საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 51 1 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა პროკურორ ი. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ასათიანის სახელობის ს\კ ინსტიტუტთან არსებული სტაციონარული (კომისიური) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და დ. ა-ლს იძულებითი მკურნალობის რეჟიმი შეეცვალა იმდაგვარად, რომ იგი იძულებითი მკურნალობისათვის მოთავსებულ იქნა ბ. ნ-ის სახელობის ქუტირის ჯანმრთელობის ცენტრში გაძლიერებული მეთვალყურეობით.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ნოემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ დ. ა-ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 334-ე და 273-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-17,104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შეეფარდა იძულებითი მკურნალობა ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.
2005წ. 6 იანვარს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს\კ ინსტიტუტთან არსებული სტაციონარული და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, მიჩნეულ იქნა, რომ ამჟამად დ. ა-ლს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ სჭირდება მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა. იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას ბ. ნ-ის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პირობებში გაძლიერებული მეთვალყურეობით.
სასამართლო კოლეგიამ 2005წ. 27 იანვრის განჩინებით დააკმაყოფილა კომისიური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და დ. ა-ლს შეუცვალა იძულებითი მკურნალობის რეჟიმი იმგვარად, რომ იგი იძულებითი მკურნალობისათვის მოთავსებულ იქნა ბ. ნ-ის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაძლიერებული მეთვალყურეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი ი. დ-ნი ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ დ. ა-ის მიმართ მიღებული განჩინების გაუქმების და საქმის იმავე კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაინიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა სტაციონარული წესით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მკურნალობის რეჟიმის შეცვლის საკითხი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა თ. მ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დ. ა-ის მიმართ დადგენილი განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ დ. ა-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის რეჟიმის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით ჩაატარა კომისიური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელმაც დაასკვნა, რომ ამჟამად დ. ა-ლი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ საჭიროებს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იძულებით მკურნალობას. ამას მიუთითებს მისი კონტაქტურობა, სწორი ორიენტაცია, ფსიქიკური სიმპტომატიკის დეზაქტუალიზაცია, აგრესიული ტენდენციების არქონა, არასრული კრიტიკა. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დ. ა-ლი საჭიროებს იძულებით მკურნალობას ბ. ნ-ის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პირობებში გაძლიერებული მეთვალყურეობით. ამ დასკვნის რეალობა დაადასტურა ექსპერტმა იათამზე სურგულაძემ, რომელიც დაიკითხა სასამართლოში საკითხის განხილვისას.
პალატა თვლის, რომ კომისიური ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და არც ახალი ექსპერტიზის დანიშვნის კანონიერი საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.
აქედან გამომდინარე, არ არსებობს პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 679-ე მუხლის მესამე ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 იანვრის განჩინება დ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.