საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹415აპ-11 ქ. თბილისი
19 სექტემბერი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, ნ. ც-სა და გ. ტ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით:
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. გ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ტ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: გ. გ-საგან ამოღებული ფულადი თანხა _ 2000 ლარი და 500 აშშ დოლარი (ინახება ... სამხარეო მთავარ სამმართველოში, პასუხისმგებელი პირი დეტექტივი ლ. ყ-ა), როგორც დანაშაულის საგანი უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და შემდგომი განკარგვისთვის გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოს“, „ნოკიას“ და „სამსუნგის“ ფირმების მობილური ტელეფონის აპარატები სიმბარათებით, რომლებიც ინახება შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს გ. გ-ს ოჯახის წევრს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ გ. ტ-სგან ამოღებული „BLAშKEღღU“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი სიმბარათით და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, რომლებიც ინახება შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს გ. ტ-ს ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ ნ. ც-საგან ამოღებული ფულადი თანხა 1163 ლარი (ინახება ... სამხარეო მთავარ სამმართველოში, პასუხისმგებელი პირი დეტექტივი ლ. ყ-ა), როგორც დანაშაულის საგანი უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და შემდგომი განკარგვისთვის გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოს“; „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი 2 სიმბარათით, რომლებიც ინახება შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ნ. ც-ს ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, წონით 0,63 გრამი, რომელიც ინახება შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, გასანადგურებლად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს სათანადო სტრუქტურას; ა. ჯ-საგან ამოღებული 295 ლარი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი სიმბარათით, „ტაოპრივატბანკის“ პლასტიკური ბარათი ქვითრით, „პროკრედიტ ბანკის“ სალაროს შემოსავლის ორდერი უნდა დაუბრუნდეს ა. ჯ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ გ. გ-სგან ამოღებული რვეული, ნ. ც-სგან ამოღებული 5 ცალი ფურცლის ნაგლეჯი, ნ. ც-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ფსონების მიღების ფურცლები, 2 ბლოკნოტი, ფულადი გზავნილების ამსახველი ქვითრები, ტოტალიზატორის ცხრილები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, ნ. ც-სა და გ. ტ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, ნ. ც-სა და გ. ტ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.