საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 43-აპ 24 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, თ. ლალიაშვილი
განიხილა ქ. თბილისის პროკურორის უფროსი თანაშემწის _ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ-ლს საბრალდებო დასკვნით ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ე.ი. იმაში, რომ მან ჩაიდინა: ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, არაერთგზის, მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით, აგრეთვე ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად და სადგომში უკანონო შეღწევით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ე. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მან, სხვა პირებთან ერთად, შექმნა ორგანიზებული ჯგუფი მსუბუქი ავტომანქანების გატაცებისა და რეალიზაციის მიზნით. სულ ჯგუფში გაერთიანებული იყო ოთხი პირი. ჯგუფმა მოქმედება დაიწყო 2002წ. იანვარში. 9 იანვარს მათ ფარულად და უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქე ა. ც-ის ავტოფარეხში და გაიტაცეს მისი კუთვნილი, 3500 აშშ დოლარად ღირებული მსუბუქი ავტომანქანა “მიცუბიში პაჯერო”.
2002წ. 30 იანავარს იმავე ჯგუფმა ფარულად გაიტაცა ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის მე-7 კორპუსის წინ გაჩერებული, 10253 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა “მიცუბიში პაჯერო”, რომელიც იყო შემოსავლების სამინისტროს ბალანსზე. აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით 2002წ. 14 თებერვალს ქ. თბილისში, ---, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ე. ბ-ლი, რომელსაც ადგილზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მის მიერ გამოძიებით დაუდგნელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი _ “ბრაუნინგის” სისტემის პისტოლეტი ორი საბრძოლო ვაზნით, რომელთაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
ე. ბ-ის ბრალდების საქმე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2003წ. 8 ივლისის განაჩენით ე. ბ-ლი გაამართლა სსკ-ის 177-ე მუხლითY წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო იმავე განაჩენით სასამართლომ იგი ბრალეულად ცნო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 5 თვის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი, რომლითაც ე. ბ-ლი გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის უფროსმა თანაშემწე ჯოხაძემ იმ მოტივით, რომ სასამართლომ ე. ბ-ლი უსაფუძვლოდ გაამართლა, ხოლო ბრალად შერაცხული დანაშაულისათვის, გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მას დაუსაბუთებლად დაუნიშნა ლმობიერი სასჯელი, რის გამოც აპელანტი ითხოვდა ამ განაჩენის გაუქმებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა თ. ა-ემ, დააზუსტა რა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა ე. ბ-ის მიმართ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2003წ. 8 ივლისს გამოტანილი განაჩენის გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. ბ-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების მიხედვით და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებასთან ერთობლიობაში მის მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, არ დააკმაყოფილა რა პროკურორის მოთხოვნა, 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დატოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ ე. ბ-ის ბრალდების საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რადგან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განაჩენის თაობაზე პროცესში მონაწილე პროკურორმა თ. ა-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებასა და ე. ბ-ის ბრალდების საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას. საჩივრის საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა არაჯეროვანი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ე. ბ-ლი უსაფუძვლოდ გამართლდა მის მიმართ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენის ბრალდებაში, ხოლო ბრალად შერაცხული დანაშაულისათვის მას დაენიშნა მეტად ლმობიერი სასჯელი.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ე. ბ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ე. ბ-ის ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ ე. ბ-ის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის უტყუარი და სარწმუნო; ამასთან, ისინი არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივია და, ძირითადად, წარმოადგენენ დაზარალებულთა და მოწმეთა არაერთხელ შეცვლილ ჩვენებებს; ხოლო, რაც შეეხება არაპირდაპირ მტკიცებულებებს, რომ არაფერი ითქვას მათ არადამაჯერებლობაზე, ისინი მთლიანობაში არასაკმარისია ბრალის უტყუარად დადასტურებისათვის. ამდენად, ვერც წინასწარი გამოძიებით და ვერც ორჯერ ჩატარებული სასამართლო გამოძიებით ვერ შეიკრიბა ისეთი მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობით აღმოიფხვრებოდა ყოველგვარი ეჭვი ე. ბ-ის ბრალეულობასთან მიმართებაში. ასეთ პირობებში კი პირის დამნაშავედ ცნობა ამა თუ იმ ქმედების ჩადენაში, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ბრალდება, დაუშვებელია. ასეთ დასკვნამდე პალატა მივიდა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ მხარეთა უშუალო მონაწილეობით საფუძვლიანად შეამოწმა საქმეში არსებული მასალები და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.
რაც შეეხება ე. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას, პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათის, მისი სიმძიმისა და ასეთი ქმედებისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლების გათვალისწინებით, იგი სასამართლოს მიერ სწორად არის განსაზღვრული და ვერ ჩაითვლება მეტისმეტად ლმობიერად.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 20 ნოემბერს მსჯავრდებულ ე. ბ-ის ბრალდების საქმეზე გამოტანილ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურორის უფროსი თანაშემწის _ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.