საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.02.2004
საქმის ნომერი
2კ-9კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 9-კოლ 24 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე, თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების _ თ. გ-სა და ა. ფ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც:

1. თ. გ-ლი გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. თ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 224-ე მუხლით, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის “ზ”, “თ”, “ი”, “ლ”, “ო” პუნქტებით და 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, 209-ე მუხლის მეორე ნაწილით და ერთობლივად შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული თ. გ-ლი პატიმრობაში იმყოფება 2001წ. 6 ოქტომბრიდან.

2. ა. ფ-ნი ამჟამად პატიმარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის “ზ”, “თ”, “ლ” პუნქტებით და ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა ა. ფ-ნს დაეწყო 2001წ. 3 ივლისიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

წარსულში არაერთგზის ნასამართლევმა თ. გ-მა, სხვა პირებთან ერთად, შექმნა მყარი შეიარაღებული, ორგანიზებული ჯგუფი _ ბანდა და მონაწილეობდა ბანდის მიერ განხორციელებულ თავდასხმებში. ბანდის შეიარაღების უზრუნველსაყოფად იგი არაერთგზის, უკანონოდ ინახავდა, ატარებდა და გადაზიდავდა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს, დიდძალ საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ურთიერთკავშირისათვის ისინი ფლობდნენ რადიოგადამცემ საშუალებებს. ბანდის წევრებთან _ დ. ა-თან, ი. დ-თან, აწ გარდაცვლილ გ. ს-თან და სხვებთან ერთად მან ჩაიდინა არაერთი დანაშაული. 1998წ. 19 მარტს მან, ავტომატებითა და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვილი ბანდის შემადგენლობაში, ქ. თბილისში, --- -- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხიდან საკეტის დაზიანებით გაიტაცა მ. მ-ას კუთვნილი, 6000 ლარად ღირებული “უაზ-31514” მარკის ავტომანქანა. მანვე, იმავე შეიარაღებული ბანდის შემადგენლობაში, 1998წ. მაისში, ქ. თბილისში, --- მე-15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხიდან საკეტის გატეხვით გაიტაცა გ. ფ-ას კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანა. მანვე 1998წ. 6 ივლისს, ღამით, ბანდის სხვა შეიარაღებულ წევრებთან ერთად, --- მე-5 კორპუსის ეზოში არსებული ავტოფარეხიდან გაიტაცა გ. ქ-ის კუთვნილი, 7300 ლარად ღირებული “ვაზ-21213” მარკის ავტომანქანა, რომელსაც შენიღბვისა და ამგვარად სხვა დანაშაულთა ჩადენისათვის გამოყენების მიზნით, ბოროტმოქმედებმა შავი ფერის საიზოლაციო ლენტის საშუალებით სახელმწიფო ნომერი გადაუკეთეს ციფრით “--”. 1999წ. 21 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თ. გ-ლი, გ. ქ-საგან გატაცებული ზემოხსენებული ავტომანქანით, ბანდიტური თავდასხმის განხორციელების მიზნით, ჯგუფის ასევე შეიარაღებულ წევრებთან _ მ. ჭ-ლთან, ი. დ-თან, დ. ა-თან, გ. ს-თან ერთად ავტომატიდან განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მოკვლის მიზნით, მოახდინა გასროლა სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი პოლიციის მუშაკებისა და მათთან მყოფი მოქალაქეების მიმართულებით, რითაც ჩაიდინა მათი სიცოცხლის ხელყოფა. იმავდროულად ურთიერთშეთანხმებულად მოქმედი ბანდის წევრებმა ააფეთქეს ხელყუმბარა და ამით განზრახ საფრთხე შეუქმნეს მრავალ პირთა სიცოცხლეს. შეტაკების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი ზ. ქ-ლი. მ. კ-მა და პოლიციის მუშაკებმა _ ი. ჭ-მა, მ. ჯ-ემ, ძ. გ-მა და გ. კ-მა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.

2000წ. 5 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, ავტომატით შეიარაღებულმა თ. გ-მა, რომელსაც უკვე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა და ამგვარის მცდელობა, მის მიერ გადაცემული პისტოლეტით შეიარაღებულ მსჯავრდებულ ა. ფ-თან ერთად, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად, ანგარებით, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების შექმნით, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთი გასროლით ჩაიდინა ზ. ნ-ის მკვლელობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2001წ. 3 ივლისს, დაახლოებით 5 საათზე, --- 24-ე კორპუსის სადარბაზოში, ავტომატმური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, თ. გ-მა, თავის ძმასთან, ამ ქმედებისათვის მსჯავრდებულ ა. გ-თან ერთად, ჯგუფურად, ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მუშაკებს, რის შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

თ. გ-მა, რომელსაც ადრე არაერთგზის ჰქონდა ჩადენილი სხვისი ქონების გატაცება, 2001წ. 6 ოქტომბერს, ღამით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეაღწია --- მე-- კორპუსის სადარბაზოში არსებულ სარდაფში, საიდანაც წინასწარ მომზადებული სხვადასხვა საშუალების გამოყენებით გადაჭრა და გაიტაცა 70 მეტრი სიგრძის ელექტროსადენი, ღირებული 1190 ლარად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა “---” ---სს.

წარსულში არაერთგზის, მათ შორის 2001წ. 11 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილით ნასამართლევმა ა. ფ-მა უკანონოდ შეიძინა და ატარებდა თ. გ-ის მიერ გადაცემულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ასევე უკანონოდ ინახავდა ლ. კ-ის კუთვნილ, --- 24-ე კორპუსში მდებარე ¹34 ბინაში თ. გ-თან ერთად შეძენილ დიდძალ საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს.

მანვე, თ. გ-ის მიერ გადაცემული “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტით შეიარაღებულმა, 2000წ. 5 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან ერთად, ჯგუფურად, სხვისი ქონების _ ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ზ. ნ-ზე. მანვე ანგარებით, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების შექმნით, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთი გასროლით ჩაიდინა ზ. ნ-ის მკვლელობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. გ-ლი ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ მის მიმართ დადგენილ განაჩენში ცვლილების შეტანას, მიუთითებს, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ დამამტკიცებელ საბუთებს, ამასთან, დარღვეულ იქნა მისი უფლებები.

მსჯავრდებული ა. ფ-ნი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ იგი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, რადგან მის მიერ დანაშაულის ჩადენა არც წინასწარი გამოძიების სტადიაზე და არც საქმის სასამართლო განხილვისას არ დადასტურდა.

წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ნ-ის შესაგებელი, რომელშიც ის მიუთითებს, რომ ორივე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არაა დადასტურებული თ. გ-ის მიერ სსკ-ის 109-ე მუხლით, 224-ე მუხლითა და 2091-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დანაშაულის ჩადენა. ადვოკატმა იშუამდგომლა აღნიშნულ ეპიზოდებში განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. ადვოკატმა დ. ხ-მა ასევე იშუამდგომლა თ. გ-ის ქმედება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. იარაღის ტარებას თ. გ-ლი არ უარყოფს და მისი ქმედება ასევე უნდა დაკვალიფიცირდეს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელის ზომა.

მსჯავრდებული თ. გ-ლი დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულ ა. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მადონა ელიაურმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არაა დადგენილი ა. ფ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა. ადვოკატმა მ. ე-მა იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და ა. ფ-ის მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ.

ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ა. ფ-ნი და იშუამდგომლა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ნ-მა აღნიშნა, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ის დარწმუნდა, რომ სწორედ აღნიშნულმა მსჯავრდებულებმა მოკლეს მისი შვილი, რის გამოც ითხოვა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორმა ე. ქ-ამ აღნიშნა, რომ საქმის განმხილველ სასამართლო კოლეგიას დეტალურად აქვს საქმის გარემოებები გამოკვლეული, სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

პროკურორმა ე. ქ-ამ იშუამდგომლა ორივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არის ძალზე ზოგადი, ხოლო მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ხ-ის მიერ დაყენებული საკითხები იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანი, კერძოდ: საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას სასამართლო კოლეგიამ დეტალურად გამოიკვლია საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მისცა მათ შეფასება. მსჯავრდებულ თ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილად იქნა მიჩნეული, როგორც თვით თ. გ-ის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, კრიმინალისტიკური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, --- ლ. მ-ის ჩვენებით, ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულ თ. გ-ის წარსული (იგი არაერთხელაა ნასამართლევი), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მან დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა პროკურატურისა და პოლიციის მუშაკების განზრახ მკვლელობა, ასევე ბანდიტიზმი). აღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ თ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი _ უვადო თავისუფლების აღკვეთა _ არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ა. ფ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლო კოლეგიამ დაადგინა საქმეზე შეკრებილი ერთობლივი მამხილებელი მასალებით, საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას სასამართლომ გამოიკვლია ყველა გარემოება, რაც ა. ფ-ის საკასაციო საჩივარშია მითითებული. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დეტალურად იქნა გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნები, ახსნილ იქნა მათ შორის არსებული წინააღმდეგობა და მიეცა სათანადო შეფასება.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ფ-ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული მისი უარყოფითი წარსული (იგი არაერთხელაა ნასამართლევი), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რის საფუძველზეც განესაზღვრა სასჯელი. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ფ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ მოიპოვება.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი ორივე მსჯავრდებულის მიმართ არის კანონიერი, მათ მიერ ჩადენილ ქმედებებს სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მათი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვთ განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ნოემბრის განაჩენი თ. გ-სა და ა. ფ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.