საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹360აპ-11 ქ. თბილისი
25 ივლისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) _ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარი ჯარიმა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარი ჯარიმა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) _ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და 11-ლი ნაწილების შესაბამისად თ. ს-ეს საბოლოოდ მიესაჯა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით; მასვე სამოქალაქო მოსარჩელე ბ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის, ხოლო გ. ჰ-ის სასარგებლოდ _ 500 აშშ დოლარის გადახდა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.