შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 26.07.2006
საქმის ნომერი
2კ-499აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 499-აპ 26 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 1 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006წ. 14 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული რ. ტ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით, რ. ტ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2005წ. 23 აგვისტოს, დაახლოებით 1 საათზე, რ. ტ-ემ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. --- მდებარე რ. ა-ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიის შენობიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცა 144 ლარის ღირებულების 10 ცალი ალუმინის ფირფიტა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 1 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. ტ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით რ. ტ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, რ. ტ-ეს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ რ. ტ-ის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 144 ლარი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით.

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. ტ-ეს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. ტ-ეს განაჩენიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.