საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 39-დად 27 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, გ. ბორჩხაძე
განიხილა ე. ქ-ის ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ გ. ტ-ის კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე მ. ლ-ის საჩივარი, გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყალბი ფულისა და ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მ. ნ-ის 2003წ. 5 თებერვლის დადგენილება (7 თებერვალს დამტკიცებული პროკურორის მიერ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 31 ივლისს შს სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოს საჩივრით მიმართა შპს “---” დირექტორის მოადგილემ მ. ლ-ემ. იგი მიუთითებდა აღნიშნული პოლიკლინიკის პრივატიზების პროცესში დაშვებულ კანონდარღვევაზე და ითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას.
ანალოგიური საჩივრით მ. ლ-ემ მიმართა უშიშროების სამინისტროსაც, საიდანაც საჩივარი გადაეგზავნა გენერალურ პროკურატურას, შემდეგ კი _ შს სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოს, სადაც იგი შევიდა 2002წ. 6 აგვისტოს.
მ. ლ-ს საჩივრები სრულყოფილი შემოწმებისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად დაეწერა შს სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყალბი ფულისა და ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსს მ. ნ-ეს, რომელმაც ჩატარებული მოკვლევით დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 ოქტომბრის ¹-- ბრძანებულებით “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ” ქ. თბილისის მოზრდილთა ¹-- პოლიკლინიკა შეტანილ იქნა სამედიცინო ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხაში და იგი პირდაპირი მიყიდვის წესით უნდა გაყიდულიყო სამედიცინო პერსონალის განაცხადის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 სექტემბრის ¹-- ბრძანებულებით დამტკიცებული ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი დებულებით შეიქმნა ¹-- პოლიკლინიკის საპრივატიზაციო კომისია სამი წევრის _ იმ დროისათვის ¹26 პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ვ. მ-ს, მთავარი ექიმის მოადგილის ლ. ხ-სა და განყოფილების გამგის ე. ქ-ის შემადგენლობით. ეს უკანასკნელი არჩეულ იქნა საპრივატიზაციო კომისიის თავმჯდომარედ.
საპრივატიზაციო კომისიამ დაადგინა ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი, რამაც 25010 აშშ დოლარი შეადგინა. 1998წ. 25 დეკემბერს ქონების მართვის მინისტრმა გამოსცა ¹--/-- ბრძანება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მოზრდილთა ¹-- პოლიკლინიკის საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვრა 25010 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ლარებში. აღნიშნული კლინიკის შრომითმა კოლექტივმა წერილობითი თანხმობით დაადასტურა, რომ ობიექტს შეისყიდდა 25010 აშშ დოლარად.
1999წ. მაისში ცნობილი გახდა, რომ ობიექტის გასაყიდ ფასში არ იყო გათვალისწინებული პოლიკლინიკის ბალანსზე რიცხული რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის ღირებულება.
ქონების მართვის მინისტრის 1999წ. 25 ოქტომბრის ¹--/--/-- ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ზემოთ მითითებულ 1998წ. 25 დეკემბრის ¹--/--/-- ბრძანების მე-2 პუნქტში და რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის, ასევე დაკავებული მიწის ფართის ღირებულების გათვალისწინებით, ობიექტის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 27610 აშშ დოლარი. ეს თანხა მთლიანად გადაიხადა კოლექტივმა. 2000წ. 22 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ¹-- პოლიკლინიკის პრივატიზებისას, ობიექტის საწყისი ფასის განსაზღვრის დროს, გათვალისწინებული არ ყოფილა დებიტორული დავალიანება 72850,76 ლარის ოდენობით, რომელიც პოლიკლინიკას ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურიდან მუნიციპალური პროგრამით შესრულებული სამუშაოებისათვის უნდა მიეღო. დებიტორული დავალიანების თანხა კი, ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის დროს, აქტების მიხედვით, აუცილებლად უნდა დამატებოდა ობიექტის გასაყიდ ღირებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოზრდილთა ¹-- პოლიკლინიკის პრივატიზებისას სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა ზარალი 72850,76 ლარის ოდენობით.
ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყალბი ფულისა და ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა მ. ნ-ემ 2003წ. 5 თებერვალს მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ე. ქ-ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული დადგენილება პროკურორმა დაამტკიცა 2003წ. 7 თებერვალს.
მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებულ დადგენილებას არ დაეთანხმა მ. ლ-ე და მან საჩივრით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოითხოვა დადგენილების გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2003წ. 8 აპრილის დადგენილებით დააკმაყოფილა მ. ლ-ის საჩივარი და გააუქმა მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ე. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ტ-ლი, რომელმაც სასამართლოს დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
პალატამ საჩივარი განიხილა 2003წ. 11 სექტემბერს, თავისი განჩინებით გააუქმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილება და მასალები ხელახალი განხილვისათვის გადასცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და 2003წ. 12 ნოემბრის დადგენილებით გააუქმა მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადასცა გენერალურ პროკურატურას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ე. ქ-ის ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი გ. ტ-ლი ითხოვს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის დადგენილების გაუქმებას, მიუთითებს, რომ მოკვლევის ორგანომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ადვოკატი გ. ტ-ლი მიუთითებს, რომ მომჩივანი (მ. ლ-ძე) არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ “პროცესის მონაწილეს”, მისი არანაირი უფლება არ დარღვეულა და მისთვის არანაირი მორალური, ქონებრივი ან ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ.
პალატის სხდომაზე ე. ქ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა გ. ტ-მა ვრცლად მიმოიხილა მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა წარმოადგინა დამატებითი საჩივარი, რომელიც დაერთო მასალებს.
ე. ქ-მა აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებულ დადგენილებას, მასალები არ საჭიროებს რაიმე დამატებით შემოწმებას და იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების გაუქმების შესახებ (წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც დაერთო მასალებს).
მ. ლ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა თ. ქ-მა კანონიერად მიიჩნია სასამართლოს დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნულს დაეთანხმა მ. ლ-ეც.
პროკურორმა მ. მ-მა აღნიშნა, რომ საჭიროა სასამართლოს დადგენილებაში მითითებული საკითხების შემოწმება. მან იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ თავის დადგენილებაში დეტალურად მიუთითა იმ საკითხთა შემოწმების აუცილებლობაზე, რომელთა გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.
კერძო საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მ. ლ-ძე არ წარმოადგენდა პროცესის მონაწილეს, პალატა ვერ გაიზიარებს. წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ მ. ლ-ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა და შემოწმდა ის საკითხები, რომლებიც მის საჩივარში იყო მითითებული. ამასთან, როგორც მასალებიდან ირკვევა და თვით მ. ლ-ემ განმარტა, მან დაშვებული დარღვევების გამო განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი.
პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, მ. ლ-ძე წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს და მას ჰქონდა უფლება, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება გაესაჩივრებინა სასამართლოში.
პალატა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 2003წ. 8 აპრილს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება, 2003წ. 6 ივნისს მასალები გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოს, რომელმაც დაიწყო მოკვლევის ჩატარება, შეამოწმა სასამართლოს დადგენილებაში მითითებული ზოგიერთი საკითხი, მაგრამ შემდეგ არ მიიღო რაიმე გადაწყვეტილება, რადგან მხარემ სასამართლოს დადგენილება გაასაჩივრა საკასაციო პალატაში. ამდენად, როგორც პროკურატურამ, ასევე მოკვლევის ორგანომ მიუთითეს, რომ მ. ლ-ის საჩივართან დაკავშირებით საკითხები არ იყო სრულყოფილად შემოწმებული, რაც სასამართლომაც მიუთითა თავის დადგენილებაში. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ სრულყოფილად უნდა შემოწმდეს სასამართლოს დადგენილებაში მითითებული საკითხები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 242-ე, 243-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა შს სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მ. ნ-ის 2003წ. 5 თებერვლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.