საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 83-აპ 23 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,დ. სულაქველიძე
განიხილა დაზარალებულ მ. ს-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 მაისის განაჩენი ზ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 მაისის განაჩენით ზ. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით ზ. მ-ლს მსჯავრი დაედო შემდეგში: მან ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ანუ შეგნებულად მიტოვება დახმარების აღმოუჩენლად პირისა, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, როდესაც მიმტოვებელს ევალებოდა ამ პირზე ზრუნვა და შესაძლებლობა ჰქონდა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1996წ. 9 ივნისს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, ---, --- ქუჩის გადაკვეთასთან, ზ. მ-მა თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ბმვ-735”, დააჯახა ფეხით მოსიარულე მოქალაქე ო. ქ-ას ისეთ ვითარებაში, როდესაც მძღოლი, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა, რის შემდეგ ზ. მ-მა უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული მიატოვა დახმარების აღმოუჩენლად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული ო. ქ-ია სხვა პირებმა მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 1996წ. 20 ივნისს გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების გამო.
დაზარალებული მ. ს-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას.
პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის ფაქტზე ზ. მ-ის ბრალდების საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების შესახებ იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის ფაქტზე გამოტანილი დადგენილებები, ზ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ემყარება ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, როგორიცაა: ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის ოქმის სქემა.
ზ. მ-მა, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე რაიონული და სააპელაციო სასამართლოებში მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ. ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, თავდაპირველად მიატოვა დაზარალებული, რადგანაც შეეშინდა, მის გარშემო შეკრებილ ხალხს ანგარიშსწორება არ მოეხდინა მასზე და მის ინვალიდ მგზავრზე, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და როცა შეიტყო, რომ დაზარალებული გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, მაშინვე მიაკითხა მას და დაეხმარა როგორც მედიკამენტებით, ასევე ფინანსურად; ო. ქ-ას გარდაცვალების შემდეგ კი მისმა ძმამ დაზარალებულის ოჯახს გაუწია ფინანსური დახმარება, რასაც ადასტურებს კიდეც დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ს-ია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ. მ-ის ქმედებას, გამოიტანა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი, რომლის გაუქმების არანაირი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 დეკემბრის განაჩენი ზ. -ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.