დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 15-კოლ 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ი. ე-სა და ადვოკატ ე. ყ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც:
1. ბ. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “თ”, “ზ” ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2002წ. 4 მარტიდან;
2. ი. ე-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “თ”, “ზ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2002წ. 27 მარტიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით ბ. ა-სა და ი. ე-ლს მსჯავრი დაედოთ Eშემდეგ დანაშაულთა ჩადენაში:
2002წ. თებერვალში სხვისი ქონების დიდი ოდენობით დაუფლების მიზნით ბ. ა-მა გადაწყვიტა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა ქ. თბილისში, --- მცხოვრებ ა. ჭ-ის ოჯახს. ამ მიზნით, იგი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები და ნიღაბაფარებულები, 2002წ. 14 თებერვალს, დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე, შევიდნენ ზემოაღნიშნული სახლის ეზოში. დანაშაულის ჩადენის გასაადვილებლად დანით ყელი გამოჭრეს ეზოში მყოფ კავკასიური ჯიშის ძაღლს, რის შემდეგაც ა. ჭ-ეს გააღებინეს კარი, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით უკანონოდ შეაღწიეს ბინაში და მოითხოვეს ფული და ძვირფასეულობა. ვინაიდან ა. ჭ-ეს ფული სახლში არ აღმოაჩნდა, ბ. ა-მა სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვა 10000 ამერიკული დოლარის გადაცემა მეორე დღეს, 11 საათზე. ამასთან, იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა. ჭ-ის კანონიერ მფლობელობაში არსებულ “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტს და 8 ცალ ვაზნას. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა წასაღებად გაამზადეს ოჯახის კუთვნილი ფერწერული ტილოები. მათ გადასაზიდად მიისაკუთრეს ა. ჭ-ის კუთვნილი ავტომანქანის გასაღები, ბინაში მყოფ შ. უ-ს გასტაცეს 300 ლარად ღირებული ოქროს ძეწკვი და 14 ლარი. ა. ჭ-ემ და შ. უ-ამ მოახერხეს სარდაფში მიმალვა, ჩაკეტეს რკინის კარი და შეეცადნენ პოლიციის გამოძახებას. იგრძნეს რა საშიშროება, ბ. ა-ლი და მისი თანმხლები პირი ა. ჭ-ის ბინიდან გაიქცნენ და თან გაიტაცეს შ. უ-ას კუთვნილი ოქროს ძეწკვი, 14 ლარი და ა. ჭ-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი.
ი. ე-მა 2001წ. დეკემბერში უკანონოდ შეიძინა ორლულიანი, გადაჭრილი სანადირო თოფი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა. 2002წ. 17 თებერვალს კი აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი დაქირავებული ტაქსით წაიღო ლაგოდეხის მიმართულებით, მაგრამ გზაში იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და მისგან ამოიღეს იარაღი.
2002წ. 20 თებერვალს, დაახლოებით 17 საათზე, ქ. თბილისში, მეტრო “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ბ. ა-ა და ი. ე-მა გააჩერეს ავტომანქანა “მერსედეს-190”, რომელსაც მისი მესაკუთრე თ. ჩ-ძეE მართავდა და სთხოვეს წაყვანა ე.წ. “---ს” დასახლებაში. მითითებულ ადგილზე მისვლისას თ. ჩ-ეს გააჩერებინეს ავტომანქანა, მიაბჯინეს ცეცხლსასროლი იარაღები, გაჩხრიკეს და ამოაცალეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბინის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ასევე გასტაცეს 80 ლარი და 100 ამერიკულ დოლარად ღირებული “სიმენსის” ფირმის მობილური ტელეფონი. შემდეგ Eშეუკრეს ხელ-ფეხი და დასვეს მანქანის უკანა სავარძელზე. მას გვერდით მიუჯდა ი. ე-ლი, ხოლო საჭესთან დაჯდა ბ. ა-ლი. მათ თ. ჩ-ძეE წაიყვანეს გლდანის მიმდებარედ არსებული მიტოვებული აგარაკებისაკენ, სადაც ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში საწოლზე დააბეს თოკით, სცემეს, პირი აუკრეს “სკოჩით” და გააფრთხილეს, რომ არსად წასულიყო, რადგან მანქანას დაუბრუნებდნენ. დაახლოებით 4 საათის შემდეგ თ. ჩ-ემ დიდი ძალისხმევით შეძლო ხელ-ფეხის გახსნა და გაქცევა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ი. ე-ლი და ბ. ა-ლი მართლაც დაბრუნდნენ უკან, მაგრამ, ვინაიდან თ. ჩ-ძე იქ აღარ დახვდათ, ბ. ა-მა ისევ წაიყვანა ჩუბინიძის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც ხუთი დღის შემდეგ დაზიანებული იქნა ნაპოვნი. მანქანის შეკეთება თ. ჩ-ეს 1200 ამერიკული დოლარი დაუჯდა.
2002წ. 21 თებერვალს ბ. ა-ლი, ი. ე-ლი და გამოძიებით დაუდგენელი პირი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები და ნიღაბაფარებულები თავს დაესხნენ ქ. თბილისში, --- მცხოვრებ ც. ა-ის ოჯახს, უკანონოდ შევიდნენ ბინაში და იქ მყოფი მ. მ-ლი, ი. ნ-ლი და ე. ნ-ლი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით აიძულეს გადაეცათ მათთვის ფული და ძვირფასეულობა. აღნიშნულ პირებს “სკოჩით” აუკრეს პირი, შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს და მიაყენეს დაზიანებები. ყაჩაღური თავდასხმის გზით მათგან გაიტაცეს 8563 ლარის ღირებულების ნივთები, ფული და ი. ნ-ის პირადობის მოწმობა.
2002წ. 23 თებერვალს, დაახლოებით 2 საათზე, ბ. ა-ლი და გამოძიებით დაუდგენელი 2 პირი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, თ. ჩ-საგან გატაცებული ავტომანქანით მივიდნენ მცხეთის რაიონის სოფ. ---ში მდებარე რესტორან “---ში”, სადაც, სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ რესტორნის თანამშრომლებს: გ. კ-ეს, ი. კ-ეს, ნ. ი-ეს, მ. კ-სა და ა. კ-ს. ბ. ა-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მარჯვენა ტერფისა და მარცხენა წვივის არეში დაჭრა მ. კ-ძე და მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული ყაჩაღობის დროს მათ გაიტაცეს 2400 ლარის ღირებულების პირადი ნივთები, ორი ავტომანქანა და 1490 ლარი.
2002წ. 1 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, ბ. ა-ლი, დაუდგენელ პირთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. თბილისში, --- მცხოვრებ მ. შ-ეს, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით აიძულეს ეს უკანასკნელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, მიეცათ ფული და ოქროულობა. ამ გზით მათგან გაიტაცეს 2030 ლარის ღირებულების ნივთები და 50 ლარი. სახლიდან გამოსვლის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით, მათ გაიტაცეს იმავე მისამართზე მცხოვრები კ. ს-ის კუთვნილი მიკროავტობუსი “ფორდი”, რომელიც შემდეგ დატოვეს ---ის დასახლების ტერიტორიაზე.
2002წ. 2 მარტს, დაახლოებით 9 საათზე, ა. ფ-უა თავისი კუთვნილი ავტომანქანა “ნივით” მეგობართან ერთად მივიდა გ---ის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ---ზე. სხვა ავტომანქანების დათვალიერების დროს ა. ფ-ამ თავის მანქანაში ჩატოვა გასაღები. ბ. ა-მა ისარგებლა რა ამით, დროებითი გამოყენების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ა. ფ-ას ავტომანქანას და ფარულად გაიტაცა იგი. ამასთან, მიითვისა მანქანაში არსებული მობილური ტელეფონი. იმევე დღეს, დაახლოებით 17 საათზე, ნასვამი ბ. ა-ლი ა. ფ-საგან გატაცებული ავტომანქანა “ნივით” მივიდა ქ. თბილისში, --- მცხოვრებ გ. მ-ს ეზოში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, გ. მ-ეს მოსთხოვა მისთვის გადაეცა თავისი კუთვნილი “ჟიგულის” მარკის ავტომანქანა და სანაცვლოდ დატოვებდა ავტომანქანა “ნივას”. ვინაიდან ბ. ა-ის მუქარა იყო რეალური, გ. მ-ძე იძულებული გახდა გაეტანებინა თავისი ავტომანქანა. იყო რა ნასვამი, ბ. ა-მა ვერ უზრუნველყო მანქანის უსაფრთხო მართვა, კინოთეატრ “---თან” შეეჯახა მიწისქვეშა გადასასვლელის პარაპეტს და გაუფრთხილებლობით დააზიანა გ. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული Eშემთხვევის შედეგად თვით ბ. ა-მა მიიღო სხეულის დაზიანება, რის გამოც მიყვანილ იქნა ¹-- საავადმყოფოში, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის შედეგად მისგან ამოიღეს მ. შ-საგან გატაცებული ოქროულობა, ა. ჭ-ის კუთვნილი “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 6 ცალი ვაზნით, “ტოკარევის” სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 8 ცალი ვაზნით, რამდენიმე ცალი სხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. გარდა ამისა, ბ. ა-ს 2002წ. 23 თებერვალს, ყაჩაღური თავდასხმის დროს, რესტორან “---ში” დარჩა 9 მმ კალიბრის თვითნაკეთი პისტოლეტი, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ატარებდა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. ე-მა, ადვოკატებმა _ ზ. ჯ-მა და ე. ყ-ამ ითხოვეს საკასაციო საჩივართა დაკმაყოფილება. პროკურორმა ე. ქ-ამ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილა სრულყოფილად, ობიექტურად, გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინა კანონიერი განაჩენი.
პალატას სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულ ი. ე-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია თ. ჩ-ის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში და, აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლად ცნო იგი დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით ი. ე-ზე შერაცხული ბრალდება, უპირველეს ყოვლისა, მთლიანად დადგენილია წინასწარი გამოძიების დროს მის მიერვე მიცემული ჩვენებებით და სხვა მრავალი მტკიცებულებით, რომლებიც გამოიკვლია სასამართლო კოლეგიამ და ნათლად მიუთითა განაჩენში.
უსაფუძვლობის გამო პალატა ასევე არ იზიარებს ი. ე-ის საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია. ბრალდების ამ ნაწილში წინასწარი გამოძიების დროს ი. ე-მა აჩვენა: “ავტომანქანის გატაცებიდან ორი-სამი დღის შემდეგ ჩემთან სამსახურში მოვიდა ბ. (ა-ლი) და მითხრა: რადგანაც იმ საქმეში ფული ვერ გავაკეთეთ, ახლა სხვა რაიმე მოვიფიქროთო. რადგანაც მე ფული ძალიან მჭირდებოდა, დავთანხმდი. ბ-ს თან ახლდა მისი მეგობარი, ვინმე დ. ჩვენ მივედით მეტრო “---თან” ახლოს და შევედით ერთ-ერთ კორპუსში. დავიწყეთ სხვადასხვა კარის მოსინჯვა. მეორე თუ მესამე სართულზე ერთ-ერთი ბინის კარი აღმოჩნდა ჩაუკეტავი. დავაწექით სახელურს, კარები გაიღო და სამივენი შევედით შიგნით. ბ-ს თან ჰქონდა რევოლვერი, ნიღბები არ გვეკეთა. ბინაში დაგვხვდნენ ახალგაზრდა ბიჭი და ხანდაზმული ქალი. ჩვენ მათ მოვთხოვეთ ფული და ძვირფასეულობა, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. მე დავრჩი მათთან, ხოლო ბ-მ და დ-მ დაიწყეს ბინის ჩხრეკა. ცოტა ხნის შემდეგ ბ. და დ. შემოვიდნენ ოთახში და მითხრეს _ წავიდეთო. წასვლის წინ ჩვენ, სამივემ, იმ ბიჭსა და ქალს ხელ-ფეხი Eშევუკარით და პირიც ავუკარით. როდესაც ბინიდან გამოვდიოდით, ვნახე, რომ დერეფანში ელაგა ერთი ჩემოდანი და ერთი სპორტული ჩანთა. მე ჩემოდანი ავიღე, ბ-ომ კი _ ჩანთა. გზაში ბ-ომ მითხრა, რომ ჩემოდანში ჭურჭელი, ვაზები და სხვა საოჯახო ნივთები იყო, რომლის რეალიზაციის შემდეგ ჩემს წილს მომცემდა. შემდეგ გავიგე, რომ ბესო დაუჭერიათ”.
პალატის სხდომაზე კი ი. ე-მა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულის მონაწილე ის გაუგებრობით გახდა, ყაჩაღობის ჩასადენად წინასწარი შეთანხმება არ ჰქონიათ და ამიტომ არ ცნობს თავს დამნაშავედ ყაჩაღობის ბრალდებაში. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის ეს განმარტება არა თუ გამორიცხავს მის ბრალეულობას შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, არამედ ერთხელ კიდევ ადასტურებს განაჩენის დასაბუთებულობასა და კანონიერებას.
პალატა თვლის, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, აგრეთვე ჩადენილ დანაშაულთა მოტივის, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, ი. ე-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და მისი შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადვოკატ ე. ყ-სა და მსჯავრდებულ ბ. ა-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულის მამხილებელი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად. პალატა თვლის, რომ გამოძიების პროცესში ყველა მტკიცებულება მოპოვებული და გამოკვლეულია კანონით დადგენილი წესის ფარგლებში და მათი დაუშვებლად მიჩნევისათვის სათანადო საფუძველი არ არსებობს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთის ირგვლივ გამომძიებელს არა აქვს გამოტანილი დადგენილება საქმეზე დართვის შესახებ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, არ შეიძლება მივიჩნიოთ განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლად.
განაჩენით ბ. ა-ლზე შერაცხული ბრალდებები უდავოდ არის დადასტურებული მსჯავრდებულ ი. ე-ის, მოწმეებისა და დაზარალებულების ჩვენებებით, მისგან ამოღებული ნივთებითა და იარაღებით, ბალისტიკური, ბიოლოგიური, დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზებითა და სხვა მტკიცებულებებით.
პალატა თვლის, რომ ბ. ა-სათვის შეფარდებული სასჯელი არის სამართლიანი და მისი შემსუბუქებისათვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენი ი. ე-ისა და ბ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.