საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 110-კოლ 19 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ბ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 3 მაისის განაჩენზე ბ. მ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 3 მაისის განაჩენით ბ. მ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ბ. მ-ეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: მან ჩაიდინა პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ქრთამის აღება ფულის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისა და შეუსრულებლობისათვის, რომელიც მოხელეს უნდა შეესრულებინა და შეეძლო შეესრულებინა, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.
ბ. მ-ემ დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: იგი 2003წ. 9 ივნისიდან მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანამდებობაზე და იყო მოხელე. 2004წ. 13 ივლისს, მისი დავალებით, ამავე პროკურატურის გამომძიებელმა ზ. უ-მ, წინასაგამოძიებო შემოწმების ჩატარების მიზნით, წარმოებაში მიიღო სასტუმრო კომპლექს “---ის“ დაცვის თანამშრომლების მიერ საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე არსებული მასალები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და აღნიშნული ფაქტის შემოწმების დროს მას ურთიერთობა ჰქონდა სასტუმროს დაცვის უფროს ზ. ქ-სთან. გამომძიებელ ზ. უ-ეს საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდნენ ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორი ბ. მ-ძე და მისი მოადგილე დ. გ-ლი, რომლებიც ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ზ. ქ-საგან ქრთამად აეღოთ ფული _ 2000 აშშ დოლარის ოდენობით მოქმედებისათვის, რომელიც, როგორც მოხელეებს, უნდა შეესრულებინათ და შეეძლოთ, შეესრულებინათ, კერძოდ, შემოწმების ჩატარების შემდეგ მიეღოთ საქართველოს სსსკ-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. ქ-სთან ურთიერთობა ჰქონდათ როგორც ბ. მ-ეს, ასევე მის მოადგილეს – დ. გ-ლს და გამომძიებელ ზ. უ-ეს, რომლებიც ხსენებულ პიროვნებას შეჰპირდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი 2000 აშშ დოლარს ქრთამად მისცემდა მათ, მისი და სასტუმრო კომპლექს “---ის“ დაცვის წევრების მიმართ არ განახორციელებდნენ სისხლისსამართლებრივ დევნას და მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მათ მიერ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
2004წ. 29 ივლისს ზ. ქ-ემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს. დამნაშავეთა მხილების მიზნით, ოპერატიულმა სამსახურმა დაგეგმა ღონისძიების ჩატარება. ხსენებული სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში სპეციალური ქიმიური ნივთიერებით წინასწარ დამუშავდა 20 ცალი აშშ დოლარის კუპიურა, მათზე გაკეთდა ფარული აღნიშვნები და გადაეცა ზ. ქ-ეს. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის თანამშრომლების – პროკურორ ბ. მ-ის, მისი მოადგილის – დ. გ-სა და გამომძიებელ ზ. უ-სათვის ქრთამის სახით გადასაცემად. იმავე დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ზ. ქ-იძე მივიდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, სადაც შეხვდა დ. გ-ლს, რომელმაც, ვინაიდან იმ დროს თავისი საქმიანობით იყო დაკავებული, ზ. ქ-ეს მიუთითა, რომ მისულიყო გამომძიებელ ზ. უ-სთან. პროკურორ ბ. მ-ესა და მის მოადგილე დ. გ-ლთან წინასწარი შეთანხმებით, გამომძიებელმა ზ. უ-ემ თავის სამუშაო კაბინეტში ზ. ქ-სთან შეხვედრის დროს მისგან ფულის სახით ქრთამად აიღო 2000 აშშ დოლარი, 20 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რის შემდეგაც ზ. ქ-ემ დატოვა გამომძიებლის ოთახი და გავიდა პროკურატურის შენობიდან. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიულმა თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად მოახდინეს იმ 20 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურის ამოღება, რომლებიც პირთა ჯგუფთან – პროკურორ ბ. მ-სა და მის მოადგილე დ. გ-თან წინასწარი შეთანხმებით ზ. უ-ემ ქრთამად აიღო ზ. ქ-ისაგან. ამასთანავე, პირთა ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენაში მხილებული პირები – პროკურორი ბ. მ-ძე, მისი მოადგილე დ. გ-ლი და გამომძიებელი ზ. უ-ძე მიიყვანეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი კ. კ-ძე აღნიშნავს, რომ განაჩენს ბ. მ-ის მიმართ საფუძვლად დაედო დ. გ-ის ჩვენება, რომლის უტყუარობის დადასტურება სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა დ. გ-ის გამოუცხადებლობის გამო. საქმეში არ მოიპოვება, აგრეთვე, ბ. მ-ის ბრალის დამადასტურებელი სხვა უტყუარი მტკიცებულებებიც. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებული ბ. მ-ძე დაეხმარა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში, მან აღიარა და მოინანია დანაშაული, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა – მის კმაყოფაზე იმყოფებიან ავადმყოფი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს, ბ. მ-ეს ეკმაროს საკასაციო პალატის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის მოხდილი სასჯელი და იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა კ. კ-ემ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, ითხოვა ბ. მ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა ან სასჯელის შემცირება და მისი პატიმრობიდან განთავისუფლება.
მსჯავრდებულმა ბ. მ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს მხოლოდ მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირებისა და მისი პატიმრობიდან განთავისუფლების ნაწილში.
პროკურორმა კ. მ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა ბ. მ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 3 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ზ. ქ-სა და ზ. უ-ის როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლო პროცესზე მიცემული მამხილებელი ჩვენებები, თავად მსჯავრდებულ ბ. მ-ის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება, სადაც მან თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე საქმეში არსებული მასალები, მათ შორის – აუდიოჩანაწერის რეპროდუქციის ოქმი, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია ბ. მ-ის მიერ დ. გ-სა და ზ. უ-სთან წინასწარი შეთანხმებით ქრთამის აღების ფაქტი. მით უფრო, რომ მსჯავრდებული ბ. მ-ძე არც საკასაციო პალატის სხდომაზე სადავოდ არ ხდიდა მითითებულ გარემოებას და ითხოვდა მის მიმართ მხოლოდ სასჯელის შემცირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. მ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ ბ. მ-ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს სასამართლომ სრულყოფილად გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შესაძლებლად მიიჩნია მისთვის შერაცხული მუხლით დაწესებული ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ მოიპოვება ბ. მ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის კვლავ შემსუბუქების საფუძველი და არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს ამ ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 3 მაისის განაჩენი ბ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.