საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹477აპ-11 27 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-სა და მსჯავრდებულ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განაჩენზე.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:
ა. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილი მოიცავს 179-ე მუხლის მეორე ნაწილს.
ა. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, მოხდა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან _ 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან _ 2 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ა. ჭ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ა. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 აპრილიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ა. ნ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილი მოიცავს 179-ე მუხლის მეორე ნაწილს.
ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მოხდა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელიდან _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან _ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ა. ნ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ა. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 აპრილიდან.
გაუქმდა გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2009 წლის 28 დეკემბერს ა. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ. ქ-ს (პირადი ¹...) კუთვნილი დაყადაღებული მიწის ნაკვეთი შემდეგი მონაცემებით: ... რაიონი სოფელი ..., სარეგისტრაციო ზონა ... – ..., სექტორი ... – .., კვარტალი .., ნაკვეთი – .., ფართობი .., ..მ2 _ უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში არსებული „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი და ერთი ოქროს ბეჭედი თვლებით უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ. მ-ს; ჩინური ტელეფონი სამი სიმბარათით _ დაუბრუნდეს მესაკუთრე ა. ნ-ს/მის ნდობით აღჭურვილ პირს; ,,იჟ-58” მარკის თოფი, ერთლულიანი გადაჭრილი ,,იჟ-180” მარკის თოფი HUL-5 ტიპის ხელყუმბარა უნდა გადაეგზავნოს შსს სპეციალურ განყოფილებას, ნარკოტიკული საშუალება _ 13,2 გრამი ,,მარიხუანა” _ გადაეგზავნოს შს სამინისტროს, 9 ცალი ჩD დისკი, მასზე განთავსებული ინფორმაციით უნდა დაერთოს სისხლის სამართლის ¹... (გამოძიების ¹...) საქმეს შენახვის ვადით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-სა და მსჯავრდებულ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ა. ჭ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, ხოლო მსჯავრდებულ ა. ნ-ს მიმართ _ სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-სა და მსჯავრდებულ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.