შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 18-კოლ 3 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც კ. ყ-ლი სრული მოცულობით ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად. გენერალურ პროკურატურას დაევალა წერილობით ბოდიშის მოხდა და ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის 5400 ლარის ანაზღაურება სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
გენერალურმა პროკურატურამ კ. ყ-ლი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით. საბრალდებო დასკვნის მიხედვით მისი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: იგი 1992 წლიდან მუშაობდა შსს-ს --- ეროვნული ბიუროს განყოფილების ---ად. 2002წ. 24 აპრილს, დაახლოებითY 23 საათსა და 30 წუთზე, ამავე ბიუროს ---ე მ. მ-ის მითითებით, სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიიყვანა ქ. თბილისში მცხოვრები მოქალაქე ი. ნ-ლი იმ მოტივით, რომ თითქოსდა იმ დღეს მის სახელზე საფრანგეთიდან მიღებულ ამანათში იყო დიდი ოდენობით _ საბაზრო ფასით 30000 აშშ დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება “---”. მას შემდეგ, რაც ი. ნ-მა უარყო ამანათით ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი, მ. მ-ემ დაავალა პირველი და მეორე განყოფილების ---ებს _ კ. ყ-სა და ტ. მ-ეს, წასულიყვნენ ი. ნ-თან ერთად და ნარკოტიკების დასაძებნად გაეჩხრიკათ მისი ბინა. იმავე ღამეს, დაახლოებით 2 საათზე, კ. ყ-მა და ტ. მ-ემ, ბოროტად გამოიყენეს რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სასამართლოს სათანადო ბრძანების, დამსწრეებისა და შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე, მხოლოდ ი. ნ-ის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანდასწრებით უკანონოდ ჩაატარეს ბინის ჩხრეკა, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერება ვერ იპოვეს და ვერ ამოიღეს. მიუხედავად ამისა, კ. ყ-მა და ტ. მ-ემ იმ ღამით ი. ნ-ლი კვლავ წარადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მან დილის 5 საათამდე დაჰყო.
2002წ. მარტიდან ივნისამდე განვლილ პერიოდში ქ. თბილისში მცხოვრები ლ. მ-ი თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროსთან, ჩართული იყო აგენტურულ ქსელში და კავშირი ჰქონდა ამავე ბიუროს --- ზ. კ-თან. ამ ხნის მანძილზე მისი ინიციატივითა და მონაწილეობით გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალების არაერთი მომხმარებელი, რომელთაგან ზოგიერთი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 2002წ. 14 მაისს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ლ. მ-ლი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის, რაც ზ. კ-ის ინიციატივითა და მხილებით განხორციელდა. ამით განაწყენებულმა ლ. მ-მა იგრძნო რა იმის საფრთხე, რომ ანალოგიური შემთხვევის განმეორებისას დადგებოდა მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, დაიწყო ფიქრი, როგორ დაეღწია თავი პოლიციასთან თანამშრომლობისაგან. ამ მიზნით, ივნისის პირველ ნახევარში დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია “---ის” გადაცემა “60 წუთის” ---ებს _ ბ. კ-სა და ვ. კ-ეს და გადაწყვიტა პოლიციის მუშაკების მხილება. აღნიშნულ ჟურნალისტებთან ერთად, გადაცემა “---ის” რედაქციაში დაიგეგმა სხვა პირების დასაკავებლად პოლიციის თანამშრომლების მიერ ლ. მ-სათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ვიდეოფირზე ფარული ჩაწერა. ამისათვის ლ. მ-ლს სხეულზე მიამაგრეს ფარული გადაღების კამერა. 2002წ. 14 ივნისს ლ. მ-ლი ტელეფონით დაუკავშირდა შსს --- ეროვნული ბიუროს --- განყოფილების უფროს კ. ყ-ლს, რომელსაც შესთავაზა ტელეგადაცემა “---ის” ჟურნალისტებთან ერთად შეთხზული ლეგენდა, რომ თითქოს ზუგდიდიდან ჩამოსული იყო ორი ნარკომანი, რომლებისთვისაც შეიძლებოდა ნარკოტიკების მიყიდვა და შემდეგ მათი დაკავება. ამ მიზნით კ. ყ-ლს სთხოვა ნარკოტიკი.
კ. ყ-მა მოიწონა ლ. მ-ის მიერ შეთავაზებული წინადადება, რის შემდეგაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ზუგდიდელ ნარკომანებზე გადასაცემად, ლ. მ-ზე გაასაღა ქაღალდში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება “---”, რაც მან გამოძახებისათვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა თავის სამუშაო კაბინეტში. კ. ყ-საგან მიღებული ნარკოტიკი ლ. მ-მა გადასცა “---ის” --- ბ. კ-ეს, რომელმაც ის გამოსაკვლევად წარადგინა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევის ცენტრში.
2002წ. 16 ივნისს სხეულზე ფარული ვიდეოკამერით აღჭურვილი ლ. მ-ლი კვლავ შეხვდა კ. ყ-ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უფროს --- გ. კ-ის თანდასწრებით გამოჰკითხა ზუგდიდელების შესახებ. ლ. მ-მა კვლავ გაუმეორა დასაკავებელ პირთა ვინაობა და დაამატა, რომ ისინი “ქ-ები” იყვნენ, რითაც მიანიშნა მათ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე. ამასთან, მათთვის მიყიდვის მოტივით კვლავ მოსთხოვა კ. ყ-ლს ნარკოტიკული ნივთიერება. კ. ყ-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, განმეორებით გაასაღა ლ. მ-ზე მის მიერ ქაღალდში შეხვეული, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება “---”, რაც დაფიქსირდა ფარული ვიდეოკამერით. აღნიშნული ნარკოტიკი შს სამინისტროს შენობასთან კვლავ გადასცა “---ის” --- ბ. კ-ეს, რომელიც ამ უკანასკნელმა მეორე დღეს გამოსაკვლევად წარუდგინა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ კ. ყ-ის მიერ ლ. მ-ზე გასაღებული და ამ უკანასკნელის მიერ --- ბ. კ-ზე გადაცემული ორ პაკეტში დაფასოებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება “---”, საერთო წონით _ 0,209 გრამი.
კ. ყ-ის მიერ ლ. მ-ზე ნარკოტიკის მეორედ გადაცემის შემდეგ შს სამინისტროში დაიგეგმა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზუგდიდელი პირების მხილების ოპერაცია, რის შემდეგაც, ---ებთან შემუშავებული გეგმის მიხედვით, ლ. მ-მა თითქოს აღნაგობის დამახსოვრების მიზნით, სამინისტროს თანამშრომლებს აჩვენა გადაცემა “---ის” ერთ-ერთი თანამშრომელი _ “როგორც ზუგდიდელი ნარკომანი”, მაგრამ დათქმულ დროს პოლიციის მუშაკები “ნარკომანთა” დასაკავებლად არ გამოცხადდნენ.
სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი თქვა კ. ყ-ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებზე და ამ ნაწილში მოითხოვა საქმის შეწყვეტა. 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება კი გადააკვალიფიცირა 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ, საქმეზე შეკრებილ ძირითად მტკიცებულებათა დაუშვებლად მიჩნევის გამო, კ. ყ-ის მიმართ 2003წ. 10 მარტს დაადგინა გამამართლებელი განაჩენი და მას განუმარტა რეაბილიტაციის მოთხოვნის უფლება. ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ. გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კ. ყ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სრული რეაბილიტაცია, შესაბამისი ორგანოებისაგან წერილობით ბოდიშის მოხდა და მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოსაგან 103280 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ კ. ყ-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ. იგი ცნო სრულად რეაბილიტირებულად და გენერალურ პროკურატურას დაავალა მისთვის წერილობით ბოდიშის მოხდა. ფინანსთა სამინისტროს კი დაავალა მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარისა და დაცვის ხარჯების ასანაზღაურებლად 400 ლარის გადახდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ კ. ყ-ლს უარი უნდა ეთქვას დაცვის ხარჯების _ 400 ლარის ანაზღაურებაზე, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ ასანაზღაურებელი თანხა უნდა შემცირდეს.
საკასაციო საჩივრის შესაგებლით კ. ყ-ლი ითხოვს საჩივრის უარყოფასა და საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება. რეაბილიტირებულმა კ. ყ-მა და პროკურორმა ბ. გ-ემ იშუამდგომლეს სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინება კ. ყ-ის რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე არსებითად კანონიერია და მას სადავოდ არ ხდის არც ერთი მხარე.
პალატა არ იზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რეაბილიტირებულ კ. ყ-ლს არ უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატის მომსახურების თანხა _ 400 ლარი. საქმეზე დართული ქვითრებით უდავოდ დადგენილია, რომ კ. ყ-ლს ადვოკატის მომსახურებისათვის ნამდვილად აქვს გადახდილი 400 ლარი, რაც არ შეიძლება არარეალურად და გაზვიადებულად ჩაითვალოს.
რაც შეეხება მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი თანხის შემცირებას, ამ ნაწილში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს საჩივრის დაკმაყოფილებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს კ. ყ-ლი დაპატიმრებული არ ყოფილა. იგი აღდგენილია სამუშაოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის მოადგილედ). სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმდინარეობს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ამ მიზნით საკმაოდ შეზღუდული რაოდენობის თანხაა გამოყოფილი. ყოველივე ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ კ. ყ-ის მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პიველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
კ. ყ-ის რეაბილიტაციის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მერვე პუნქტით განსაზღვრული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა შემცირდეს 4000 ლარით და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა კ. ყ-ლს გადაუხადოს 1000 ლარი. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.