საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.01.2004
საქმის ნომერი
2კ-1კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 2კ-1კოლ.-04 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ დ. რ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. გ-სა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც:

დ. რ-ლი გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 22,116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლითა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. დ. რ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 24 მარტიდან.

განიხილება ასევე მოწმე ხ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც მასალები ხ. ხ-სა და სხვათა მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გაეგზავნა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურას.

ამავე საქმეზე მსჯავრდებული არიან: ი. მ-ლი, ი. ბ-რი, ი. გ-ია და ჯ. ა-ლი. ისინი განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლო კოლეგიამ განაჩენით დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2003წ. 23 მარტს ი. მ-მა, ი. გ-ამ, ი. ბ-მა, დ. რ-მა და ჯ. ა-მა ჯგუფურად ჩაიდინეს ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რა დროსაც მხოლოდ ი. მ-მა გამოიყენა დანა. კერძოდ, ზემოაღნიშნულმა მსჯავრდებულებმა 2003წ. 23 მარტს ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელები. შემდეგ მეგობარ გოგონებთან _ ხ. ხ-თან და თ. გ-თან ერთად ტაქსით მივიდნენ --- გამზირზე, სადაც თ. გ-ნი უნდა ენახათ.

უთანხმოების გამო, თ. გ-ნს არ სურდა ი. მ-თან შეხვედრა, ამიტომ მათი დანახვისთანავე გააჩერა ტაქსი და შეეცადა გასცლოდა იქაურობას. ი. მ-ლი, დ. რ-ლი და მათთან მყოფი პირები დაედევნენ ავტომანქანით.

გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ტაქსის მძღოლმა ბ. პ-მა, რომელიც მიხვდა რაშიც იყო საქმე, ტაქსი --- გააჩერა და ურჩია თ. გ-ნს სადარბაზოში დამალულიყო, რომელიც ასეც მოიქცა, ხოლო მძღოლი ბ. პ-ლი ი. მ-მა, დ. რ-მა და მათთან მყოფმა პირებმა წრეში მოაქციეს და დაუწყეს ხმამაღალი გინება და აბუჩად აგდება. აღნიშნული ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 8-10 წუთს, რა დროსაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ი. მ-მა გამოიყენა დანა, ხოლო ი. ბ-მა ბ. პ-ლს მკერდსა და სახეში მუშტი დაარტყა, რის გამოც იგი წაიქცა და და თავი ასფალტს დაარტყა. ბ. პ-მა გონება დაკარგა. თავდამსხმელები ჩასხდნენ მანქანაში და მიიმალნენ. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის გამო, ინფარქტის დიაგნოზით, ბ. პ-ლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ დ. რ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. გ-ია და დ. გ-ლი ითხოვენ სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმებას და დ. რ-ის გამართლებას. ისინი მიუთითებენ, რომ დ. რ-ის ქმედება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ხულიგნობა, მით უმეტეს, განაჩენში არაფერია ნათქვამი ხულიგნობის ისეთ მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, როგორიცაა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობის ჩადენა.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ხ. ხ-რი ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ მის მიმართ გამოტანილი განჩინების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ სასამართლოში თქვა სიმართლე და არ ჰქონია ცრუ ჩვენების მიცემის განზრახვა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. რ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. გ-ამ და დ. გ-მა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები. მათ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ხ. ხ-მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სასამართლოს უთხრა სიმართლე, ამიტომ მიიჩნევს, რომ უკანონოდ იქნა გამოტანილი განჩინება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების პროკურატურისათვის გადაცემის შესახებ.

პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დ. რ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი, ასევე ხ. ხ-სა და სხვა პირთა მიმართ გამოტანილი განჩინება და იშუამდგომლა სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ დ. რ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და ხ. ხ-ის მიმართ გამოტანილი განჩინება არის კანონიერი და, ამდენად, არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს დ. რ-ის ქმედებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. თვით დ. რ-ლი როგორც ეჭმიტანილის, ასევე ბრალდებულის სახით დაკითხვისას არ უარყოფდა, რომ ის სხვა პირებთან ერთად ავტომანქანით დაედევნა ტაქსის, რომელიც ბახტრიონის მიმართულებით წავიდა. --- ქუჩაზე მიუახლოვდნენ ავტომანქანას, მაგრამ თ. გ-ნი იქ არ აღმოჩნდა. ვინაიდან მძღოლმა უარი განაცხადა თ.ის ადგილსამყოფლის დასახელებაზე, მათ წრეში მოაქციეს იგი, დაუწყეს ყვირილი და გინება, თან ხელს ჰკრავდნენ. ამ დროს მან ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და გახსნა, რომელიც მ-მა გამოსტაცა და მძღოლს ცხვირწინ უტრიალა, ხოლო ბ-მა ჯერ მკერდში, შემდეგ სახეში დაარტყა ბ. პ-ლს მუშტი, ის წაიქცა და თავი ასფალტს დაარტყა. მათ შეეშინდათ, ჩასხდნენ ახვლედიანის ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან წავიდნენ.

ანალოგიური ჩვენებები აქვთ მიცემული ჯ. ა-სა და ი. ბ-რს.

წინასწარი გამოძიების დროს მოწმეების _ ნ. ა-ის, ხ. ხ-სა და თ. გ-ის მიერ მიცემული ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი დ. რ-ის მიერ ჯგუფთან ერთად ხულიგნობის ჩადენის ფაქტი.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. რ-ის ქმედებას სასამართლო კოლეგიამ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რადგან რ-მა და სხვა პირებმა ქუჩაში წრეში მოაქციეს მათთვის უცნობი მძღოლი ბ. პ-ლი, აგინეს, აბუჩად აიგდეს და ასფალტზე წააქციეს. იგი იქვე ინფარქტით გარდაიცვალა. ამით მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ დ. რ-ის ქმედება სავსებით კანონიერად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

პალატა ვერ გაიზიარებს ხ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმების თაობაზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას მოწმე ხ. ხ-მა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა მსჯავრდებულთა სასარგებლოდ.

პალატა თვლის, რომ პროკურატურამ უნდა გამოიკვლიოს ჩვენების შეცვლის მოტივი, უნდა გაირკვეს, ხომ არ მისცა სასამართლო კოლეგიას ხ. ხ-მა ცრუ ჩვენება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ეტაპზე სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრისა და კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენი დ. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

იმავე სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება ხ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.