ განაჩენი კ. მ-ის მიმართ არის აშკარად მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ითხოვს კ. მ-სათვის სასჯელის ზომის მინიმუმამდე შემცირებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა შ. ფ-ამ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ კ. მ-სათვის დანიშნული სასჯელი, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, აშკარად მკაცრი და უსამართლოა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ო-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის, როგორც კანონიერისა და დასაბუთებულის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს დაენიშნა სამართლიანი სასჯელი, რა დროსაც სასამართლომ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ ამოღების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და მსჯავრდებულის ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ კ. მ-მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახით და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა. ამ შემთხვევაში კ. მ-სათვის განსაზღვრული სასჯელი არ უნდა ჩაითვალოს მეტისმეტად მკაცრად და უსამართლოდ. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ განიხილეს ის მტკიცებულებები, რაც ახასიათებს მსჯავრდებულის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და მათი გათვალისწინებით მსჯავრდებულს დაენიშნა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალები სააპელაციო პალატამ სათანადოდ გამოიკვლია და სწორად შეაფასა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა, მსჯავრდებულის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 30 მაისის განაჩენი კ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.