შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.02.2004
საქმის ნომერი
2კ-41აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 41-აპ 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 სექტემბრის განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 სექტემბრის განაჩენით დ. შ-ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 თვე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 9 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 14 ნოემბერს ქობულეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეცვალა იმ მიმართებით, რომ დ. შ-ლს სასჯელი _ 9 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირა 5 წლამდე და 1 თვემდე.

განაჩენით დ. შ-ლს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 დეკემბრის განაჩენით დ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 2 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. პირობით გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

2002წ. 26 აგვისტოს, ღამით, მან შეაღწია ქობულეთში, --- მდებარე ¹-- სახლში და დამსვენებლებს, ცოლ-ქმარს _ გ. ფ-ას და ნ. წ-ეს ფარულად გასტაცა ორი მობილური ტელეფონი. ამ ქმედებით მან დაზარალებულებს მიაყენა 250-250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ არის ახალგაზრდა, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა _ თ. კ-ემ და ნ. მ-ემ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დ. შ-სათვის სასჯელის შემსუბუქება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. გ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი დ. შ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმე გ. კ-ს, დაზარალებულების _ ნ. წ-ის, გ. ფ-ას განმარტებებით, ნივთმტკიცებებით, დ. შ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულად არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მსჯავრდებულს დაუნიშნა მეტისმეტად მკაცრი სასჯელი. მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, მას კმაყოფაზე ჰყავს მშობლები, რომელთა ერთადერთი მარჩენალი ის არის, საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მას აღენიშნება მარჯვენა თირკმლის კენჭოვანი დაავადება. დაზარალებულებს მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით დაუბრუნა მობილური ტელეფონები და მათ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. შ-ლს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 2 წლით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დ. შ-ლს სასჯელი _ 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 1 თვით.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და რა საჩივრდება.