განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 14.07.2005
საქმის ნომერი
2კ-120კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 120-კოლ 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ მ. პ-სა და მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთასასამართლო კოლეგიის 2005 წ. 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 13 მაისის განაჩენით ბ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 368-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით ბ. ბ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 368-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იგი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამავე განაჩენით ბ. ბ-ძე გამართლდა სსკ-ის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

განაჩენით ბ. ბ-ეს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის გადამეტებით მტკიცებულების განადგურებისათვის, რომელიც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: 2000 წ. 13 ოქტომბერს ბათუმის კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ბ. ბ-ძე მივიდა თ. ჭ-ის სახლში, სადაც ღამით მოხდა ყაჩაღური თავდასხმა.

ბ. ბ-ემ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, გამომძიებლის გარეშე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და არ შეადგინა ოქმი, თ. ჭ-ის სახლიდან წაიღო მტკიცებულება _ წებოვანი ლენტა, რომლითაც თავდამსხმელებმა ხელები შეუკრეს დაზარალებულებს. აღნიშნული ლენტა წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან ნივთიერ მტკიცებულებას და მასზე დარჩენილი კვალით შესაძლებელი იყო დანაშაულის გახსნა. ბ. ბ-ემ უგულებელყო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, ნივთიერი მტკიცებულება არ წარუდგინა გამომძიებელს, განზრახ გაანადგურა იგი, რამაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოსა და დაზარალებულის ინტერესები.

საბრალდებო დასკვნით ბ. ბ-ეს ბრალად ედებოდა სსკ-ის161-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, ძალადობითა და არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, შეკრების მოწყობასა და მასში მონაწილეობის განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2004 წ. 20 თებერვალს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო მოძრაობა “კ---ს”' აქტივისტებმა ბათუმში მოაწყვეს მშვიდობიანი შეკრება, რომლის დაშლა დაიწყეს აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სპეციალური რაზმის წევრებმა. ბ. ბ-ს ხელმძღვანელობით მოქმედმა პირებმა მომიტინგეები დაარბიეს. ძალადობით, ხელკეტებისა და ქვების გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს მათ კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებების განხორციელების საშუალება. ბ. ბ-ემ ამ მოქმედებით _ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით არსებითად დაარღვია ფიზიკური პირებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

საკასაციო საჩივრით ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. პ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ბ. ბ-ს ბრალდების საქმის ხელახალი განხილვისათვის აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.

პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამართლა ბ. ბ-ძეE სსკ-ის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. მისი აზრით, სასამართლომ არ შეაფასა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ბ. ბ-ის ბრალეულობას; სასამართლომ არ გამოარკვია, თუ რატომ გადათქვეს მოწმეებმა ჩვენებები. მან ყოველგვარი კრიტიკის გარეშე სარწმუნოდ მიიღო მოწმე ი. ხ-ას ჩვენებაც, რომელიც დაინტერესებული იყო საქმის შედეგით, ვინაიდან იგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო ბ. ბ-სთან.

პროკურორს მიაჩნია, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული საქმის გარემოებები, ყველა ის მტკიცებულება, რითაც დასტურდება ბ. ბა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. ბ-ეE ითხოვს განაჩენის გაუქმებასსსკ-ის 368-ე მუხლითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილებში და საქმის შეწყვეტას. ბ. ბ-ძე აღნიშნავს, რომ უკანონოდ არის მსჯავრდებული. მას ბრალდება ხელოვნურად შეუქმნეს. ე.წ. “სკოჩი” ჭ-ის ბინიდან არც წაუღია, არც გაუნადგურებია და ა. შ.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. დ-მა მხარი დაუჭირა ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ მ. პ-ის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-ემ მხარი დაუჭირა ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს სსკ-ის 368-ე მუხლითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილებში განაჩენის გაუქმებას, საქმის წარმოებით შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ განაჩენი ბ. ბ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოებების გამო: პალატა ეთანხმება პროკურორის თანაშემწის _ მ. პ-ს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ბ. ბ-ის სსკ-ის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლებას, დამატებით გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. სასამართლო კოლეგიამ განმეორებით უნდა დაკითხოს მოწმეები, რომლებიც წინასწარი გამოძიების დროს ამხელდნენ ბ. ბ-ეს დანაშაულის ჩადენაში; გაარკვიოს მათი მხრიდან ჩვენებების შეცვლის მიზეზი და რამდენად საფუძვლიანია პროკურორის საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ მოწმე ი. ხ-მ ჩვენება შეცვალა იმიტომ, რომ იგი ბ. ბ-სთან სამსახურებრივად იყო დაკავშირებული.

მსჯავრდებული ბ. ბ-ძე ჩვენებებსა და საკასაციო საჩივრებშიც კატეგორიულად უარყოფს თ. ჭ-ის სახლიდან ე.წ. “სკოჩის” წაღებას და მის განადგურებას. იგი აღნიშნავს, რომ დაზარალებული თ. ჭ-ლი მოწმედ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ დაიკითხა მაშინ, როდესაც ბრალდების მოწმეებმა უარყვეს მისი მონაწილეობა მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში. ბ. ბ-ძე თვლის, რომ წინასწარმა გამოძიებამ ხელოვნურად გაუზარდა ბრალდება, რათა გაემართლებინა მისი უკანონო პატიმრობა.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ბ. ბ-ის ჩვენებების საფუძვლიანობა. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლე ნ. დ-ძე დარჩა განსაკუთრებულ აზრზე, ვინაიდან უსაფუძვლოდ მიიჩნია ბ. ბ-ს მსჯავრდება სსკ-ის 368-ე მუხლითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელმეორედ განხილვისას საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, ბ. ბ-ის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები, მოპოვებული მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად უნდა შეაფასოს და საქმეზე მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 13 მაისის განაჩენი ბ. ბ-ის მიმართ გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას. აღკვეთი ღონისძიება _ დაპატიმრება _ ბ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.