დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
ბს-377(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-377 (კ-19) 17 ოქტომბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ქ-ამ 20.12.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2017წ. N168428 და N168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების და სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.11.2017წ. N29552 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2018წ. გადაწყვეტილებით კ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2017წ. N168428 და N168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.11.2017წ. N29552 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ კ. ქ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით და სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. იმისათვის, რომ მოქმედება ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად გადამწყვეტია მისი შინაარსი და პირის განზრახვა - მოგების მიღება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ახორციელებდა დიდი რაოდენობით 31.08 მ3 17094 ლარის ღირებულების ხის მასალის ტრანსპორტირებას. კ. ქ-ას მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ტრანსპორტირებული საქონლის პირადი მოხმარების მიზანზე მიუთითებდა. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკუთვნის მოსარჩელეს, ხის მასალის მესაკუთრეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კ. ქ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევას, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მოსარჩელემ დაარღვია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი, ხოლო სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მიმართული იყო შემოსავლისა და მოგების მიღებისაკენ. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ. შემოსავლების სამსახურის მიერ სამართალდარღვევის სადავო ოქმებისა და ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას, შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2017წ. N168428 ოქმი შედგენილია იმ საფუძვლით, რომ კ. ქ-ას გადაჰქონდა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი 31.08 მ3 დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა, რაც საგადასახადო კოდექსის 286.32 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, ხოლო გასაჩივრებული #168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია იმ საფუძვლით, რომ კ. ქ-ა ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაც იწვევს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული საქონელი სამეწარმეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო საქმის მასალები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კ. ქ-ა დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას ახორციელებდა არა სამეწარმეო, არამედ პირადი მიზნებისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 17.2 მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას განმსაზღვრელია იმ გარემოების დადგენა, რომ იგი ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. განსახილველ შემთხვევაში, კ. ქ-ას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის გარეშე ეკონომიკური საქმიანობისთვის და სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის დაჯარიმების მიზნისათვის, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები მასზედ, რომ კ. ქ-ა ნამდვილად ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელის მიერ საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის და კ. ქ-ა წარმოადგენდა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი