საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.05.2005
საქმის ნომერი
2კ-114დად.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 114-დად 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა გლდანი_ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანაშემწის თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი გლდანი_ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის ¹-- დადგენილების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 18 აპრილს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას განცხადებით (თანდართულ მასალებთან ერთად) მიმართა გ.კ-ვას, რ.გუგუნავასა და ვ. ტ-ვას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. განცხადებაში იგი უთითებდა, რომ ზემოაღნიშნული პირები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს 2003წ. 14 თებერვალს საპროცესო კანონმდებლობის არსებითი მოთხოვნების დარღვევით. მათი დაკავებისას, პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე, ჩვენების იძულებით ჩამორთმევის მიზნით, მათზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. პოლიციის მიერ შეშინებულმა გ.კ-ამ, რ.გ-ამ და ვ.ტ-ამ შემდგომში, გამომძიებლის მიერ დაკითხვის დროსაც, რომ არ გაგრძელებულიყო მათი ცემა-წამება, არ შეცვალეს მოკვლევისას მიცემული არასწორი ჩვენება. დაცვის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების ცნობის მიხედვით, მათ მიღებული აქვთ სხეულის დაზიანებები.

ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 2003წ. 14 თებერვალს გ.კ-ვა, რ.გ-ვა და ვ.ტ-ვა მეტროს სადგურ “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, --- ქუჩის ჩიხში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ავტომანქანის მძღოლ გ-ლს და ძალადობის გამოყენებით მოსთხოვეს ფული. გ-მა მათ გადასცა ორი ლარი, რაზეც განაწყენებულმა ბოროტმოქმედებმა იგი დაჭრეს, ხოლო ავტომანქანიდან გადასვლისას ერთ-ერთმა ამოგლიჯა მაგნიტოფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამივე ბოროტმოქმედი დააკავეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა. დაკავებისას დამნაშავეებმა მათ გაუწიეს წინააღმდეგობა, რის გამოც ისინი პოლიციელებმა იძულების წესით დააკავეს. მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. მოკვლევის მიერ დადგინდა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე რ.გუგუნავამ თავისივე დანით მარცხენა ხელზე მიიყენა ჭრილობები და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს დახმარება. მოკვლევამ ვერ დაადგინა პოლიციელთა მხრიდან დაკავებულებისათვის დაზიანების მიყენების ფაქტი, რამდენადაც რ.გუგუნავამ აჩვენა, რომ სანამ პოლიციის თანამშრომლები დააკავებდნენ, მანამდე შეეცადა ვენების გადაჭრას. ვ.ტ-ამ და გ.კ-ამ განმარტეს, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებისას და მას შემდეგაც მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა, ხოლო თბილისის ¹-- საპყრობილეში სამორიგეო ნაწილის ექიმის მიერ შემოწმებისას აღმოჩენილი დაზიანებები, მათივე განმარტებით, მიიღეს დაკავებამდე სხვადასხვა დროს. აღნიშნულის საფუძველზე, 2003წ. 30 აპრილს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, გ.კ-ას, რ.გ-სა და ვ.ტ-ას სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის _ კ.წ-ის მიერ 2003წ. 30 აპრილს გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება და მასალები დაუბრუნდა პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლომ მიუთითა ჩატარებული მოკვლევის არასრულყოფილებაზე, კერძოდ: ვერ დადგინდა, სად და როდის მიიღეს დაზიანებები გ.კ-ამ, რ.გ-ამ და ვ.ტ-ამ _ დაკავებისას, დაკავების შემდეგ, თუ დაკავებამდე. აღნიშნულის გასარკვევად მოსამართლემ მიუთითა პირადი ჩხრეკის დამსწრე მოწმეებისა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დაკითხვის აუცილებლობაზე. ასევე, უნდა მოხდეს გ.კ-ას, რ.გ-სა და ვ.ტ-ას დაპირისპირება მათ წამებაში მონაწილე პოლიციელებთან, რომლებზეც ისინი მიუთითებენ, რომ შეუძლიათ ამოიცნონ. სასამართლო ითხოვს შეფასდეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტიც.

კერძო საკასაციო საჩივრის ავტორი თ.ნ-ძე ითხოვს თბილისის გლდანი_ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილების გაუქმებას და 2003წ. 30 აპრილის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ძალაში დატოვებას.

ადვოკატი ა.შ-ლი არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს და ითხოვს გლდანი_ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, მოუსმინა კერძო საკასაციო საჩივრის ავტორს და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საკასაციო საჩივარში სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილების გაუქმების საფუძვლად კასატორი არასწორად უთითებს, რომ როგორც მოკვლევის, ისე სასამართლოში საჩივრის განხილვის დროს ყველა იმ კითხვას გაეცა პასუხი, რომელთა ხელახალ გარკვევას სასამართლო ავალებს პროკურატურას. ამ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან გ.კ-ას, რ. გ-ასა და ვ.ტ-ას სხეულის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა ჩატარებულია არასრულყოფილად. პასუხი არ არის გაცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე და ადვოკატის მიერ დაყენებულ შემდეგ საკითხებზე: ბალდებულები დამატებით დეტალურად არ დაუკითხავთ მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ: სად, როდის და ვის მიერ განხორციელდა აღნიშნული; ასევე, არ დაუკითხავთ პირადი ჩხრეკის დამსწრეები და ის პოლიციელები, რომლებიც გ.კ-ას, რ.გ-ასა და ვ.ტ-ას დაკავებაში მონაწილეობდნენ; არ შეფასებულა ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გ. კ-საგან არ მიუღიათ ახსნა-განმარტება.

გ.კ-ას, რ.გ-სა და ვ.ტ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ასევე უთითებს იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებულ პირებს შეუძლიათ იმ პოლიციელების ამოცნობა, ვინც მათზე ფიზიკურ ზემოქმედებას ახორციელებდნენ და აღნიშნულის გასარკვევად ითხოვს საპროცესო მოქმედებების ჩატარებას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს დადგენილება იმავე რაიონული პროკურორის თანაშემწის _ კ.წ-ის მიერ 2003წ. 30 აპრილს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი დადგენილების გაუქმებისა და არაღძრული მასალების პროკურატურისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაბრუნების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით, 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 2 თებერვლის დადგენილება, რომლითაც გლდანი-ნაძალადევის

რაიონის პროკურორის თანაშემწის _ კ.წ-ის 2003წ. 30 აპრილის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება გაუქმდა და საქმის მასალები დაბრუნდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.