დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-109(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ. ბ-ის წარმომადგენელი ე. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ბ-მა 2017 წლის 1 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-იმ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-იმ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნასა და სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოში კანონიერ ქორწინებაში მყოფ რ. ბ-ის ოჯახის-მეუღლის და შვილის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შესახებ, ფაქტობრივად დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ოჯახის ურღვევობის პრინციპი და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. არ გამოიყენა კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, თუ რატომ ჩათვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დასაბუთებულად, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საერთოდ არ უმსჯელია მათზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული კანონის მე-18 მუხლის განმარტება, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებად ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლოა მიიჩნიოს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა, შესაძლოა და არა სავალდებულოა. ამდენად, არც ადმინისტრაციულმა ორგანომ, არც საქალაქო სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, რა იქნა შეფასებული ადმინისტრაციული წარმოებისას სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღეს რამდენიმე წინადადებიანი დასკვნა, როგორ იქნა შეპირისპირებული დაინტერესებული მხარის და სახელმწიფო ინტერესები იმგვარად, რომ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტომ მიიღო რ. ბ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ უარის გადაწყვეტილება. აშკარაა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა იმგვარად, რომ აღნიშნული მუხლის მოქმედების ფარგლებში შეფასებულიყო შეიძლებოდა თუ არა უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა გამხდარიყო უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოეკვლია, რა კრიტერიუმებით ხდება აღნიშნული კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენება, ვინაიდან კანონი არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება, თუ არსებობს დასკვნა პირის მიმართ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. სასამართლოში საქმის განხილვისას გაცილებით მაღალია სტანდარტი, რითაც უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეფასება, გამოკვლევა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მართლზომიერება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის ექსკლუზიურად მიჩნევის შესახებ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დაცულ უფლებათა განხორციელების სტანდარტებს.
კასატორის მოსაზრებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის განხილული არც ერთი საფუძველი, თუ რატომ არის აპელანტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის და საზოგადოებრივი წესრიგის/ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი, რასაც იმით ასაბუთებს სასამართლო, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია და მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობისთვის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუმცა მოსარჩელისთვის გაურკვევევლი რჩება თუ რის საფუძველზე ეზღუდება მას უფლება საქართველოში ყოფნისა, რა სახის მასალები და დოკუმენტები არსებობს, რომელსაც აპელანტი ვერ ეცნობა და კონკრეტული საფუძვლები მისთვის უცნობია, თუ რატომ მიანიჭეს მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცვლელის სტატუსი, რაც სასამართლოს მხრიდან არის კანონის არასწორი ინტერპრეტაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთერთი უახლესი გადაწვეტილებით ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა ნიდერლანდებში ჩასულ სურინამის მოქალაქის ოჯახური ცხოვრების შენარჩუნების პირად ინტერესსა და ხელისუფლების საჯარო ინტერესებს შორის და დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ დაირღვა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი (ოჯახური ცხოვრების პატივისცემა). სასამართლოს განმარტებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისას მხედველობაში არ მიიღეს ან არ შეაფასეს მომჩივნისათვის ნიდერლანდებში ცხოვრებაზე უარის თქმის პრაქტიკულობის, მიზანშეწონილობის და პროპორციულობის შესახებ მტკიცებულებები (ევროპული სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის საქმე N12738/10, ჟენესი ნიდერლანდების წინააღმდეგ). ამდენად, ევროპული სასამართლოს მიდგომა და პრაქტიკაც სრულიად უგულვებელყოფილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ღირსების შელახვა კი ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, სასამართლომ არ იმსჯელა და დაასაბუთა აპელანტის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემცველობა. მართალია, სახელმწიფო ვალდებულია, იქონიოს პერსონალური მონაცემების დამუშავების, შენახვისა თუ გამოყენების ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანს დაიცავს ამ ინფორმაციის მისი ნების გარეშე შეუზღუდავი მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და სხვებისათვის გადაცემისაგან, მაგრამ თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა გამხდარიყო რ. ბ-ისთვის თუ რა მონაცემები არის მის შესახებ, რა გახდა ცნობილი სახელმწიფოსთვის რაც საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებას უზღუდავს. სახელმწიფოს ორგანული და მნიშვნელოვანი ფუნქციაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზუნველყოფა, თუმცა ამ ფუნქციის შესრულებისას საკმაოდ დიდია თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, ვინაიდან ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ'' საქართველოს კანონზე მიგვითითებს სასამართლო, რომელიც ეყრდნობა მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და საჭიროდ აღარ მიიჩნევს ამ ინფორმაციის გადამოწმებას, რასაც შეცდომაში შეჰყავს სასამართლო და მასზე დაყრდნობის გამო ინდივიდუალურ გარემოებებსაც აღარ აფასებს. რითაც ირღვევა რ. ბ-ის უმაღლესი სოციალური ღირებულებები, როგორიცაა ღირსება, უფლებები და თავისუფლებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ოჯახის ერთიანობაზე და ამ ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აპელანტი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან -ი. ბ-ასთან, ჰყავთ საერთო შვილი - ფ. ბ-ი, რომელიც მონათლულია ქრისტიანულად. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც შეიძლება ვთქვათ რ. ბ-ის, როგორც მშობლის მიმართ, არის მისი შვილის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თავისი შვილის მიმართ მორალური ვალდებულება აკისრია და მის გაზრდაში გულწრფელად სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს, თუმცა მას უწევს უარის თქმა, ვინაიდან სასამართლო არ აძლევს ამის შესაძლებლობას. რ. ბ-ი აგრეთვე არის ოჯახის მარჩენალი, რომელიც უზრუნველყოფს მეუღლესა და შვილებს. მათ სხვა მარჩენალი არ ჰყავთ, მისი ქვეყნიდან წასვლის შემთხვევაში ოჯახს მარჩენალი აღარ ეყოლება და ბავშვი და მეუღლე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, დარჩებიან სოციალურად დაუცველები.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს: მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ბავშვის (ბავშვების) საუკეთესო ინტერესებზე, ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესებში არ შედის მშობელთან (მამასთან) განშორება, აგრეთვე არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ პაკისტანში შეუძლებელია ოჯახთან ერთად ცხოვრება, ვინაიდან მეუღლე და ბავში მართლმადიდებლები არიან, მის ქვეყანაში კი დევნიან ქრისტიანებს. ამდენად, მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება საფრთხის შემცვლელი იქნება მისი ოჯახისთვის, ვინაიდან ეს არის ქვეყანა, სადაც ქრისტიანების მიმართ დისკრიმინაცია არსებობს, რელიგიური უმცირესობები ღვთისგმობის შესახებ, კანონის არაპროპორციული გამოყენების მსხვერპლი არიან, კანონის გამოყენება ხდება პირადი და პოლიტიკური ნიშნით, ზოგი ქრისტიანი ქალი გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის, გატაცების მსხვერპლი ხდება. ასევე, სასამართლომ უგულებელყო ბავშვების საუკეთესო ინტერესები და დაარღვია მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ოჯახს აღიარებს ბუნებრივ უჯრედად, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ბავშვებს და მათი ჯანსაღი განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს უზრუნველყოფს. ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს ისეთი აღზრდა, დაცვა და მზრუნველობა, რომლებიც პატივს სცემს მის პიროვნებას და ინდივიდუალობას.
კასატორი მიიჩნევს, რომ თუკი არსებობს ეჭვი, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს - მშობლის უფლების არასწორად განხორციელებისა ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების არასწორად გადაწყვეტისა, ყველა ორგანო, მათ შორის, უპირველესად, სწორედ სასამართლო - რომელსაც კანონით სწორედ ამიტომ განესაზღვრა ინკვიზიციური უფლება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და გამოკვლევისა, ვალდებულია, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ბავშვების უფლებების დასაცავად და აქტიურად ჩართოს კომპეტენტური ორგანოები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმის მასალებით აშკარად იკვეთება ბავშვთა უფლებების დარღვევა ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისა და აღზრდის საკითხში, რადგან მხოლოდ დედის მიერ ვერ განხორციელდება შესაბამისი ზომები ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი აცხადებს, რომ მშობლების უპირველესი მიზანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა უნდა იყოს. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა ბავშვის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ყველა უფლებას, რაიმე დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაბადების, მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების ანდა რაიმე სხვა გარემოებების მიუხედავად. ამავე კონვენციის მესამე მუხლი განმარტავს, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. მე-5 მუხლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და შესაბამის შემთხვევებში, გაფართოებული ოჯახის ან თემის წევრების, როგორც ეს გათვალისწინებულია ადგილობრივი წეს–ჩვეულებებით, მეურვეების ან კანონით ბავშვისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების პასუხისმგებლობას, უფლებებსა და მოვალეობებს, რომ სათანადოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ბავშვს მის მიერ წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელებაში და ამას აკეთებდნენ ბავშვის განვითარებადი უნარების შესაბამისად. მე-7 მუხლის განმარტავს ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს, და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება. მე-8 მუხლი განმარტავს მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. მე-9 მუხლი განმარტავს მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება შეიძლება ჩაითვალოს ოჯახური ცხოვრების კონკრეტულ ფორმად, მაგრამ იგი ცალკე არის დაცული ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით, რომლის თანახმადაც: „საქორწინო ასაკს მიღწეულ მამაკაცებსა და ქალებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი ამ უფლების განხორციელების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.“ აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლი კი დამატებით წარმოგვიდგენს, რომ: „მეუღლეები სარგებლობენ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, ქორწინებასთან დაკავშირებით, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. წინამდებარე მუხლი ხელს არ უშლისსახელმწიფოებს, გაატარონ ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა ბავშვთა ინტერესებისათვის“.
კასატორი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-8 მუხლზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა მტკიცებულებებზე, რომელიც მსგავსი კატეგორიის საქმის განხილვისას უმნიშვნელოვანესია, როდესაც სასწორზე დევს ოჯახის და ბავშვის ინტერესი და საჯარო ინტერესი, როდესაც სასამართლო აფასებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებას და კანონშესაბამისობას. სწორედ საჯარო და კერძო ინტერესის პროპორციულობის დაცვით უნდა განახორციელოს სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება და დაასაბუთოს სრულად და არგუმენტირებულად მისი გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ადმინისტრაციული კანონმდებლობა, დისკრეციული უფლებამოსილების საკანონმდებლო განმარტებასთან ერთად, ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების სწორად და უშეცდომოდ განხორციელების წესსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავის უფლებამოსილებას გადააცილა და რ. ბ-ის საქმეზე ცალსახად იხელმძღვანელა კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნით. სწორედ აღნიშნულ განმარტებაშივე ნათელია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერება არ შეამოწმა, მაშინ როცა კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა ალტერნატიული სამართლებრივი შედეგებიდან აირჩიოს ყველაზე მისაღები. რა თქმა უნდა, ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეუზღუდავი. დისკრეციულ უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანი, ასევე დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, ამასთან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც რ. ბ-ის შემთხვევაში განხორციელდა. ვინაიდან ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენად ძლიერი არგუმენტები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურს, როდესაც მისი საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებით ყოფნა საშიშროებად მიიჩნია და რამდენად შეიძლება ამ არგუმენტმა გადაწონოს ოჯახისა და ბავშვების ინტერესები. ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკის განხილვა ცხადყოფს, რომ რიგ შემთხვევებში, ადმინისტრაციული ორგანო ცდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილ ფარგლებს ან ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ მოქმედებს ამ მიზნებისთვის. ამდენად, სასამართლოს მივმართავთ იმსჯელოს საქმეში არსებულ და წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, ბავშვების, ოჯახის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება. სწორედ ამ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის შეფასების შემდეგ უნდა მიეღო ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება რ. ბ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, რაც არ განხორციელდა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების უკანონობა ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ბ-ის უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 2 ნოემბრის MIA 3 17 02647399 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია რ. ბ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება. ამგვარად, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 2 ნოემბრის MIA 3 17 02647399 წერილი წარმოადგენს სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 27 იანვრის №ბს-109(კ-19) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო რ. ბ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული აქტები და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მირ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულიად აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. თუმცა, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს. ამგვარად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ამგვარად, დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობას შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში ანიჭებს უფლებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 7 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, მათი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის სამართალდაცვითი მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას კრძალავს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - ე. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 26.12.2018წ. საგადახდო მოთხოვნით მის მიერ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე