საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 23.03.2004
საქმის ნომერი
2კ-82აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 82-აპ 23 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენი ბ. კ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენით ბ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ბ. კ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მანვე დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად და ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2000წ. 11 ნოემბერს, დღის საათებში, თბილისში, ---, ბ. კ-სთან სტუმრად მივიდა სიძე, ბოლნისის რ-ნის სოფ. ---ში მცხოვრები უ. გ-ნი მეგობარ ჯ. ლ-სთან ერთად, რა დროსაც სამივემ იქეიფა და მიიღო ალკოჰოლური სასმელები, რის შემდეგაც ბ. კ-ია, დასთან _ ა. კ-სთან, უ. გ-თან და ჯ. ლ-სთან ერთად წავიდა გლდანის მასივის დასახლებაში ჯ. ლ-ას ახლობლების მოსანახულებლად. მათთან ყოფნისას ბ. კ-ამ კვლავ მიიღო ალკოჰოლური სასმელი და საღამოს საათებში ბ. კ-ია, ა. კ-ია, უ. გ-ნი და ჯ. ლ-ვა მეტროპოლიტენით გაემგზავრნენ მარჯანიშვილის მოედნამდე, სადაც ნასვამმა ბ. კ-ამ და მისმა თანმხლებმა პირებმა გააჩერეს ა/მანქანა “ვაზ-2106” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა მძღოლი ა. ხ-ლი და სთხოვეს წაყვანა --- ქუჩის მიმართულებით.

--- ქუჩასთან მიახლოებისას ბ. კ-ამ და მისმა თანმხლებმა პირებმა გადაიფიქრეს ჩამოსვლა და მოსთხოვეს მძღოლ ა. ხ-ლს, აღნიშნულ ადგილზე ჩამოესვათ მხოლოდ ა. კ-ია, ხოლო დანარჩენები წაეყვანა ლოტკინის დასახლებაზე, რაზედაც მძღოლმა უარი განაცხადა, --- სახლთან გააჩერა ავტომანქანა და მოითხოვა მგზავრობის საფასურის გადახდა. მძღოლის უარით განაწყენებულმა ბ. კ-ამ, უ. გ-მა და ჯ. ლ-ამ ა. ხ-ლს დაუწყეს აგდებულად საუბარი და გამასხარავება, მიმართავდნენ მას უწმაწური სიტყვებით და აგინებდნენ, რა დროსაც ბ. კ-ამ და უ. გ-მა იქვე დაუხიეს ჯ. ლ-ას მიერ გადაწოდებული 2-ლარიანი კუპიურა და მოითხოვდნენ ტაქსის მძღოლისაგან ლოტკინის დასახლებაზე აყვანას, რაზედაც მძღოლი უარით პასუხობდა. ამით განაწყენებულმა ბ. კ-ამ თავის თანამზრახველებთან ერთად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად დაუწყო ცემა ავტომანქანაში ა. ხ-ლს, რომელიც შეშინებული გადმოვიდა ავტომანქანიდან და შეეცადა თავდაცვას, მაგრამ ბ. კ-ია და მისი თანმხლები პირებიც გადაყვნენ და გააგრძელეს მძღოლის ცემა ხელებითა და ფეხებით, რა დროსაც იჩენდნენ განსაკუთრებულ თავხედობას. ჩხუბის დროს ბ. კ-ია ავიდა ავტომანქანის სახურავზე და იქიდან დაახტა ა. ხ-ლს, რომელიც ასფალტზე წააქცია და განაგრძეს მისი ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში.

ცემის დროს ჯ. ლ-ამ წაქცეულ ა. ხ-ლს ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის წვივში, რის შედეგადაც მან მიიღო მარჯვენა წვივის ორგოჯოვანი მოტეხილობა, ტერფის ქვეამოვარდნით. იგი ითხოვდა შველას.

გარდა ფეხის მოტეხილობისა, ბ. კ-ას, უ. გ-სა და ჯ. ლ-ას მხრიდან ცემის შედეგად ა. ხ-მა სხეულის დაზიანებები მიიღო წელისა და კეფის არეშიც, რაც ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

ბ. კ-ას, უ. გ-სა და ჯ. ლ-ას მიერ დანაშაულის ჩადენისას უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე წუთით შეჩერდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ბ. კ-ია, უ. გ-ნი და ჯ. ლ-ა თავიანთი ქმედებით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.

მსჯავრდებულ ბ. კ-იას ადვოკატი ლ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენების გაუქმებას, ბ. კ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

მსჯავრდებული ბ. კ-ია ეთანხმება ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

დაზარალებული ა. ხ-ლი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბ. კ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, დაზარალებულ ა. ხ-ის ჩვენებებით, მის მიერ ბ. კ-ას ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით; ჯ. ლ-სა და უ. გ-ის ჩვენებებით, რომლებიც, მართალია, დაინტერესებული პირები არიან და ცდილობდნენ ბ. კ-იას სასარგებლო ჩვენებების მიცემას, მაგრამ ვერ უარყოფენ და უტყუარად ადასტურებენ ბ. კ-ას ყოფნას დანაშაულის ჩადენის ადგილზე.

ამავე საქმეზე 2001წ. 11 ივლისს გასამართლებულ იქნა ჯ. ლ-ვა, რომელმაც მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

ბ. კ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მოწმეების _ თ. გ-სა და ზ. ს-ის ჩვენებებით, რომ მათ 2000წ. 11 ნოემბერს მიიღეს შეტყობინება ა. ხ-ის ცემისა და სხეულის დაზიანების შესახებ. მათ დაადგინეს სამივე პიროვნება _ ბ. კ-ია, უ. გ-ნი და ჯ. ლ-ვა, რომლებიც დააკავეს 12 ნოემბერს და წარადგინეს პოლიციაში, სადაც თავიანთ ახსნა-განმარტებებში აღიარეს დანაშაული.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ა. ხ-ლს ცემის შედეგად მიღებული აქვს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილებში, წელისა და კეფის არეში. ასევე მიღებული აქვს მარჯვენა ფეხის წვივის ორგოჯოვანი მოტეხილობა ტერფის ქვეამოვარდნით, რაც ერთობლიობაში განეკუთვნება სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.

ბ. კ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დადასტურებულია მოწმეების _ შ. ძ-სა და ი. შ-ს ჩვენებებით, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, სასამართლო პროცესზე მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლევითა და შეფასებით დამტკიცებულად მიიჩნია ბ. კ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები: რომ ბ. კ-ამ დანაშაული ჩაიდინა განსაკუთრებული თავხედობით, მთვრალმა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ იგი მიიმალა, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 1650 ლარი არ არის ანაზღაურებული და მის მიმართ დაზარალებულს გააჩნია პრეტენზიები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენი ბ. კ-ას მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატის ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენი ბ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.