დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.03.2020
საქმის ნომერი
ბს-931(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-931(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ-ემ 2018 წლის 1 თებერვალს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 იანვრის №... ბრძანების (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის უფროსი სპეციალისტის ა. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება აღადგინოს ა. შ-ე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში იმავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. ამავე სარჩელით მოითხოვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის დავალდებულება ა. შ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის 2018 წლის 3 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 700 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 იანვრის №... ბრძანება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან; დაევალა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, აღადგინოს ა. შ-ე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან; დაევალა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. შ-ის სასარგებლოდ, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება, 2018 წლის 3 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. ამგვარად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა განჩინება.

განსახილველი დავის ძირითადი საგანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის უფროსი სპეციალისტის ა. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2018 წლის 3 იანვრის №... ბრძანების კანონიერება. სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია ა. შ-ის მიერ დაკავებული შტატის შემცირება. საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის განხორციელების მარეგულირებელი ნორმები მოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტით, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურულიერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

მართებულია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი - შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების მუხლით, მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ადგილი არ ჰქონია საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც ადგილი ექნებოდა საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი ფუნქციურად განსხვავებული სტრუქტურის შექმნას. 2017 წლის 27 დეკემბერს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების ახალი დებულებები და საშტატო ნუსხა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა, რომლითაც შემცირდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის უფროსი სპეციალისტის ა. შ-ის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების საშტატო რიცხოვნება განისაზღვრა 6 (ექვსი) ერთეულით, მათ შორის 1 (ერთი) ერთეული -მეორადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, 3 (სამი) ერთეული - მეორადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკური განვითარების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 2 (ორი) ერთეული - მეორადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკური განვითარების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ რეორგანიზაციას არ მოყოლია საჯარო მოხელის თანამდებობის პრეტენდენტი კანდიდატის მიმართ რაიმე განსაკუთრებული, მანამდე არარსებული პროფესიული თუ სპეციფიური ცოდნის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოთხოვნის წამოყენება და სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგი მხოლოდ 1 საშტატო ერთეულის შემცირებაში გამოიხატა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო შტატი სრულად არ უქმდება და ფუნქციურად არ იცვლება, ადმინისტრაციული ორგანო თანამშრომელთა შერჩევის პროცესში სარგებლობს ფართო დისკრეციით და უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც განაგრძობს დარჩენილ საშტატო ერთეულებზე საქმიანობას. საქმეზე დადგენილი გარემოებების შესწავლით დასტურდება, რომ ადმინისტარციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ დაადგინა ქმნიდა თუ არა რეორგანიზაცია ა. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის თანახმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში, ა. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასევე, არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მოთხოვნები, კერძოდ: აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულია მობილობის წესი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ხოლო, მე-5 პუნქტის თანახმად, მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ ა. შ-ის მიმართ არ განხორციელებულა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურები. კასატორმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართალწარმოების ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ა. შ-ისათვის შეთავაზებული იქნა იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, იმავე საჯარო დაწესებულებაში შესთავაზეს დაბალ თანამდებობაზე გადასვლა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამგვარად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ ა. შ-ის მიმართ არ განხორციელებულა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები, ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს ა. შ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი ან/და დაბალი თანამდებობა, რადგან საქმეზე დადგენილ იქნა, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში არაერთი თანამდებობა შეესაბამება ა. შ-ის კვალიფიკაციას. ამასთან, მერიამ 2018 წლის თებერვლის თვეში გამოაცხადა კონკურსი, მაგრამ არ მომხდარა ა. შ-ისთვის აღნიშნული თანამდებობის შეთავაზება, ხოლო 2018 წლის ივლისში კი მერიამ კონკურსი გამოცხადდა ზუსტად იმ კატეგორიისა და იმ პოზიციის ვაკანსიაზე, რომელი პოზიციიდან გათავისუფლდა ა. შ-ე.

ასევე დადგენილია, რომ ა. შ-ე იყო აქტიური მუშაკი. მის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს შევსებულ ანგარიშის ფორმაში მითითებულია, რომ შეიქმნა ქალაქის ტურისტული ვებგვერდი, დაიბეჭდა მასალები, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის შედეგად გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ქალაქში, ასევე ინფო ტურების შედეგად ჩატარდა სარეკლამო სტატიები ...ში ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე. შეიქმნა ააიპ „...ი“. ჩატარდა ფორუმები და ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალი. უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოხელე ხასიათდება დამაკმაყოფილებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. ამგვარად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე