საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.07.2011
საქმის ნომერი
2კ-125აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹125აპ-11 25 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ნ-ის, მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ისა და მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 4 ივნისიდან.

იმავე განაჩენით ნ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ნ. ს-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ნ. ს-ს მიმართ 2009 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 11 თვე, 27 დღე და საბოლოოდ ნ. ს-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, 11 თვითა და 27 დღით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 8 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და მიესაჯა: 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. კ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 8 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით ლ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ლ. კ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით. სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა მის მიმართ 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ ლ. კ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 8 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით ი. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯა: 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ი. ნ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულებს: ლ. კ-სა და გ. კ-ს შორის.

ლ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ლ. კ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ლ. კ-ისთვის 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და ლ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 8 დეკემბრიდან.

გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკეთა 1 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით, საიდანაც 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 8 დეკემბრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულთა მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’, ,,გ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ნ-ის, მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ისა და მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.