საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.02.2004
საქმის ნომერი
2კ-50აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 50-აპ 17 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ადვოკატ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც დ. პ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მიესაჯა სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელს იხდის 2002წ. 2 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 მარტის განაჩენი კ. რ-ის მიმართ. იგი განაჩენს არ ასაჩივრებს.

აღწერილობითი ნაწილი:

არასრულწლოვნები _ კ. რ-ვი და დ. პ-ნი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 თებერვლისა და 21 მარტის განაჩენით მსჯავრდებულნი იქნენ იმ დროს მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შეფარდებული სასჯელის აღსრულება სსკ-ის 47I-ე მუხლის საფუძველზე გადაედოთ ორი წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 მაისის დადგენილებით დ. პ-ა და კ. რ-ვს მოეხსნათ განაჩენით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ.

2002წ. 29 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე, დ. პ-ნი და კ. რ-ვი იმყოფებოდნენ რა ქ. რუსთავის პარკში, შენიშნეს, რომ მათთვის უცნობმა პიროვნებამ (---ის მოქალაქე ქ. რ-სი) საუბრის დამთავრების შემდეგ მობილური ტელეფონი ჩაიდო ჯიბეში. მათ განიზრახეს ამ მოქალაქისათვის წაერთმიათ ტელეფონი. ამ მიზნით კ. რ-ვი მივარდა კ. რ-დს და გაუკავა ხელები, ხოლო დ. პ-მა აშკარად გასტაცა 120 ლარად ღირებული ტელეფონი, რის შემდეგაც მიიმალნენ და გატაცებული ტელეფონი მეორე დღეს გაყიდეს 60 ლარად.

გარდა ამისა, განაჩენის მიხედვით, 2002წ. 1 დეკემბერს, ღამით, დ. პ-მა უკანონოდ შეაღწია ქ. ---ში მცხოვრები ვ. ჩ-ის ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად გაიტაცა 50 ლარად ღირებული ვიდეომაგნიტოფონი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ამ მოქალაქეს.

წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს დ. პ-მა და კ. რ-ვმა მოქალაქე კ. რ-ის გაძარცვისათვის წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნეს დამნაშავედ და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული. მოქალაქე ვ. ჩ-ის ბინიდან ვიდეომაგნიტოფონის ქურდობაში კი დ. პ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ბინის გასაღები მას მისცა ვ. ჩ-ემ და მისივე თანხმობით წაიღო ეს ნივთი დროებითი გამოყენების მიზნით.

ადვოკატ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ითხოვს დ. პ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე-მესამე ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ბ. ბ-მა დამატებით ითხოვა დ. პ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.

პროკურორმა ა. ს-მა მხარი არ დაუჭირა ადვოკატის მოთხოვნებს და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო მოთხოვნათა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია საპროცესო ნორმების დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად. გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო ორგანოებმა მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საფუძვლიანად დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდების ყველა ეპიზოდში როგორც დ. პ-ის, ასევე _ კ. რ-ის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გაითვალისწინა დ. პ-ის მიმართ როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და მას სასჯელის ღონისძიებად განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი, რომლის პირობითი შეცვლის კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია.

საკასაციო საჩივრისა და ადვოკატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ. პ-ნს არ ჩაუდენია ვ. ჩ-ის ბინაში მართლსაწინააღმდეგო შეღწევა და ვიდეომაგნიტოფონის ფარული გატაცება, საქმის მასალებით არ დასტურდება. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა სრულყოფლად გამოიკვლიეს ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც მთლიანად ადასტურებენ დ. პ-ის ბრალეულობას ვ. ჩ-ის კუთვნილი ნივთის ქურდობაში. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულის მიერ ჩვენების ნაწილობრივი შეცვლა სრულიადაც არ ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რასაც სწორი შეფასება მისცა სასამართლო პალატამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აგვისტოს განაჩენი დ. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.