საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.05.2005
საქმის ნომერი
2კ-3კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3-კოლ 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწე ზ.ბ-ის, დაზარალებულ ზ.თ-სა და მსჯავრდებულ დ.მჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.ბ-ას საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წ. 14 დეკემბრის განაჩენზე დ. მ-ის, ზ. ბ-ისა და მ. მ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წ. 14 დეკემბრის განაჩენით დ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტით წარდგენილი ბრალდება _ სსკ-ის 108-ე მუხლზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, სსკ-ის 108-ე მუხლით _ 11 წლით. საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა მთლიანად შეკრების პრინციპის გამოყენებით, მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წ. გამოსაცდელი ვადით.

მ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წ. გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით დ.მ-ლს, ზ.ბ-სა და ზ.მ-ეს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჯგუფურდ; დ.მ-მა ასევე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003 წ. 26 სექტემბერს, დაახლოებით 24 საათიდან, ქ.რუსთავის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების მუშაკები: უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი დ. მ-ლი, უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის რიგითი მ. მ-ძე და ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი ზ. ბ-ლი იმყოფებოდნენ ქ.რუსთავში, --- ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ “---ში”. ისინი ისხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან, სვამდნენ არაყსა და ლუდს. იმავე დარბაზში, ბართან ახლოს, მაგიდასთან ისხდნენ ქ.რუსთავის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების მუშაკები: უფროსი ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი ა. მ-ხი, ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გ. ჯ-ლი, ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ზ. გ-ლი, იმავე განყოფილების საპატრულო საგუშაგო ოცეულის პოლიციელები: პოლიციის უფროსი სერჟანტი ვ. ძ-ძე და პოლიციის სერჟანტი ს. დ-ძე, რომლებიც აღნიშნავდნენ ამ უკანასკნელის ქ.რუსთავის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ფაქტს, სვამდნენ არაყსა და ლუდს. დ.მ-სა და მისი თანმხლები პირების “---ში” შესვლიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ისინი სუფრაზე მიიპატიჟეს ა.მ-მა და გ.ჯ-მა. მათ შეაერთეს ორი მაგიდა და გააგრძელეს არყისა და ლუდის სმა, თუმცა დ.მ-ლს ალკოჰოლური სასმელი არ დაულევია. აღნიშნული პირების გარდა “---ს” დარბაზში იმყოფებოდნენ თ. ლ-ლი და ხ. მ-ვა. ისინი ისხდნენ ცალკე, მიირთმევდნენ ყავასა და კოკა-კოლას მეგობარ ბიჭებთან _ თ. თ-თან, გ. თ-თან, ბ. გ-სა და ვ. კ-სთან ერთად. ბიჭები სვამდნენ არაყსა და ლუდს. იქვე დარბაზში იმყოფებოდნენ სხვადასხვა დროს მისული კლიენტები, მათ შორის _ მ. შ-ძე, რ. ხ-ლი, თ. შ-ვი, ი. მ-ვი და სხვები. დარბაზში უკრავდა მუსიკა. თ.ლ-ლი და ხ.მ-ვა ცეკვავდნენ თ.თ-თან, გ.თ-სა და ბ.გ-თან ერთად. ცეკვის დროს გ.თ-ლი და ი.მ-ვი შემთხვევით შეეჯახნენ ერთმანეთს. ურთიერთობის გასარკვევად ისინი გავიდნენ “---ადან”, მათ მიჰყვნენ თ.თ-ლი და თ.შ-ვი. ამ დროს “---ას” შესასვლელთან იდგნენ და საუბრობდნენ ბ.გ-ლი და მ.შ-ძე, რომელიც იცნობდა ორივე მხარეს. გარეთ გამოსულ, აღნიშნულ პირებს შორის საუბარი დამთავრდა უკონფლიქტოდ. ამის შემდეგ, 27 სექტემბერს, დაახლოებით 2 საათსა და 35 წუთზე, “---ს” შესასვლელთან მდგომ თ.თ-ლს აშკარა უპატივცემულობით მიმართა მთვრალმა მ.მ-ემ და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ჩხუბში. მ.მ-ემ დედა შეაგინა და სახეში ხელი გაარტყა თ.თ-ლს, საპასუხოდ თ.თ-მაც დაარტყა მ.მ-ეს და ეს უკანასკნელი წაიქცა. მ.მ-სთან ერთად ჩხუბში ჩაერთო დ.მ-ლი და მთვრალი ზ.ბ-ლი, რომლებმაც დაუწყეს ცემა თ.თ-ლს და გამშველებლებს _ ბ.გ-ლსა და გ.თ-ლს, წააქციეს ისინი და დაუწყეს ხელებითა და ფეხებით ცემა. მომხდარი ჩხუბის გამო დაირღვა რა “---ს” ნორმალური მუშაობის რიტმი, კლუბის დაცვის თანამშრომლები _ უ. გ-ძე და ზ. ჯ-ლი გამოვიდნენ გარეთ და მხოლოდ დროებით შეძლეს ხულიგნობის აღკვეთა. მ.მ-ის მიერ წამოწყებული ჩხუბი უმალ გაგრძელდა იმავე ქუჩაზე მდებარე საგადასახადო ინსპექციის შენობის წინ. ძალადობითა და იქ მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობით მ.მ-ემ, დ.მ-მა და მათმა თანხმლებმა, დაუდგენელმა პირებმა ხელებითა და ფეხებით სცემეს თ.თ-ლს, გ.თ-ლსა და ბ.გ-ლს. როგორც კი ხულიგნობა მცირე ხნით შეწყდა რ.ხ-ისა და სხვების ჩარევით, თ.თ-ლი, ბ.გ-ლი და გ.თ-ი წავიდნენ სასტუმრო “---ს” მიმართულებით. ძალადობის შედეგად თ.თ-ლს მიადგა სხეულის შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობა კეფის არეში, სისხლნაჟღენთი ცხვირისა და მარცხენა ყვრიმალის არეში, თითო ნაჭდევი ორივე იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, რომლებიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. ასევე, ძალადობის დროს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებანი შესიების, ნაჭდევის, სისხლჩაქცევებისა და სისხლნაჟღენთების სახით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიიღო ბ.გ-მა, ხოლო მარჯვენა მუხლის წინა ზედაპირზე მოწითალო ნაჭდევის სახით _ გ.თ-მა. დ.მ-მა ჩაიდინა რა ხულიგნობა ჯგუფთან ერთად, მარტომ განაგრძო თავისი ხულიგნური ქმედება და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ამის საფუძველი და არც აუცილებლობა, გინებით გაეკიდა სასტუმროსკენ მიმავალ თ.თ-ს, ბ.გ-სა და გ.თ-ლს. დაახლოებით 2 საათსა და 50 წუთზე სასტუმრო “---ის” წინ, --- ქუჩის დასაწყისში მდებარე გაზეთების ჯიხურთან, დაეწია თ.თ-ლს. ისინი შელაპარაკდნენ და კვლავ იჩხუბეს, რის შემდეგაც დ.მ-მა შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მასზე გაპიროვნებული “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტით თ.თანდილაშვილის განზრახ მკვლელობა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნული პისტოლეტიდან მან ახლო მანძილიდან ორჯერ ესროლა თ.თანდილაშვილს. მას ერთი ტყვია მოახვედრა გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა ზედაპირზე და მიაყენა შემავალი ჭრილობა ფილტვის ქსოვილების, საყლაპავის, სასულისა და თირკმლის ზედა არის დაზიანებით, რომელიც დასრულდა გულმკერდის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე მე-10–11 ნეკნებს შორის. აღნიშნულით თ.თ-ლს მიადგა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა. თ.თ-ლი ადგილზევე გარდაიცვალა.

მსჯავრდებულ დ.მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.ბ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს დ.მ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ დ.მ-ის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

დაზარალებული ზ.თ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, დ.მ-ის ქმედებების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტით და მისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ხოლო მ.მ-სა და ზ.ბ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათთვის 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

დაზარალებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ.ძ-ე მხარს უჭრს ზ.თ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწე ზ.ბ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ მსჯავრდებულთა ქმედებებს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა და დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.

პროკურორი გ.ქ-ი მხარს უჭერს რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრის მოთხოვნას დ.მ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული დ.მ-ის მიერ ხულიგნობის ჩადენისა და თ.თანდილაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სამართლიანად არ გაიზიარა დ.მ-ის ჩვენება, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფენ, რომ დ.მ-ის ქმედება იყო განზრახი, რაც გამოიხატა მის ხულიგნობაში მონაწილეობით, რაც შემდგომ დაზარალებულთან ჩხუბსა და კამათში გადაიზარდა, რა დროსაც იგი დაედევნა დაზარალებულებს, დაზარალებულ თ.თ-თან კამათისა და ჩხუბის დროს, განზრახ ამოიღო და გაისროლა მასზე განპიროვნებული ტაბელური იარაღი, რასაც შედეგად მოჰყვა თ.თ-ის სიკვდილი.

პალატა ვერ გაიზიარებს ასევე დაზარალებულისა და სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრების მოტივს იმის თაობაზე, რომ დ.მ-მა თ.თ-ის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ხულიგნური ქვენაგრძნობით, რადგანაც როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიებით დადგინდა დ.მ-ის, მ.მ-სა და ზ.ბ-ის ხულიგნური ქმედებები, შეხლა-შემოხლა და კამათი აწ გარდაცვლილ თ.თ-თან და სხვებთან. შემდგომში დ.მ-ლი დაედევნა თ.თ-ლს, ბ.გ-სა და გ.თ-ლს, დაეწია თ.თ-ლს, მასთან კვლავ მოუხდა შელაპარაკება და ჩხუბი, რა დროსაც თანნაქონი ტაბელური იარაღიდან გასროლით მოკლა იგი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის დროს შურისძიების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და არა _ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ დ.მ-ის, მ.მ-სა და ზ.ბ-ის ქმედებები სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”ქვეპუნქტიდან სწორად გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რადგანაც დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევეაში, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, მოცემულ შემთხვევაში კიდ.მ-ლი, ზ.ბ-ლი და მ.მ-ძე ჩხუბში ჩაებნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ე.ი. მათ ჩაიდინეს ხულიგნობა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, დ.მ-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 108-ე მუხლით, ხოლო მ.მ-სა და ზ.ბ-ის ქმედებები _ სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეესაბამება მათ პიროვნებებსა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წ. 14 დეკემბრის განაჩენი დ.მ-ის, მ.მ-ისა და ზ.ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წ. 14 დეკემბრის განაჩენი დ. მ-ის, ზ. ბ-ისა და მ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.