საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.07.2011
საქმის ნომერი
2კ-114აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹114აპ-11 ქ. თბილისი

19 ივლისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი; ნ. ა-მა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოიხადოს 5 წელი და 23 დღე, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ნ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 14 ივლისიდან 2006 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.

გაუქმდა ნ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა გირაოს პირობების დარღვევის გამო გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. ფ-ესა და განსასჯელ ა. ჭ-ს შორის, რომლის თანახმად, ა. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. ა. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 ლის 14 ივლისიდან 2006 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი. საბოლოოდ ნ. ა-მა დანიშნული სასჯელიდან 5 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ნ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.