შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 29.01.2004
საქმის ნომერი
2კ-14დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 14-დად 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლ.აშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა დ. ტ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 13 იანვრის განაჩენით დ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 78-ე მუხლით და შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

მსჯავრდებულ დ. ტ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998წ. 9 მარტიდან. სასჯელის მოხდის დასასრულია 2005წ. 9 მარტი. ქ. რუსთავის სასამართლოს 2000წ. 8 დეკემბრის დადგენილებით იგი გადაყვანილ იქნა საერთო რეჟიმის დაწესებულებაში, ხოლო 2001წ. 6 თებერვლიდან _ გეგუთის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2003წ. 9 ივნისს. დღეისათვის დ. ტ-ეს მოხდილი აქვს 5 წელი, 10 თვე და 21 დღე. მოსახდელად დარჩა ერთი წელი, ერთი თვე და 9 დღე.

გეგუთის ¹-- დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს დ. ტ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ დ. ტ-ძე სასჯელის მოხდის პერიოდში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, გამოირჩევა კარგი ქცევით, რისთვისაც იგი წახალისებულია სამჯერ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ დ. ტ-ეს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ მას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. ტ-ძე ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, ხასიათდება დადებითად, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია სამჯერ.

პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ დ. ტ-ეს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია სამჯერ, კერძოდ, სასჯელის მოხდის პერიოდში მას სასჯელაღსრულების დირექტორმა ორჯერ გამოუცხადა მადლობა, ხოლო მესამედ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ იქნა დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, აღმზრდელობით ღონისძიებებს ესწრება, მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, კონფლიქტურ სიტუაციებში შემჩნეული არ ყოფილა, საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგინების განხილვისას გეგუთის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ა. რ-ემ დაახასიათა დადებითად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დ. ტ-ეს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ტ-ეს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარი ეთქვა, შეიცვალოს მის სასიკეთოდ: დ. ტ-ძე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.