დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.01.2020
საქმის ნომერი
ბს-87(3კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-87(3კ-19) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბმა „...მა“ 06.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ნ...-ის“ მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ბმა „...მა“ მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 21.09.2016წ. N37.14.807 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.11.2016წ. N382 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ნ...-ს“ შორის 02.12.2016წ. დადებული პრივატიზების ხელშეკრულების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.12.2016წ. N...-06 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის საკრებულოს 28.04.2017წ. N108 განკარგულების 1646 კვ.მ. ფართის ნაწილში ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.07.2018წ. გადაწყვეტილებით ბმა „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16078 კვ.მ. უძრავი ქონების (ნაკვ. …, ს.კ.:...) ყოფილი საუწყებო სამშენებლო კოოპერატივი N601-ის უფლებამონაცვლე - ქ.თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ნ...-თვის“ პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის შესათანხმებლად წარდგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 21.09.2016წ. N37.14.807 განკარგულება - 1646 კვ.მ.-ს ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16078 კვ.მ. უძრავი ქონების (ნაკვ. ..., ს.კ.:...) ყოფილი საუწყებო სამშენებლო კოოპერატივი N601-ის უფლებამონაცვლე - ქ.თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა ,,ნ...-თვის“ პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.11.2016 წ. N382 განკარგულება 1646 კვ.მ.-ს ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და ქ.თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ნ...-ს“ შორის 02.12.2016 წ. დადებული N161380676 ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ხელშეკრულება 1646 კვ.მ.-ს ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „იბა ,,ნ...’’-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.12.2016წ. N...-06 გადაწყვეტილება 1646 კვ.მ.-ს ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის პროექტის დასამუშავებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.04.2017 წ. N108 განკარგულება 1646 კვ.მ.-ს ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ნ...-ის“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ აღწერა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ნ...-სთვის“ კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემის ფაქტობრივი წინაპირობები და აღნიშნა, რომ ქონების გადაცემა განხორციელდა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საშინაო ვალის შემცირების მიზნით. სადავო აქტების გამოცემისას და ხელშეკრულების დადებისას სრულად იქნა დაცული ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურები. სადავო ნაკვეთზე ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო მშენებლობა.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიუთითა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ნ...-სთვის“ კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემის ფაქტობრივ წინაპირობებზე და აღნიშნა, რომ ქონების გადაცემა განხორციელდა საშინაო ვალის შემცირების მიზნით, სადავო აქტების გამოცემისას და ხელშეკრულების დადებისას სრულად იქნა დაცული ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურები. კასატორის მითითებით, სადავო ტერიტორიის ნაწილს, რომელზეც განთავსებულია სათამაშო მოედანი და სკვერი, მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, ხოლო ტერიტორიის ძირითად ნაწილს მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ზონა 6-ის სტატუსი, სწორედ ამ ტერიტორიაზე ხორციელდება მშენებლობა და არა სათამაშო მოედნის ნაწილზე.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ სასამართლოს სადავო საკითხის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა „ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11.12.2013წ. N330 დადგენილება, რადგან სადავო ტერიტორია არ არის თვითმმართველი ერთეულის განუსხვისებელი ქონება. არ დასტურდება, რომ ქონება სახელმწიფოსაგან თვითმმართველ ერთეულს განუსხვისებელი სახით გადაეცა. მენაშენეთა ამხანაგობის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი წარმოშვა 4 ნაკვეთის გაერთიანების შედეგად, რომელთაგან ორ ნაკვეთზე მითითებულია, რომ ქონების გადაცემა მოხდა დამატებითი ქონების სახით. თვითმმართველობამ ქონება გამოიყენა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის მისაღწევად - სახელმწიფო საშინაო ვალის შესამცირებლად. კასატორი თვლის, რომ ქონების პრივატიზების პროცედურები განხორციელდა ნორმატიულად დადგენილი წესების დაცვით. ამასთანავე, სადავო აქტები აღმჭურველი აქტებია და მენაშენეთა ამხანაგობას აქვს კანონიერი ნდობა მათ მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.04.2018წ. დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, …., მე-2 მ/რ, …-ლი კვარტ., მე-8 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილია სპორტული მოედანი, სკვერი, მოასფალტებული ავტოსადგომი, 11 გარე განათების ბოძი, რომლებიც სრულად მოქცეულია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების შიგნით. სადავო ნაკვეთის საზღვრებში ექცევა აგრეთვე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების დამაკავშირებელი გზის ნაწილი. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე საქმეში არსებული ფოტოსურათები, ორთოფოტოები და საკადასტრო ნახაზები. მხარეების ახსნა-განმარტებების მიხედვით, სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა განახორცელა საბავშო სათამაშო მოედნისა და სკვერის მშენებლობა, ღია ავტოსადგომის მოწყობა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნა ჯანსაღი გარემო, მოხდა ტერიტორიის ავტომანქანებისაგან განტვირთვა. როგორც საქართველოს მთავრობის სადავო პერიოდში მოქმედი 11.12.2013წ. N330 დადგენილებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნუსხა“, ასევე საქართველოს მთავრობის ამჟამად მოქმედი 06.11.2018წ. N527 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა“, განუსხვისებელ ქონებას მიაკუთვნებს ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნებს, სკვერებს, პარკებს, შიდა სარგელობის გზებს, გარე განათების კონსტრუქციებს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს. ამდენად, მუნიციპალიტეტის მიერ სადავო აქტებით განხორციელდა განუსხვისებელ ქონებას მიკუთვნებული ობიექტების გასხვისება. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფოსაგან მუნიციპალიტეტს ქონება არ გადასცემია განუსხვისებელი სტატუსით, არ გამორიცხავს სადავო ქონების განუსხვისებლად მიჩნევას. მუნიციპალიტეტმა თავისი ქმედებებით ქონებას შესძინა კონკრეტული დანიშნულება.

კასატორ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითება, რომ სადავო ტერიტორიის ნაწილს, რომელზეც განთავსებულია სათამაშო მოედანი და სკვერი მინიჭებულ აქვს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, ხოლო ტერიტორიის ძირითად ნაწილს მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ზონა 6-ის სტატუსი და სწორედ ამ ტერიტორიაზე ხორციელდება მშენებლობა და არა სათამაშო მოედნის ნაწილზე, ასაბუთებს სარჩელის და არა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.05.2016წ. N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მიხედვით, სარეკრეაციო ზონა 2 არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს (15.5 მუხ. „დ“ ქვ.პ.).აღნიშნულ ზონაში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებია: პარკი, დეკორატიული გაფორმების ობიექტი, მცირე არქიტექტურული ფორმები (საბავშვო მოედანი, შადრევანი და სხვ.), სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი, სპორტული მოედანი (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) და სხვა მსგავსი, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე ობიექტები (დანართი 1, მე-8 მუხ.). კასატორი ვერ ასაბუთებს სარეკრეაციო ზონა 2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნორმატიულ შესაძლებლობას. ხოლო უკეთუ სადავო ტერიტორიაზე - 1646 კვ.მ.ფართზე მშენებლობა შეუძლებელია, გაურკვეველი ხდება მიწის ნაკვეთის ამ ნაწილზე მენაშენეთა ამხანაგობის მიერ საკუთრების შენარჩუნების ინტერესი.

რაც შეეხება კასატორ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსაზრებას სადავო აქტების მიმართ მენაშენეთა ამხანაგობის კანონიერი ნდობის შესახებ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამხანაგობას სააპელაციო პალატის განჩინება არ გაუსაჩივრებია, რითაც ფაქტობრივად დაეთანხმა საქმის გადაწყვეტის შედეგს. ამდენად, ზოგადი მითითება სადავო აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის გამო ამხანაგობის კანონიერი ინტერესების შელახვის შესახებ, არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ტერიტორიის სადავო ნაწილზე მრავალსართულიანი ნაგებობის მოწყობის დაგეგმვა და ამასთანავე, ხდება სადავო აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მხოლოდ 1 646 კვ.მ. ფართის ნაწილში, ამხანაგობას კი სადავო აქტებით საკუთრებაში გადაცემული აქვს 16 078 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს.კ. 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.12.2018წ. N03568 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი