საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 25.03.2004
საქმის ნომერი
2კ-27აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 27-აპ 25 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ა-ძე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1997წ. 17 ოქტომბრის რედაქცია), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 204-ე მუხლით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 378-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, როგორიცაა:

თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სამეწარმეო საქმიანობა სპეციალური ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება; ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნისა და აღრიცხვის სხვა დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; არაერთთგზის ყალბი ბეჭდისა და შტამპის დამზადება; თვითნებობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; გადასახადით დასაბეგრი ობიექტების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება, ჩადენილი არაერთგზის; წინასწარი პატიმრობის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

განაჩენის მიხედვით ა. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ა. ა-ემ განიზრახა რა მოქალაქეთა მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით მათი კუთვნილი თანხების მისაკუთრება და ქონებრივი უფლების მიღება, 1998წ. 8 ივლისს იგი გატარდა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე “---” და სასამართლოს დადგენილებით მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი --/--. იმავე დღეს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი --. შემდეგ ქ. თბილისში, ---ის ¹--/--ში, ყოველგვარი რეგისტრაციისა და საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვის გარეშე, დააარსა ფირმა, ინდივიდუალური კერძო კომპანია “---”-ის სახელწოდებით. მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი ნდობის მოპოვების გაადვილების მიზნით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის დამაჯერებლობისათვის, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელ ფირმაში, ყალბად დაამზადა ფაქტობრივად არარსებული ინდივიდუალური კერძო კომპანია “---”-ის შტამპი და იმავე სახელწოდების ბეჭედი, რომლის არაერთგზის გამოყენებით, სისტემატურად ამოწმებდა სხვადასხვა პირთან მოტყუებით დადებულ სხვადასხვა შინაარსის ყალბ ხელშეკრულებებს და სალაროს შემოსავაალ-გასავლის ორდერებს.

ამის შემდეგ, თაღლითობის გაგრძელების მიზნით, დაუდგენელ დროს, ადგილას და ვითარებაში, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, განმეორებით, ყალბად, ისევ დაამზადა არარსებული ფირმის _ “---”-ის ბეჭედი, რაც შემდეგ არაერთგზის გამოიყენა მოქალაქეებთან მოტყუებით დადებული სხვადასხვა სახისა და შინაარსის ყალბი ხელშეკრულებისა და სალაროს შემოსავალ-გასავლის ორდერების დამოწმების მიზნით.

მან, დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაციის გაადვილების, მოქალაქეთა ნდობის მოპოვებისა და მათი მოტყუებით მიზიდვის მიზნით, 1998-2000 წლებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, კერძოდ კი, გაზეთ “---ში” განათავსა არარსებული ფირმის “---”-ის სახელით სხვადასხვა შინაარსის განცხადებები. ამასთან ერთად, ქ. თბილისში, ---ის გამზირისა და ---ის ქუჩის გადაკვეთაზე დადგა აღნიშნული ფირმის სარეკლამო დაფა, რომლის საშუალებით მას უკავშირდებოდა სხვადასხვა პირი.

ა. ა-ე თავიდანვე რომ თაღლითური განზრახვით მოქმედებდა, უდავოდაა დადასტურებული იმით, რომ ფირმა “---” საერთოდ არ იყო რეგისტრირებული და ფაქტობრივად, მოქალაქეებთან დადებული არც ერთი ხელშეკრულების ფაქტიური შესრულება არ შეეძლო და მან ასეთი ფირმა ჩამოაყალიბა მხოლოდ მოქალაქეთა მოსატყუებლად და მათი ნდობის მოსაპოვებლად. ამავე მიზანს ემსახურებოდა მის მიერ ყალბად შექმნილი ბეჭედი და შტამპი, რომლებსაც იყენებდა მოქალაქეთა მოსატყუებლად, მათი ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დასაუფლებლად და მათზე ქონებრივი უფლების მისაღებად.

აღნიშნული ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით 1998-2001 წლებში ა. ა-ემ მრავალ ათეულ მოქალაქესთან გააფორმა ფიქტიური ხელშეკრულებები მათ კუთვნილ ბინებზე ქირავნობის, ყიდვა-გაყიდვის, გირავნობისა და იპოთეკის სახით, ხოლო შემდეგ, სხვადასხვა მანიპულაციის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა მათ და ისაკუთრებდა. მათთან დადებულ ხელშეკრულებათა სიყალბის შესახებ დაზარალებულებმა არაფერი იცოდნენ, რითაც სარგებლობდა ა. ა-ძე მათი ნდობის მოსაპოვებლად და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.

ამგვარი თაღლითური მოქმედებით ა. ა-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, სულ _ 105625 აშშ დოლარის ოდენობით, მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 209385,5 ლარს. გარდა ამისა, ა. აბაზაძემ თაღლითური მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის მიიღო დიდი ოდენობით ქონებრივი უფლება მოტყუებით _ 75115 აშშ დოლარის ოდენობით, მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 150351 ლარის ოდენობით, სულ კი მთლიანად _ 180740 აშშ დოლარის, მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 359736,5 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ა. ა-ემ, თაღლითური გზით მიიზიდა და დაეუფლა რა მოქალაქეთა თანხებს და მიიღო ქონებრივი უფლება, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განიზრახა სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, განეხორციელებინა მოქალაქეებზე კრედიტების გაცემა, გარკვეული სარგებლის გადახდით.

2000წ. აპრილში, ზუსტი რიცხვი უცნობია, ა. ა-ეს დაუკავშირდა ქ. თბილისში, --- მცხოვრები მოქ. ნ. ქ-ძეE და სთხოვა სესხის სახით 2500 აშშ დოლარის მიცემა, თან შეთანხმდნენ ყოველთვიური 10%-იანი სარგებლის გადახდაზე. რადგან ა. ა-ეს იმ მომეტში არ ჰქონდა სესხად გასაცემი თანხა, შეპირებული 2500 აშშ დოლარი გადასცა ივლისში, რის შესახებაც გააფორმეს ხელშეკრულება. პირველი თვის სესხის პროცენტი, ე.ი. 200 აშშ დოლარი, ანუ მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 394 ლარი, ნ. ქ-ემ შეიტანა 2000წ. 17 ივლისს, ხოლო მთლიანი თანხა _ 2500 აშშ დოლარი, ანუ მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 2950 ლარი, შეიტანა იმავე წლის 21 ნოემბერს. ა. ბ-ემ ნ. ქ-ეს მოსთხოვა მთლიანი თანხის პროცენტის დაფარვაც, რაც ამ უკანასკნელმა ა. ა-ეს გადასცა 2000წ. დეკემბერში 900 აშშ დოლარის ოდენობით, მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 11791 ლარი. ამრიგად, ა. ა-ემ სულ ნ. ქ-ზე სესხად გაცემული 2500 აშშ დოლარიდან სარგებლის სახით მიიღო 1100 აშშ დოლარი, მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 2178 ლარის დიდი ოდენობით შემოსავალი.

2000წ. აგვისტოში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ. თბილისში, --- მცხოვრები ადა დადუნაშვილი დაუკავშირდა ა. ა-ეს და სესხის სახით სთხოვა 5500 აშშ დოლარის მიცემა. ამასთან შეთანხმდნენ ყოველთვიური 10%-იანი სარგებლის გადახდაზე. ასეთი შეთანხმების შემდეგ ა. ა-ემ არაერთგზის, სათანდო ნებართვის გარეშე, ა. დ-ლს სესხის სახით ნაწილ-ნაწილ მისცა 5000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ამ უკანასკნელმა 2000წ. 22 სექტემბერს შეიტანა პირველი თვის პროცენტი _ 500 აშშ დოლარი, მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 986,5 ლარი. 2000წ. ოქტომბერში კი, ზუსტი რიცხვი უცნობია, ა. დ-მა შეიტანა მეორე თვის პროცენტი _ 300 აშშ დოლარი, მაშინდელი შესაბამისი კურსით _ 594 ლარი. ე.ი. ა. ა-ემ სესხად გაცემული თანხიდან პროცენტის სახით მიიღო 1580,5 ლარის დიდი ოდენობით შემოსავალი.

ა. ა-ემ გადაწყვიტა დაემალა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახდელი დასაბეგრი ობიექტები. ამ მიზნით ქ. თბილისში, ---, ყოველგვარი რეგისტრაციისა და საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვა-გაფორმების გარეშე შექმნა ფირმა “იურიდიული კერძო კომპანია “---”-ის სახელწოდებით. აღნიშნული ფირმის სახელით მან 1998წ. 8 ივნისიდან 9 ივნისამდე კანონის დარღვევით განხორციელებული საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს განზრახ დაუმალა შემდეგი თანხები: მუშა-მოსამსახურეებზე გაცემული ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი _ 2964 ლარი, სოციალური ანარიცხები _ 4857 ლარი, უძრავი ქონების გადაცემაზე _ 3996 ლარი და მოქალაქეებისაგან მიღებული სესხებიდან მათზე პროცენტის მაგივრად გაცემულ საცხოვრებელ ბინებში ცხოვრების ღირებულებიდან საშემოსავლო გადასახადი _ 4885 ლარი, სულ კი მან სახელმწიფო ბიუჯეტს განზრახ დაუმალა 16702 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახდი.

ა. ა-ემ 2000წ. 9 ივნისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში რეგისტრაციაში გაატარა რა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “---”, რომელსაც იმავე 2000წ. 13 ივნისს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი) --, განიზრახა არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდება. ამ მიზნით მან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და “ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ მოახდინა ფირმის საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნების წარმოება, ასევე, სარეგისტრაციო ჟურნალების, დებიტორ-კრედიტორების ბარათების, ბრუნვათა უწყისების, ბალანსებისა და საბუღალტრო წიგნებში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება. ასეთ პირობებში მან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში წარადგინა 2000წ. მე-4 კვარტლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის სოციალური გადასახადების ანგარიშების, სამეწარმეო საქმიანობისათვის გადასახადის, საწარმოს მიერ დაქირავებით დასაქმებული მომუშავეებისა და საწარმოდან დივიდენდების პროცენტების მიმღები პირებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც განზრახ შეიტანა დამახინჯებული მონაცემები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს არაერთგზის დაუმალა მუშა-მოსამსახურეებზე გაცემული ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადი _ 2056 ლარი, სოციალური ანარიცხები _ 3488 ლარი, უძრავი ქონების გადაცემაზე _ 2900 ლარი და მოქალაქეებისაგან მიღებული სესხებიდან მათზე პროცენტის მაგივრად გაცემულ საცხოვრებელ ბინებში ცხოვრების ღირებულებიდან საშემოსავლო გადასახადები _ 23543 ლარი, რითაც ა. ა-ემ სულ თავი აარიდა 31987 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას და ეს თანხები დაუმალა სახელმწიფო ბიუჯეტს.

2000წ. 21 თებერვალს ქ. თბილისის ¹-- საპყრობილის სარეჟიმო განყოფილების კონტროლიორი ა. კ-ნი და იმავე საპყრობილის ინსტრუქტორი მ. ბ-რი ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ¹5 საპყრობილის ¹-- საკანში მოთავსებული ა. ა-ძე არ დაემორჩილა საპყრობილის ზემოხსენებულ თანმშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, გამოსულიყო საკნიდან და შეხვედროდა მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მისულ გამომძიებელსა და ადვოკატს. თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნის საპასუხოდ, ა. ა-ემ სცემა მათ და ორივეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგად მ. ბ-მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე. აღნიშნული მოქმედებით ა. ა-ემ დაარღვია იუსტიციის მინისტრის 1999წ. 28 დეკემბრის ¹-- ბრძანებით დამტკიცებული “საპყრობილის რეჟიმის დებულება”, კერძოდ, დებულების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით: “მსჯავრდებულის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას არ უნდა დაირღვეს რეჟიმი და არ უნდა შეილახოს სხვა პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები”. ასევე დაარღვია ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად: “მსჯავრდებული მოვალეა, დაიცვას რეჟიმი და საპყრობილეში დადგენილი დღის წესრიგი: თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებსა და საპყრობილის პერსონალს, შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები”. აგრეთვე დაარღვია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999წ. 28 დეკემბრის ¹-- ბრძანებით დამტკიცებული დებულება “პატიმრობის მოხდის წესის შესახებ” I მუხლის მე-2 ნაწილის დანართი ¹1-ის 1-ლი ნაწილის “ა”, “ბ”, “თ” და “ლ” ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად: “პატიმარი ვალდებულია: დაიცვას რეჟიმი და შინაგანაწესი; შეასრულოს საპყრობილის ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები; არ გაუწიოს წინააღმდეგობა საპყრობილის მოსამსახურეებსა და სხვა პირებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას; ზრდილობიანად მოეპყროს საპყრობილის მოსამსახურეებსა და სხვა პირებს”.

სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ა-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო, საბოლოოდ, სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. განაჩენით მასვე დაეკისრა მისი მოქმედებით დაზარალებულებისა და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას, რომლითაც ითხოვდა ამ განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება მისი ბრალდების საქმეზე მიმდინარეობდა საპროცესო კანონების უხეში დარღვევით, ამასთან, _ არაობიექტურად და ტენდენციურად. საქმის წარმოებისას არც ერთ სტადიაზე არ გამოკვლეულა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ მის უდანაშაულობას, შეუმოწმებლად იქნა გაზიარებული საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირებისა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებები, სინამდვილეში კი მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად განიხილა საჩივარი, მოუსმინა აპელანტსა და მის დამცველს, სრული მოცულობით ჩაატარა სასამართლო გამოძიება, გამოიძახა და დაკითხა დამატებითი მოწმეები და ერთობლიობაში შეაფასა რა შეკრებილი მტკიცებულებები, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა იგი, რის გამოც 2003წ. 17 ნოემბერს განაჩენით უცვლელად დატოვა მსჯავრდებულ ა. ა-ის ბრალდების საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულმა ა. ა-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით კასატორი იმავე მოტივებითა და არგუმენტებით, რომლებზეც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ა. ა-ემ და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ ე. ბ-მა და მ. ა-ამ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულებმა _ ნ. ქ-მა, უ. ც-ემ, ა. დ-მა, ე. პ-მა და ნ. ჯ-მა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს, რომ კასატორს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

დაზარალებულების _ ნ. მ-იას, ნ. ქ-სა და შ. ქ-ის წარმომადგენლებმა _ დ. მ-ემ და მ. გ-მა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მსჯავრდებულის მიმართ უცვლელად დატოვება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, რის შემდეგაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე მხარეთა მოსმენისას გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტების ობიექტური ანალიზის მეშვეობით, საგულდაგულოდ შეამოწმა საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი, ასევე თვით მსჯავრდებულისა და მისი დამცველების მიერ ჩამოყალიბებული მოტივების საფუძვლიანობა ა. ა-ის უდანაშაულობის თაობაზე, მაგრამ მათი ასეთი პოზიცია რეალურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება. მსჯავრდებულ ა. ა-ის მიერ თითოეული იმ ქმედების ჩადენა, რომელთა გამო მას ბრალდება წარედგინა წინასწარი გამოძიებისას, ხოლო შემდეგ სასამართლომაც ბრალეულად ცნო, დასტურდება კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულებებით _ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, დოკუმენტური მასალებით, სასამართლო-საბუღალტრო, გრაფიკული და ტექნიკურ-კრიმინალისტიკრი ექსპერტიზების დასკვნებით. მსაჯავრდებულის სასარგებლოდ მდგომარეობას ვერ ცვლის სასამართლოს მიერ დამატებით გამოძახებულ მოწმეთა ჩვენებები. სხვადასხვა დაზარალებულის მიმართ მათი ინტერესების საზიანოდ ქმედების ჩასადენად მრავალგზის ერთი და იგივე ხერხის გამოყენება აშკარად მიუთითებს მსჯავრდებულის მხრივ წინასწარ მოფიქრებული განზრახვისა და ანგარებითი მოტივების არსებობაზე.

ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის ქმედება, რომელთა ჩადენაშიც ბრალი დაედო ა. ა-ეს, ფაქტობრივ და ლოგიკურ კავშირშია იმ ძირითად დანაშაულებრივ მიზანთან, რომელსაც იგი ახორციელებდა და რითაც დიდი ოდენობის ზიანი მიადგა რამდენიმე ათეულ დაზარალებულსა და სახელმწიფოს.

პალატა არ იზიარებს დაცვის იმ არგუმენტს, რომლის მიხედვით მსჯავრდებულსა და დაზარალებულად ცნობილ პირებს შორის არსებობდა ჩვეულებრივი სამოქალაქო-სახელშეკრულებო ურთიერთობები და, თუკი მათ რაიმე პრეტენზია გააჩნიათ მის მიმართ, სარჩელით უნდა მიმართონ სასამართლოს, ხოლო მათ მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამ მოსაზრების საწინაღმდეგოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებები აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ დადებულ ხელშეკრულებებს ფიქტიური ხასიათი ჰქონდა, რომელთა მეშვეობით ა. ა-ძე ნიღბავდა რეალურ დანაშაულებრივ მიზნებს და რითაც წარმატებით ახერხებდა დაზარალებულთა ნდობის მოპოვებას.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზითა და მათი სწორი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ა. ა-ძე ბრალეულია მის მიმართ შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოთა მიერ მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

აღნიშნულ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.