შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 16-აპ 13 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ-ძე მსჯავრდებულია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის _ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, კერძოდ, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანების _ ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 7 თებერვალს გ. მ-ძეE იმყოფებოდა ქ. ზესტაფონში, --- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასადილოში, ნათესავის _ თ. მ-ის დაბადების დღეზე, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. დაახლოებით 22 საათზე ი. ო-ის მართვის ქვეშ მყოფი “ვაზ-2103” მარკის მსუბუქი ავტომანქანით ზ. ო-ა და რ. ბ-სთან ერთად იგი წავიდა სახლში, ზესტაფონის რაიონის სოფ. ---ის მიმართულებით. გზაში, ქ. ზესტაფონის ---ში, აღნიშნული ავტომანქანით ჩაუარეს რა საგზაო პოლიციის პიკეტს, გ. მ-ემ მძღოლ ი. ო-ეს მოსთხოვა, მოებრუნებინა ავტომანქანა და მისულიყო საგზაო პოლიციელებთან, რაზედაც უარი მიიღო. აღნიშნულზე განაწყენებულმა გ. მ-ემ ი. ო-ეს ხელი გაარტყა სახეში. ამ უკანასკნელს გამოესარჩლა მათთან ერთად მანქანაში მყოფი ი. ო-ის ბიძაშვილი ზ. ო-ძე, რომელსაც სიტყვიერი შეკამათება მოუხდა გ. მ-სთან.
აღნიშნულით განაწყენებულმა გ. მ-ემ მიატოვა მგზავრები, დაიქირავა ა. ა-ის მართვის ქვეშ მყოფი “ვაზ-2106” მარკის მსუბუქი ავტომანქანა, მივიდა სახლში, აიღო დანა და შურისძიების მიზნით, მათთან შესახვედრად იმავე ავტომაქანით დაბრუნდა ქ. ზესტაფონის მიმართულებით. --- გზაზე შენიშნა რა ი. ო-ის მანქანასთან მდგარი ზ. ო-ძე, დანით ხელში გაემართა მისკენ. იმით განაწყენებულმა, რომ ზ. ო-ძე გამოესარჩლა ი. ო-ს და მას აღარ მისცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესაძლებლობა, გაუხსენა ზ. ო-ეს რამდენიმე საათის წინ მომხდარი უსიამოვნება და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც გ. მ-ემ, შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანით მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, ღვიძლის, თორმეტგოჯა ნაწილავისა და კუჭის გამჭოლი ჭრილობის სახით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმდება სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ს 121-ე მუხლზე, რადგან მიაჩნია, რომ დაზარალებულ ზ. ო-ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მან ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. ამის შესაბამისად ითხოვს აგრეთვე სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე განხლვისას დაზარალებულმა ზ. ო-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორი ბ. გ-ძეE მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს და დაზარალებულს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გ. მ-ემ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა ორმხრივი კონფლიქტის დროს, რომლის წამომწყებიც თვითონ იყო. არც დაზარალებულისა და არც მოწმეთა ობიექტური და სარწმუნო ჩვენებებით არ დასტურდება, რომ ქმედების ჩადენისას გ. მ-ძე იმყოფებოდა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იქნებოდა მის მიმართ უკანონო ძალადობით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მძიმე შეურაცხყოფითა თუ სხვა მძიმე ამორალური ქმედებით.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში დასაბუთებულია, ხოლო მსჯავრდებულ გ. მ-ის თხოვნა, მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ, მსჯავრდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობისა და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, გარკვეული ზომით მას შეუმცირდეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებულ ზ. ო-ეს არ გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულების მიმართ და ითხოვს მისთვის სასჯელის შემსუბუქებას. აღნიშნულის შესაბამისად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. მ-ის სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. მ-ეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.