საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.07.2005
საქმის ნომერი
2კ-13კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 13-კოლ 5 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ზ. ბ-ისა და მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ვ. კ-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც: გ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი (1) წლით, თანამდებობის უფლების ჩამორთმევით, ვადით ერთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული სასჯელი შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი (1) წელი.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: გ. მ-მა, მუშაობდა რა გურჯაანის რაიონის სოფ. --- საკრებულოს თავმჯდომარედ, 2003წ. 16 მაისს ქონების მართვის სამინისტროს თანხმობის გარეშე, გამგეობის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭერმისხევზე მიკროჰესის ასაშენებლად სოფლის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 13 იანვრის -- ბრძანებულების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის 2000წ. 13 სექტემბრის -- ბრძანების საფუძველზე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გამგებლობაში გადაცემული სარწყავი სისტემიდან ამოეღო 1000 მეტრი სიგრძის მილი. აღნიშნულის საფუძველზე მოსახლეობის დახმარებით 2003წ. ბოლომდე ამოიღო 755 მეტრი სხვადასხვა დიამეტრის მილი, რომლის ღირებულება, სამონტაჟო სამუშაობის ხარჯების ჩათვლით, შეადგენს 13 363 ლარს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

გ. მ-ის აღნიშნული ქმედება სასამართლომ დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე ზ. ბ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის აშკარა სიმსუქუბის გამო. იგი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: გ. მ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ, არ განაცხადა თანხმობა ზიანის ანაზღაურებაზე, რის გამოც არ არსებობს საშეღავათო გარემოებების გამოყენების საფუძველი და მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ვ. კ-ძე და გ. დ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ისინი მიუთითებენ, რომ გ. მ-ლს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. 1000 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მილების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სოფლის საკრებულომ, ხოლო საკრებულოს დადგენილება არ ყოფილა გაუქმებული ან შეჩერებული. უფრო მეტიც, ამოღებული მილები უნდა გამოყენებულიყო სოფლის ჰესის მშენებლობისათვის. თუკი სადავო საკითხი წარმოიშობოდა, ის უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. გ. მ-ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-ემ მხარი დაუჭირა პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

ადვოკატებმა _ გ. დ-მა და ვ. კ-ემ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულმა გ. მ-მა აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, მილების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სოფლის საკრებულომ; ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მილები გადაცემული იყო საკრებულოს გამგებლობაში და უნდა მოხმარებოდა სოფლის ჰესის მშენებლობას. მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გ. მ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 13 იანვრის -- ბრძანებულებით, ასევე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის 2000წ. 13 სექტემბრის -- ბრძანებით სახელმწიფო საკუთრების შიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამელიორაციო ქსელი, მარტივი ტიპის დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატუმბი სადგურები, მცირე მელიორაციის ჭაბურღილები და ლოკალური სისტემები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს გამგებლობაში გადაეცემა შემდგომში აღნიშნული ქონების დანიშნულების შენარჩუნების პირობით, უსასყიდლო უზურფაქტურის ხელშეკრულებით სამელიორაციო ასოციაციებზე გადაცემის მიზნით.

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2001წ. 9 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოდან სოფ. --- საკრებულოს ბალანსზე გადაეცა სოფ. --- ტერიტორიაზე არსებული სარწყავი სისტემის მილსადენი და შიდა სამეურნეო ქსელი. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ კომისიამ გადასცა, ხოლო საკრებულოს ადგილობრივი მმართველობის ორგანომ გამგებლობაში ჩაიბარა: 1. ს. ---ის სატუმბი სადგური _ ექსპლოატაციაში შესვლის წელი _ 1982 პირველადი საბალანსო ღირებულება 162.80; შენობები დაშლილია და განადგურებული; მილსადენები კოროზირებულია; ელექტრო და მექანიკური მოწყობილობა არ არსებობს.

საქმეში მოთავსებულია სოფ. ---ის გამგეობის სხდომის 2003წ. 16 მაისის ¹-- დადგენილება (ოქმი ¹--), რომელშიც მითითებულია შემდეგი: „მომხსენებელი, ჭერმის საკრებულოს გამგებელი გ. მ-ლი აღნიშნავს: სოფ. ---ში 2 წელზე მეტია, რაც შუქი აღარ გვაქვს იმის გამო, რომ კაჭრეთი_ჭერმის 24 _ კილომეტრიანი ელექტროქსელი მთლიანად გაიძარცვა, სოფ.ი დარჩა უშუქოდ, რამაც სოფლის მიგრაცია გამოიწვია.

ჩვენი ძალებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, უნდა ჩავდგათ ჭერმის ხევზე პატარა მიკროჰესი, რომელიც ჩვენს სოფ.ს ელექტროენერგიით დააკმაყოფილებს. ამისათვის საჭიროა ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სარწყავი სისტემიდან ამოვიღოთ 1000 მ. მილი, რომელიც კოროზირებულია და ექვემდებარება ჩამოწერას. სოფ.ში არსებული 20 კვ. ელექტროგენერატორის დამზადებაში კი მოგვეხმარება გურჯაანის რაიონის გამგეობა და გურჯაანის მექანიკური ქარხანა.

აზრი გამოთქვეს: ვ. მ-მა, ნ. ჯ-ემ, ა. ჯ-ემ. მათ აღნიშნეს, რომ შუქის უქონლობის გამო სოფ.ში აღარ დარჩა ახალგაზრდობა, არსებობს სკოლის დაკეტვის საშიშროება, რაც გამოიწვევს სოფლის დაშლას.

საკრებულოს გამგეობამ დაადგინა: 1. ამოღებულ იქნეს სოფლის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი ქსელიდან 1000 მეტრი ამორტიზებული მილი, სოფ.ში მიკროჰესის მშენებლობისათვის; 2. ეთხოვოს გურჯაანის რაიონის --- ქარხანას, დაგვეხმაროს მიკროჰესის მშენებლობისათვის შემკრები ავზისა და ელექტროგენერატორის დამონტაჟებაში“.

პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საკრებულოს გამგეობის ზემოაღნიშნული დადგენილებიდან ჩანს, მილების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა გ. მ-მა, არამედ _ საკრებულოს გამგეობამ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტიდან ჩანს, რომ არსებული ამორტიზებული მილები გამგებლობაში გადაეცა სოფ. ---ის გამგეობას.

მხოლოდ ის გარემოება, რომ ფაქტობრივად ამორტიზებული მილები მისი პირდაპირი დანიშნულებით 1982 წლიდან არ ყოფილა გამოყენებული, ამოღებულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეუთანხმებლად, არ შეიძლება იგი განხილულ იქნეს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილება მილების ამოღების შესახებ მიიღო კოლეგიალურმა ორგანომ, საკრებულოს გამგეობამ, რომლის დადგენილება არ ყოფილა გასაჩივრებული, შეჩერებული ან გაუქმებული და შესულია კანონიერ ძალაში.

აქედან გამომდინარე, როდესაც კოლეგიალურმა ორგანომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ ყოფილა გაუქმებული და ემსახურებოდა სოფლის მიგრაციის შეჩერებას, გამოიყენებოდა სოფლის საკეთილდღეოდ, არ შეიძლება იგი სოფლის გამგებლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი გამხდარიყო. თუ საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით რომელიმე მხარემ განიცადა მატერიალური ზიანი, აღნიშნული საკითხი უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განაჩენი გ. მ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს, არ მოიპოვება მისი დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ადვოკატების საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წილს 28 დეკემბრის განაჩენი გ. მ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა.

გ. მ-ლს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის XXVIII თავით გათვალისწინებული შედეგები, კერძოდ, რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.