საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 110-აპ 26 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ზ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის დადგენილება ე. ზ-ის სრულად რეაბილიტაციისა და ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 10 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის ¹-- მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან, რომლის დირექტორადაც მუშაობდა ე. ზ-ძე, მოხდა მსჯავრდებულთა გაქცევა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა“, “გ“, “თ“, “ლ“ ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილითა და სხვა მუხლებით. ხსენებულ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ე. ზ-ძე სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2004წ. 20 მაისს ე. ზ-ს მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით – სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო ( ე.ი. მარეაბილიტირებული მოტივით).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის დადგენილებით ე. ზ-ძე რეაბილიტირებულად ცნეს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ამავე დადგენილებით დაკმაყოფილდა ე. ზ-ის მოთხოვნა ცხრა თვის ხელფასის იძულებითი განაცდურის – 2547 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების შესახებ.
აღნიშნული დადგენილება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
კასატორი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზ. ა-ძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს არანაირი კავშირი არ აქვს ე. ზ-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან; ამიტომ რაიონულ სასამართლოს მისთვის არ უნდა დაეკისრებინა თანხის გადახდა ედემ ზამბახიძის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას.
პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი ნ. მ-ნი მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს იუსტიციის სამინისტროსათვის ე. ზ-ის სასარგებლოდ ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების ინსპექტორი ი. კ-ძე მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.
რეაბილიტირებულ ე. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ტ-უა ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.
პროკურორი ბ. გ-ძე შუამდგომლობს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შესწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი თავის მოთხოვნას სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების თაობაზე ასაბუთებს იმით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არანაირი კავშირი არა აქვს რეაბილიტირებულ ე. ზ-ს სასარგებლოდ სახელფასო განაცდურის ანაზღაურებასთან.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციამ საფუძვლიანად უარყო კერძო საკასაციო საჩივრის ეს პოზიცია საქართველოს სსსკ-ის 223-ე მუხლში მოცემულ წესზე დაყრდნობით. კერძოდ, კანონის ამ ნორმის თანახმად, რეაბილიტირებულთათვის უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებულ ქონებრივ ზიანს (მათ შორის – იძულებით განაცდურს) სრული მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები. ამდენად, პალატა თვლის, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ედემ ზამბახიძის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და ტოვებს მას უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის დადგენილება ე. ზ-ის სრულად რეაბილიტაციისა და ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.