დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹49აგ-11 თბილისი
22 ივლისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენით _ ნ. ც-ე, ნ-ა მ-ი და ნ-ა ბ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ: ნ. ც-ს _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით; ნ. მ-სა და ნ. ბ-ს _ თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მსჯავრდებულების _ ნ. ბ-სა და ნ. ც-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ბ-სა და შ. ძ-ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად.
2011 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ნ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
შუამდგომლობაში მსჯავრდებული ნ. ბ-ი მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი), მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან მოიცავს აღნიშნული მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ ნიშნებს და არ არსებობს „ტრეფიკინგისათვის“ დამახასიათებელი შემადგენლობა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილების შემდეგ ანალოგიური დანაშაულისათვის დაკავებული პირების მიმართ ბრალი წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მსჯავრდებული ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
მსჯავრდებული ნ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე საფუძვლითა და მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.