საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.07.2011
საქმის ნომერი
2კ-295აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹295აპ-11 ქ. თბილისი

12 ივლისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე და იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 თებერვლის განაჩენით ა. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ა. დ-ას სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 16 ნოემბრიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ა. დ-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,მაუზერის” სისტემის პისტოლეტი 11 ვაზნით გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ა. დ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. დ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.